“ჩვენ, სპინოზას მიმდევრები…” 3

განახლდა: 21/09/2026

 “ცოდნა არ აღებს კარს”

 ალბერტ აინშტაინის მიერ ამერიკის თეოლოგიური სკოლების ასოციაციის კონფერენციისთვის, რომელიც 1939 წლის 19 მაისს პრინსტონში გაიმართა, დაწერა გამოსვლის ტექსტი სათაურით „მიზანი“, რომელიც მოგვიანებით კრებულში „ჩემი გვიანდელი წლებიდან“ სხვა სათაურით – „საბუნებისმეტყველო მეცნიერება და რელიგია“ გამოქვეყნდა.

 ამ ნაშრომის დასაწყისში აინშტაინი შეახსენებს მკითხველს, რომ უკვე საუკუნეების განმავლობაში მიღებული იყო აზრი, თითქოს ცოდნასა და სარწმუნოებას შორის გადაულახავი წინააღმდეგობა არსებობდა. ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი დარწმუნებულია, რომ რწმენამ ადგილი ცოდნას უნდა დაუთმოს, რადგან „რწმენა, რომელიც ცოდნაზე არ არის დამყარებული, წინასწარგანწყობაა და ამასთან უნდა ვიბრძოლოთ“. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ავტორი უსვამს ხაზს განსხვავებას რეალური მდგომარეობის შესახებ ცოდნასა და იმ მიზანს შორის, რომლისკენაც სწრაფვაა საჭირო. აინშტაინი პოულობს მოკლე, მაგრამ გამომსახველ ფორმულას, რომელიც ცოდნასა და მიზნებს აკავშირებს: „იმის ცოდნა, რაც არის, არ უღებს კარს იმის აღმოჩენას, რაც უნდა იყოს“. აქედან გამომდინარე, „რწმენა, რომელიც აუცილებელი და განმსაზღვრელია ჩვენი ქცევისთვის, და ვითარებაზე სწორად რეაგირების უნარი, არ შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ ამ მყარ სამეცნიერო ნიადაგზე“. აინშტაინი ამ აზრს შემდეგი სტრიქონებით შლის: „შესაძლებელია გქონდეს ყველაზე ნათელი და სრული ცოდნა იმის შესახებ, რაც არის, და ამავდროულად ვერ გამოიტანო აქედან დასკვნა იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს ჩვენი ადამიანური მისწრაფებების მიზანი. ობიექტური ცოდნა გვაძლევს ძლიერ საშუალებებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად, მაგრამ საბოლოო მიზანი თავისთავად და მისი მიღწევის საშუალებები სხვა წყაროდან უნდა მომდინარეობდეს. და ძნელად თუ სჭირდება დამტკიცება, რომ ჩვენი არსებობა და საქმიანობა მხოლოდ მაშინ იძენს აზრს, როდესაც ასეთი მიზანი და შესაბამისი ფასეულობები ჩამოყალიბდება“.

 სწორედ „საბოლოო მიზნის“ ჩამოყალიბებაში ხედავს აინშტაინი რელიგიის განმსაზღვრელ როლს: „ინტელექტი გვიმჟღავნებს საშუალებათა და მიზანთა ურთიერთმიმართებას. მაგრამ გონება თავისთავად ვერ განმარტავს საბოლოო ფუნდამენტური მიზნების აზრს. ამ მიზნების გამოვლენა და ინდივიდის ემოციური ცხოვრების საფუძვლად ქცევა – სწორედ ამაში მდგომარეობს, როგორც მე მეჩვენება, რელიგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ადამიანის სოციალურ ცხოვრებაში“.

 აქედან ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომ უნდა გვჯეროდეს ამ ფუნდამენტური მიზნების? ყოველივე ამის დასაბუთება ხომ მხოლოდ ჯანსაღი აზრის დახმარებით შეუძლებელია. აინშტაინი ამტკიცებს, რომ მათი დასაბუთება არც არის საჭირო: „ისინი ჯანსაღ საზოგადოებაში არსებობენ როგორც მტკიცე ტრადიციები, რომლებიც მოქმედებენ ადამიანების ქცევაზე, მისწრაფებებსა და შეფასებებზე; ისინი ჩვენთან არიან, უბრალოდ არსებობენ, როგორც რაღაც ცოცხალი, ისე, რომ არ საჭიროებენ საკუთარი არსებობის დასაბუთების პოვნას. ისინი სამყაროში არ მოსულან დემონსტრაციის გზით, არამედ გამოცხადებით, კაშკაშა პიროვნებების შუამავლობით. არ უნდა ვეცადოთ მათ გამართლებას, საჭიროა მხოლოდ მარტივად და ნათლად შევიგრძნოთ მათი ბუნება“.

