განახლდა: 18/09/2026
აინშტაინს ერთხელ დროებით მოუწია კონფესიისადმი კუთვნილების არქონის სტატუსის შეცვლა. 1911 წელს პრაღის გერმანიის უნივერსიტეტში პირველი ორდინარული პროფესორის თანამდებობის მისაღებად აინშტაინმა მიიღო ავსტრო-უნგრეთის მოქალაქეობა, რომლის შემადგენლობაშიც მაშინ ჩეხეთი შედიოდა, და პრაღის ებრაული თემის წევრი გახდა. ამის გარეშე მას სახელმწიფო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი ფიცის დადება არ შეეძლო. აინშტაინისთვის ეს ნაბიჯი უბრალო ფორმალობა იყო, რასაც ადასტურებს ფილიპ ფრანკი, რომელიც პრაღაში აინშტაინის ცხოვრების პერიოდში მას ახლოს იცნობდა. თავად ფრანკი აინშტაინის ნაცვლად გერმანიის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, როდესაც ის ციურიხში დაბრუნდა. ფრანკი იხსენებს: „როდესაც აინშტაინი გავიცანი — მგონი, ეს 1910 წელს იყო — ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ნებისმიერ ტრადიციულ რელიგიას უარყოფდა. მაშინ, პრაღაში მისი დანიშვნისას, იგი კვლავ შევიდა რელიგიურ ებრაულ თემში, მაგრამ ამას უბრალო ფორმალობად აღიქვამდა”.
ზრდასრული აინშტაინის დამოკიდებულება ბავშვების რელიგიური სწავლების მიმართ რადიკალურად შეიცვალა იმასთან შედარებით, როგორიც ის იყო მაშინ, როცა თავად იყო პატარა. მაშინ ის აღტაცებით ხვდებოდა იუდაიზმის გაკვეთილებს, რომლებსაც სახლში და გიმნაზიაში იღებდა. ახლა კი, როდესაც მისმა საკუთარმა შვილებმა დაწყებით სკოლაში იარეს და რელიგია უნდა ესწავლათ, ის უკმაყოფილო იყო. ფილიპ ფრანკი აინშტაინის სიტყვებს მოჰყავს: „მე საერთოდ ძალიან არ მეპიტნავება ის, რომ ჩემმა შვილებმა უნდა ისწავლონ ის, რაც სამეცნიერო აზროვნებას ეწინააღმდეგება“.
ამას აინშტაინმა დაუმატა ცნობილი საბუნებისმეტყველო მეცნიერისა და ფილოსოფოსის ერნსტ ჰეკელის სიტყვები იმის შესახებ, რომ სასკოლო განათლების შედეგად „ბავშვებს სჯერათ, რომ ღმერთი აირისებრი ხერხემლიანი ცხოველის რაიმე ტიპს წარმოადგენს“.
აინშტაინის ზოგიერთი გამონათქვამის მოსმენისას რელიგიურ რიტუალებზე, ზედაპირულ დამკვირვებელს ისინი ცინიკურად შეიძლებოდა ეწოდებინა. ასეთი გამონათქვამების მაგალითების მოყვანა არ არის რთული. ერთხელ აინშტაინი თავისი კოლეგის დაკრძალვაში მონაწილეობდა. იქვე მყოფ სამგლოვიარო ცერემონიის მონაწილესთან მან ასეთი დაკვირვება გაუზიარა: „დაკრძალვაში მონაწილეობა ჩექმების გაწმენდას მაგონებს. ორივე იმისთვის კეთდება, რომ გარშემომყოფთა თვალში ღირსეულად გამოიყურებოდე“.
