განახლდა: 20/11/2026
ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარე საიმონსის ობსერვატორიამ (Simons Observatory) სრულფასოვანი სამეცნიერო დაკვირვებები დაიწყო, ოთხი ტელესკოპის დახმარებით, რომლებიც რელიქტური გამოსხივების – ადრეული სამყაროდან შემორჩენილი უძველესი სინათლის შესასწავლად არის განკუთვნილი. სულ რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, მკვლევრებმა ცის ცალკეული უბნების რუკები მიიღეს, რომლებსაც უფრო დაბალი ხმაურის დონე აქვს, ვიდრე ევროპული კოსმოსური ტელესკოპის, „პლანკის“ (Planck) მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს.

ობსერვატორია ზღვის დონიდან დაახლოებით 5200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აღჭურვილობის ორწლიანი გამართვისა და შემოწმების შემდეგ, ოთხივე ტელესკოპი საშტატო რეჟიმში მუშაობს. საერთაშორისო პროექტი უმეტესად საიმონსის ფონდის (Simons Foundation) მიერ ფინანსდება, ამერიკული სამეცნიერო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების კვლევითი ინსტიტუტების მონაწილეობით.
მიკროიტალღური გამოსხივების ტემპერატურა 2,7 კელვინია, აბსოლუტურ ნულზე ცოტა მეტი. ის ერთგვაროვანია (იზოტროპული), თუმცა მცირე გადახრების დაფიქსირება ტემპერატურაში მაინც შესაძლებელია (სხვადასხვა ფერის ადგილები), რაც მისი შემადგენლი ენერგია-მატერიის რაოდენობის, ქცევის, ევოლუციისა და თვისებების ანაბეჭდიც არის.

რელიქტური გამოსხივება, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 380 ათასი წლის შემდეგ წარმოიქმნა, როდესაც სამყარო საკმარისად გაცივდა იმისთვის, რომ სინათლეს სივრცეში თავისუფლად გავრცელება შესძლებოდა. მისი გაფართოების მილიარდობით წლის განმავლობაში ამ გამოსხივების ტალღის სიგრძე გაიზარდა და დღეს იგი მიკროტალღურ დიაპაზონში დაიკვირვება. მისი ტემპერატურისა და პოლარიზაციის მცირე განსხვავებები სამყაროს შემადგენლობის, ასაკისა და ადრეული ისტორიის კვლევის საშუალებას იძლევა (დიდი აფეთქება – მოწმის მონათხრობი).
ობსერვატორია აღჭურვილია ექვსი მეტრი დიამეტრის სარკის მქონე ერთი დიდი ტელესკოპითა და დაახლოებით ნახევარმეტრიანი აპერტურის მქონე სამი მცირე ტელესკოპით. ერთად ისინი მიკროტალღური გამოსხივების 98 ათას დეტექტორს იყენებენ – 16-ჯერ მეტს, ვიდრე წინამორბედი პროექტი “ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპი” (Atacama Cosmology Telescope). დიდ ტელესკოპს შეუძლია მისთვის ხელმისაწვდომი ცის დაახლოებით ნახევარი ყოველ ორ დღეში ერთხელ დაათვალიეროს.
მკვლევართა მთავარი ამოცანა კოსმოსური ინფლაციის კვალის ძიებაა – სამყაროს არსებობის პირველ წამებში მისი უკიდურესად სწრაფი გაფართოების სავარაუდო პერიოდისა (ყოვლისშემძლე ინფლაცია). თეორიული მოდელების თანახმად, ამ პროცესს შეეძლო პირველადი გრავიტაციული ტალღების წარმოქმნა, რომლებმაც რელიქტური გამოსხივების პოლარიზაციაში B-მოდების სახელით ცნობილი განსაკუთრებული სურათი დატოვეს. ასეთი სიგნალი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. მის ძიებას ართულებს ვარსკვლავთშორისი მტვრისა და გრავიტაციული ლინზირების გავლენა, რომელსაც ასევე შეუძლია B-მოდების შექმნა. შესაძლო პირველადი სიგნალის სხვა ეფექტებისგან გასამიჯნად მკვლევრებს დაკვირვებების დამატებითი წლები დასჭირდებათ (გრავიტაციული ტალღები თუ მტვერი?!).
პირველი შედეგები უკვე სცდება ადრეული სამყაროს კვლევის ფარგლებს. დიდმა ტელესკოპმა ირმის ნახტომის პოლარიზებული მიკროტალღური გამოსხივების დეტალური რუკები მიიღო (ელექტრომაგნიტური ტალღების პოლარიზაცია), რაც ჩვენი გალაქტიკის მაგნიტური ველების შესწავლის საშუალებას იძლევა (ჩვენი გალაქტიკის მაგნიტური ველი ”პლანკისგან”). ობსერვატორიამ ასევე დააფიქსირა ვარსკვლავების ანთებები, ზემასიური შავი ხვრელის მახლობლად მიმდინარე აქტივობა და ასტეროიდების მოძრაობა.
2027 წელს, კვლევითი კომპლექსის კიდევ სამი მცირე ტელესკოპით შევსება იგეგმება. დაკვირვებების გაფართოებული პროგრამა შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მონაცემთა მოცულობას პირველადი გრავიტაციული ტალღების კვალის საძიებლად („პლანკმა“ დიდი აფეთქების ექოს კვლევა დაასრულა).