 ტრადიციული რელიგიებიდან აინშტაინი გამოყოფს „ებრაულ-ქრისტიანულს“, არსით კი უბრალოდ იუდაურს: „ჩვენი მისწრაფებებისა და შეფასებების უმაღლესი პრინციპები მოცემულია ჩვენთვის ებრაულ-ქრისტიანული რელიგიური ტრადიციით. ის სახავს მაღალ მიზანს, რომელსაც ჩვენი სისუსტის გამო მხოლოდ არასრულად შევძლებთ მივაღწიოთ, მაგრამ რომელიც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მისწრაფებებსა და შეფასებებს. თუკი გავთავისუფლდებით მისი რელიგიური ფორმისგან და უბრალოდ მის ადამიანურ მხარეს შევხედავთ, ალბათ შესაძლებელი იქნებოდა მისი ასე ჩამოყალიბება: ინდივიდის თავისუფალი და პასუხისმგებლიანი განვითარება ისე, რომ მან თავისუფლად და სიხარულით შეძლოს თავისი ძალების მსახურებაში ჩაყენება მთელი კაცობრიობისთვის“.

 ამ ტრადიციის, როგორც ფუნდამენტურის, არჩევაში როლი ითამაშა იმ იუდაურმა გაკვეთილებმა, რომლებიც აინშტაინმა მიიღო დაწყებით სკოლასა და გიმնაზიაში. იუდაიზმის მცნებებში აინშტაინმა დაინახა დემოკრატიის საფუძვლები: „სწორედ ინდივიდს ეძლევა სული და ინდივიდის უმაღლესი დანიშნულებაა მსახურება და არა მმართველობა, ან საკუთარი თავის მიძღვნა რაიმე სხვისთვის. თუკი შევხედავთ არსს და არა ფორმას, შესაძლებელია ეს სიტყვები მივიღოთ როგორც დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების გამოხატულება. ჭეშმარიტ დემოკრატს ისევე მცირედ შეუძლია თაყვანი სცეს თავის ერს, როგორც ადამიანს, რომელიც რელიგიურია ტერმინის ჩვენეული გაგებით“.

 აინშტაინისთვის რელიგიური პრინციპები ერწყმის „დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს“, ცივილიზებული ადამიანის ცხოვრების ძირითად პრინციპებს, რომელიც თავის მიზანს საზოგადოების მსახურებაში ხედავს. სკოლაში ბავშვები ისე უნდა აღვზარდოთ, რომ ეს პრინციპები „იქცეს იმ ჰაერად, რომლითაც ისინი სუნთქავენ“. თანამედროვე ცხოვრებაში, აინშტაინის აზრით, ეს პრინციპები შორს არის რეალიზაციისგან. აქედან გამომდინარეობს სასიკვდილო საფრთხე ცივილიზებული კაცობრიობისთვის: „ტოტალიტარულ ქვეყნებში საფრთხე მმართველებისგან მოდის, რომლებიც ცდილობენ გაანადგურონ ჰუმანიზმის სული. უფრო კეთილდღეობით გამორჩეულ ქვეყნებში ამ ფასდაუდებელი ჩვეულებების დახშობის საფრთხე მოდის ნაციონალიზმისა და შეუწყნარებლობისგან, აგრეთვე ინდივიდების ეკონომიკური საშუალებებით ჩახშობისგან“.

 ნაციონალიზმისა და შეუწყნარებლობის საფრთხეების ხაზგასმით, აინშტაინი აჩვენებს, რომ შესანიშნავად გრძნობს დროს: 1939 წლის მაისში კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის ზღვარზე იდგა, გერმანიას უკვე ანექსირებული ჰქონდა ავსტრია და გავლილი ჰქონდა „ბროლის ღამე“.

 პირველ სტატიასთან შედარებით, სათაურით „რელიგია და მეცნიერება“, რომელიც ჟურნალ New York Times Magazine-ში 1930 წელს გამოქვეყნდა, გამოსვლამ ამერიკის თეოლოგიური სკოლების ასოციაციის კონფერენციაზე, პრინსტონში, 1939 წლის 19 მაისს, არ შეიცავს ნახსენებს „შიშის რელიგიაზე“ და „მორალურ რელიგიაზე“, არაფერს ამბობს რელიგიის ევოლუციაზე – ალბათ იმიტომ, რომ მსმენელები თეოლოგები იყვნენ. მოხსენებას შემთხვევით არ ეწოდებოდა „მიზანი“ — იგულისხმებოდა ადამიანური მისწრაფებებისა და ქმედებების მიზანი, რომელიც, აინშტაინის აზრით, მდგომარეობს ეგოისტური ინტერესებისგან განთავისუფლებასა და კაცობრიობისადმი თავისუფალ და შეგნებულ მსახურებაში. ხოლო ის ფაქტი, რომ აინშტაინის შეხედულებები მეცნიერებასა და რელიგიაზე, რომელიც თითქმის ათი წლის წინ იყო გამოთქმული, არ შეცვლილა, დასტურდება მისი მეორე სტატიით იმავე სათაურით „საბუნებისმეტყველო მეცნიერება და რელიგია“, რომელიც დათარიღებულია 1941 წლით.