ცინიკური შეიძლებოდა ყოფილიყო აინშტაინის პასუხიც ერთი ორთოდოქსი ებრაელისადმი, რომელსაც პრაღის პოლიციის განყოფილებაში შემთხვევით შეხვდნენ, სადაც ორივე ვიზებთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემებს წყვეტდა. აინშტაინს ფილიპ ფრანკი ახლდა თან, რომელმაც ეს ამბავი უამბო. უცნობმა ჰკითხა აინშტაინს, არ იცოდა თუ არა კოშერული რესტორანი პრაღაში? აინშტაინმა მას ერთი დაუსახელა, რომელიც რაღაც სასტუმროში მდებარეობდა. მაშინ უცნობი ისევ ჰკითხავს, დარწმუნებულია თუ არა იმაში, რომ სასტუმროც მკაცრად კოშერულია? რაზეც მოთმინებადაკარგულმა აინშტაინმა განაცხადა: „მკაცრად კოშერულად იკვებება მხოლოდ ხარიო [იქვე]“. გასაკვირი არ არის, რომ მორწმუნე უცნობი გაბრაზდა, თუმცა ფორმალურად გაბრაზების საბაბი არ არსებობდა, აინშტაინის სიტყვები ნამდვილად სწორია: ხარი ბალახით იკვებება, ეს კი ნამდვილად კოშერული საკვებია. სიტყვა „ცინიკური“ აინშტაინის გამონათქვამებს არ შეeფერის. ეს მისი ჩვეულებრივი მანერაა, განსახილველი ცნებების სერიოზულობა სათამაშო გარსში დამალოს. ფილიპ ფრანკი ასეთ ქცევაში ანალოგიას პოულობს აინშტაინისთვის საყვარელ მოცარტის სონატებში, რომლებსაც იმავე უფლებით შეიძლებოდა „ცინიკური“ ეწოდებინა, რადგან ისინი ჩვენს სამყაროს, რომელიც სავსეა ბოროტებითა და ტრაგედიებით, ნათელ და მსუბუქ მუსიკალურ სახეებში გვიჩვენებენ.
აინშტაინი გადაჭრით წინააღმდეგი იყო იმისა, რომ რელიგია მეცნიერებისთვის დაუპირისპირებინათ ან მისით მეცნიერება შეეცვალათ. ამავე დროს, აინშტაინი შესანიშნავად აცნობიერებდა, რომ რელიგია გარკვეულ როლს ასრულებს მრავალი ადამიანის ცხოვრებაში და ამას გაგებით ეპყრობოდა. ნათელი მოგონებები დაწყებით სკოლაში კათოლიკური სარწმუნოების გაკვეთილებზე და გიმნაზიაში და სახლში იუდაიზმის გაკვეთილებზე მთელი ცხოვრება შემოჰყვა, ისევე როგორც განცდა იმისა, რომ ქრისტიანობასა და იუდაიზმში, ყველა აშკარა წინააღმდეგობის მიუხედავად, არსებობს საერთო სულიერი ბირთვი.
როდესაც შტუტგარტელმა მწერალმა ედუარდ ბიშინგმა მას თავისი წიგნი „ღმერთი არ არის“ გამოუგზავნა, აინშტაინმა 1929 წლის 25 ოქტომბრის წერილში უპასუხა, რომ წიგნში მხოლოდ „პირადი ღმერთის“ კონცეფცია განიხილება. ის კი საქმეს სხვანაირად წარმოიდგენს: „ჩვენ, სპინოზას მიმდევრები, ჩვენს ღმერთს ვხედავთ არსებულის საკვირველ წესრიგსა და კანონზომიერებაში, აგრეთვე არსებულის სულიერებაში, როგორც ის ჩვენთვის ადამიანებსა და მხეცებში იხსნება. სხვაგვარად დგას საკითხი, უნდა ვებრძოლოთ თუ არა პერსონალური ღმერთის რწმენას. ფროიდი თავის ბოლო წიგნში ასეთი მიდგომის მომხრედ გამოდის. მე კი, ჩემი მხრივ, ასეთ საწარმოებში არ შევიდოდი, რადგან მსგავსი რწმენა ჩემთვის მაინც უკეთესია, ვიდრე ცხოვრების რაიმე ტრანსცენდენტალური აღქმის სრული არარსებობა და მეეჭვება, შესაძლებელი იყოს თუ არა ადამიანთა უმრავლესობისთვის რაიმე სხვა საშუალების შეთავაზება მეტაფიზიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად“.
