განახლდა: 16/11/2026
მეცნიერებმა, მზის სისტემის გიგანტი პლანეტების ორბიტების მიღმა, უჩვეულო იზოტოპური შემადგენლობის მქონე წყლის უძველესი მარაგების არსებობის მტკიცებულებები აღმოაჩინეს. მკვლევრებმა, დედამიწის სტრატოსფეროში შეგროვებული კოსმოსური მტვრის 12 მიკროსკოპული ნაწილაკი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მათში შემავალი მინერალები ჟანგბადის მძიმე იზოტოპებით გამდიდრებული წყლის მონაწილეობით ჩამოყალიბდა. ეს აღმოჩენა ადასტურებს ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ადრეულ მზის სისტემაში არსებობდა წყლის განცალკევებული რეზერვუარი, რომელიც პლანეტური სისტემის შიდა რეგიონების ნივთიერებებს პრაქტიკულად არ ერეოდა (თქვენი სახლი კოსმოსური მტვრით არის სავსე).
იზოტოპები, ერთი და იმავე ქიმიური ელემენტის ატომებია, რომლებსაც აქვთ პროტონების ერთნაირი, მაგრამ ნეიტრონების განსხვავებული რაოდენობა (შესაბამისად, განსხვავებული ატომური მასა) და ერთნაირი ქიმიური თვისებები.
მტვრის ნაწილაკების წარმომავლობის დადგენა მინერალური კრისტალების შიგნით არსებული დაზიანების მიკროსკოპული კვალის მიხედვით მოხერხდა. ისინი ნივთიერებაში მზის გამოსხივების მაღალენერგიული ნაწილაკების გავლისას წარმოიქმნება. რაც უფრო დიდხანს იმყოფება მტვრის ნაწილაკი პლანეტათაშორის სივრცეში, მით მეტი მსგავსი კვალი შეიძლება დაგროვდეს მასში. აღმოჩენილი დაზიანებების რაოდენობა ნივთიერების ხანგრძლივ მოგზაურობაზე მიუთითებს, რომლის სავარაუდო წყარო ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარე კოიპერის სარტყლის ობიექტები გახდა.
შესწავლილ ნიმუშებში ჭარბობდა ჰიდრატირებული მინერალები, მათ შორის საპონიტი და სერპენტინი. ასეთი მინერალები პირველადი კლდოვანი ნივთიერებისა და წყლის ქიმიური ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება. ეს ნიშნავს, რომ წყალს გარემომცველ ქანებთან რეაქციაში შესვლა შეეძლო, თანამედროვე გარე მზის სისტემის უკიდურესად დაბალი ტემპერატურის მიუხედავად.

წყლის წარმომავლობის შესახებ მთავარი ინფორმაციის მიღება ჟანგბადის იზოტოპების ანალიზის წყალობით მოხერხდა. დედამიწაზე ყველაზე მეტად ჟანგბად-16 არის გავრცელებული, თუმცა არსებობს ორი უფრო მძიმე სტაბილური იზოტოპიც – ჟანგბად-17 და ჟანგბად-18. მინერალებში მათი თანაფარდობა ნივთიერების წარმოქმნის პირობებზეა დამოკიდებული და უძველესი ქიმიური გარემოს თავისებურებების აღდგენის საშუალებას იძლევა.
იზოტოპური ანალიზი გვიჩვენებს, რომ შესწავლილი ნაწილაკები ჟანგბადის მძიმე იზოტოპების მომატებულ წილს შეიცავს. შედეგებისა და ქიმიური რეაქციების მოდელების შეჯერებით, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მინერალები კლდოვანი ნივთიერების, წყლისა და ნახშირორჟანგის დაბალ ტემპერატურაზე ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბდა. წყლის წყაროს, სავარაუდოდ, წარმოადგენდა უძველესი ყინულები, რომელთა იზოტოპური შემადგენლობა მზის სისტემის შიდა რეგიონების ნივთიერებებისთვის დამახასიათებელი შემადგენლობისგან განსხვავდებოდა.
მიღებული შედეგები ხსნის, თუ რატომ განსხვავდება შორეული ყინულოვანი სხეულების ქიმიური შემადგენლობა დედამიწაზე ჩამოვარდნილი მრავალი მეტეორიტის შემადგენლობისგან. ვარაუდობენ, რომ გიგანტი პლანეტების ფორმირების პროცესში გარე მზის სისტემის ნივთიერების ნაწილი იზოლირებული აღმოჩნდა და ინტენსიურად აღარ ერეოდა მზესთან ახლოს მდებარე ნივთიერებებს (უცხო წყალი მიწიერ ალმასებში).
ამასთან, მკვლევრებმა უძველესი წყლის შემორჩენილი წვეთები კი არა, მინერალებში დარჩენილი მისი ქიმიური კვალი აღმოაჩინეს. განცალკევებული რეზერვუარის არსებობის შესახებ დასკვნა მცირე რაოდენობის ნაწილაკების ანალიზსა და მათი წარმოქმნის პროცესების მოდელირებას ეფუძნება. კოსმოსური მტვრის შემდგომი შესწავლა დაგვეხმარება დავაზუსტოთ, თუ როგორ ნაწილდებოდა წყალი და აქროლადი ნივთიერებები დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ, პლანეტების ფორმირების პერიოდში (ჰიპოთეზა გაზისა და მტვრის დისკოს შესახებ) (ოკეანეები ძალიან ადრე გაჩნდა; კიდევ მტვრის შესახებ).