 კვლავ უბრუნდება რა მეცნიერებასა და რელიგიას შორის ურთიერთობის თემას, აინშტაინი იძლევა რელიგიური ადამიანის განმარტებას: „რელიგიურად განათლებული ადამიანი ჩემთვის წარმოადგენს ადამიანს, რომელმაც მისთვის შესაძლებელ მაქსიმალურ ხარისხში გაათავისუფლა თავი ეგოისტური სურვილების ბორკილებისგან და შთანთქმულია ფიქრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით, რომლებსაც იგი ემყარება მათი ზეპიროვნული ხასიათის გამო. მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია ზეპიროვნული შინაარსის ძალა და მისი ყოვლისშემძლე მნიშვნელობის რწმენის სიღრმე იმის მიუხედავად, კეთდებოდა თუ არა მცდელობა ამის ღვთაებრივ არსებასთან შერწყმისა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ბუდა ან სპინოზა რელიგიურ პიროვნებებად ჩაგვეთვალა“.

 ამ განმარტების თანახმად, თავად აინშტაინის წოდებაც შეიძლებოდა „რელიგიურ არამორწმუნე ადამიანად“. და თავად რელიგიას აინშტაინი ასე განმარტავს: „ამ აზრით რელიგია არის კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი მცდელობა, მკაფიოდ და სრულად გააცნობიეროს ეს ფასეულობები და მიზნები და გააძლიეროს და გააფართოოს მათი გავლენა“.

 ამ აზრით, კონფლიქტი რელიგიასა და მეცნიერებას შორის შეუძლებელია: „მეცნიერებაში შესაძლებელია მხოლოდ დავრწმუნდეთ იმაში, რაც არის, მაგრამ არა იმაში, რაც უნდა იყოს. რელიგია, მეორე მხრივ, საქმეს იჭერს მხოლოდ ადამიანური აზრებისა და საქციელის შეფასებებთან. მას არ შეუძლია დასაბუთებულად ისაუბროს ფაქტებზე და მათ შორის ურთიერთმიმართებებზე“.

 მეცნიერებისა და რელიგიის ყველა წარსული კონფლიქტი იმის გამო ხდებოდა, რომ ან რელიგია ცდილობდა მეცნიერების სფეროში შეჭრას (ეკლესიის ბრძოლა გალილეისა და დარვინის წინააღმდეგ), ან მეცნიერების წარმომადგენლები ცდილობდნენ ადამიანური ფასეულობების შეფასებას სამეცნიერო მეთოდებით, რელიგიის სფეროში შეჭრით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებისა და რელიგიის საქმიანობის სფეროები მკვეთრად არის გამიჯნული, მათ შორის შესაძლებელია მჭიდრო თანამშრომლობა. ჯერ ერთი, რელიგია არა მხოლოდ სახავს მიზნებს, არამედ, აინშტაინის სიტყვებით, მეცნიერებისგან ისწავლა იმ საშუალებების განსაზღვრაც, რომლებიც მისივე განზრახული მიზნების მიღწევამდე მიიყვანს. მეორეც, აინშტაინი დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტი მეცნიერებაც წარმოუდგენელია რელიგიის გარეშე, ვინაიდან რწმენის გარეშე შეუძლებელია გარემომცველი სამყაროს შეცნობა: „მეცნიერება შეიძლება განვითარდეს მხოლოდ მათ მიერ, ვინც სრულად შეიწოვა ჭეშმარიტებისა და გაგებისკენ სწრაფვა. ეს სწრაფვა, მიუხედავად ამისა, რელიგიის სფეროდან მომდინარეობს. მასვე ეკუთვნის რწმენა იმის შესაძლებლობისა, რომ წესები, რომლებიც გამოსადეგია არსთა სამყაროსთვის, რაციონალურია, ე.ი. გონებისთვის ხელმისაწვდომი. მე ვერ წარმომიდგენია ჭეშმარიტი მეცნიერი ამ ღრმა რწმენის გარეშე“.

 ფაქტობრივად, ეს არის სხვა სიტყვებით გამეორებული ფრაზა, რომელიც ათი წლის წინ ითქვა: „სერიოზული მეცნიერები მხოლოდ ღრმად რელიგიური ადამიანები შეიძლება იყვნენ“. ზრდასრული აინშტაინის შეხედულებები რელიგიაზე წლების განმავლობაში მცირედ იცვლებოდა. რელიგიისა და მეცნიერების დასაკავშირებლად აინშტაინმა იპოვა კაშკაშა, ადვილად დასამახსოვრებელი აფორიზმი: „მეცნიერება რელიგიის გარეშე მკვდარია, რელიგია მეცნიერების გარეშე ბრმაა“.

 კიდევ ერთ საკითხში აინშტაინი უბრუნდება მის 1930 წლის სტატიაში გამოთქმულ აზრებს. საუბარია ყოვლისშემძლე ღმერთის პიროვნულ კონცეფციაზე, რომელმაც თითქოსდა ადამიანი ხატად და მსგავსად შექმნა: „კაცობრიობის სულიერი ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე ადამიანურმა ფანტაზიამ ადამიანის ხატად და მსგავსად შექმნა ღმერთები, რომლებიც თავიანთი ნების მოქმედებით განსაზღვრავდნენ მოვლენათა სამყაროს ან, ყოველ შემთხვევაში, გავლენას ახდენდნენ მასზე. ადამიანებს მიაჩნდათ, რომ შესაძლებელი იყო ღმერთების წინასწარგანჩინებათა შეცვლა საკუთარი სასიკეთოდ მაგიის ან ლოცვის მეშვეობით. ღმერთის იდეა, ისე როგორც მას რელიგია წარმოაჩენს, ამჟამად არის ღმერთების ამ ძველი კონცეფციის სუბლიმაცია. მისი ანთროპომორფული ხასიათი გამომდინარეობს, მაგალითად, იმ ფაქტიდან, რომ ადამიანი მიმართავს ღვთაებას ლოცვაში და სთხოვს მას თავისი სურვილების შესრულებას“.

 პრობლემა, რომელსაც აინშტაინი აქცევს ყურადღებას, ძველია – ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში განიხილებოდა სოფიზმი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ღმერთის ყოვლისშემძლეობის პარალელურად, რომელმაც ყველაფერი შექმნა ქვეყანაზე, არსებობდეს ნების თავისუფლება და, შესაბამისად, ადამიანის პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე? პიროვნული ღმერთის არსებობის წარმოდგენა არის, აინშტაინის აზრით, „რელიგიისა და მეცნიერების სფეროებს შორის თანამედროვე კონფლიქტების წყარო“. მეცნიერება კატეგორიულად უარყოფს პიროვნება ღმერთის დოქტრინას, რომელიც ბუნებრივ მოვლენებში ერევა.

 მეცნიერების მიზანია, წერს აინშტაინი, „დაადგინოს ზოგადი წესები, რომლებიც განსაზღვრავენ ობიექტებისა და მოვლენების ურთიერთმიმართებას სივრცესა და დროში“. ეს წესები, ანუ ბუნების კანონები, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა გამოიყენებოდეს. ასეთი დათქმა ძევს ობიექტური მეცნიერების საფუძველში; მისი მკაცრად დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე მეცნიერების ყველა მიღწევა გამონაკლისის გარეშე ამ პოსტულატს ადასტურებს. მიუხედავად ამისა, რელიგიის ზოგიერთი წარმომადგენელი იცავს იმ ღმერთის დოქტრინას, რომელიც ბუნებრივ მოვლენებსა და ადამიანთა ბედში ერევა. აინშტაინი დარწმუნებულია, რომ რელიგიური მასწავლებლების ნაწილის ასეთი ქცევა არა მხოლოდ უღირსია, არამედ ფატალურიც: „ვინაიდან დოქტრინა, რომელსაც შეუძლია თავის შენარჩუნება მხოლოდ წყვდიადში და არა ნათელ სინათლეზე, აუცილებლად დაკარგავს გავლენას კაცობრიობაზე, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს კაცობრიობის პროგრესს. ეთიკური სიკეთისთვის ბრძოლაში რელიგიის მასწავლებლებს უნდა ეყოთ გამბედაობა, უარი თქვან პიროვნება ღმერთის დოქტრინაზე, ე.ი. უარი თქვან შიშისა და იმედის ამ წყაროზე, რომელმაც წარსულში ასეთი ყოვლისმომცველი ძალა მისცა ეკლესიის მსახურებს ხელში. თავის ნაშრომებში ისინი ვალდებულნი იქნებიან მიძღვნან თავი იმ ძალებისადმი, რომლებსაც შესწევთ ძალა განავითარონ ღვთაებრიობა, ჭეშმარიტება და სილამაზე თავად ადამიანში. ეს, რა თქმა უნდა, უფრო რთული, მაგრამ შედარებით ბევრად უფრო ღირსეული ამოცანაა. მას შემდეგ, რაც რელიგიური მასწავლებლები განახლების ამ პროცესს განახორციელებენ, ისინი, უეჭველია, სიხარულით აღიარებენ, რომ სამეცნიერო ცოდნა ადიდებს ჭეშმარიტ რელიგიას და უფრო ბრძენს ხდის მას“. 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.