„რელიგია და მეცნიერება“ — 1930 წლის სტატია
1930-იან და 1940-იან წლებში ალბერტ აინშტაინმა რამდენიმე სერიოზული სტატია დაწერა, რომლებშიც ვრცლად მოჰყვა რელიგიის არსის თავისი გაგების შესახებ. პირველი ამ სერიის მნიშვნელოვანი ნამუშევრებიდან იწოდებოდა „რელიგია და მეცნიერება“. ის ჯერ კიდევ 1930 წლის 9 ნოემბერს ინგლისურ ენაზე New York Times Magazine-ის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა, ხოლო ორი დღის შემდეგ გერმანულად — გაზეთ Berliner Tagblatt-ში. სტატია შევიდა კრებულში „Mein Weltbild“, რომლის პირველი გამოცემა 1934 წელს ამსტერდამში გამოვიდა. რუსული თარგმანი შევიდა აინშტაინის სამეცნიერო შრომების კრებულში ოთხ ტომად და შემდეგ სხვადასხვა გამოცემებში იბეჭდებოდა. ამ სტატიაში აინშტაინი პასუხს ეძებს კითხვაზე „რა გრძნობებმა და მოთხოვნილებებმა მიიყვანა ადამიანები რელიგიურ იდეებამდე და რწმენამდე ამ სიტყვის ფართო გაგებით?“. თავად ასეთი კითხვის დასმა გვიჩვენებს, რომ აინშტაინი მკვეთრად გამოყოფს საკუთარ თავს კლასიკური „გამოცხადების რელიგიებისგან“, რომლებშიც რწმენა ადამიანს ზემოდან მოდის და არა მისი მოთხოვნილებებიდან და გრძნობებიდან იბადება.
აინშტაინი რელიგიური შეხედულებების ევოლუციას ღრმა სიძველეებიდან ჩვენს დღეებამდე ხატავს: „პირველყოფილ ადამიანებში რელიგიურ წარმოდგენებს უპირველეს ყოვლისა იწვევს შიში, შიში შიმშილის, გარეული მხეცების, დაავადებების, სიკვდილის წინაშე. რადგან ყოფიერების ამ საფეხურზე მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობების გაგება უკიდურესად დაბალ დონეზე დგას, ადამიანის გონება თავისთვის ქმნის უფრო მეტად თუ ნაკლებად ანალოგიურ არსებას, რომლის ნებაზე და ქმედებებზეა დამოკიდებული მისთვის საშიში მოვლენები. ამის შემდეგ იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ მოულბონ გული ამ არსებას“.
ამ სტადიას აინშტაინი „შიშის რელიგიას“ უწოდებს. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ხდება შიშის რელიგიის მორალურ რელიგიად გარდაქმნა: „ხელმძღვანელობის, სიყვარულისა და მხარდაჭერის პოვნის მისწრაფება ღმერთის სოციალური და მორალური კონცეფციის შექმნის ბიძგს წარმოადგენს. ღვთის განგება უფრთხილდება ადამიანს, მართავს მის ბედს, აჯილდოვებს და სჯის მას. ღმერთი, ადამიანთა წარმოდგენების შესაბამისად, არის ტომის, კაცობრიობის და ცხოვრების მცველი ამ სიტყვის ფართო გაგებით, ნუგეშინისმცემელი უბედურებასა და დაუკმაყოფილებელ სურვილში, მიცვალებულთა სულების მცველი. ასეთია ღმერთის სოციალური, ანუ მორალური კონცეფცია“.
კაცობრიობის ისტორიაში შიშის რელიგიიდან მორალურ რელიგიაზე გადასვლა, აინშტაინის სიტყვებით, „მნიშვნელოვან პროგრესს“ ნიშნავს. რა თქმა უნდა, არც პირველყოფილ ადამიანებში და არც თანამედროვე კულტურულ ხალხებში არ არსებობენ შიშის რელიგია და მორალური რელიგიები სუფთა სახით: „ორივე მათგანი რაღაც შერეულს წარმოადგენს, თუმცა საზოგადოებრივი ცხოვრების უფრო მაღალ საფეხურებზე მორალური რელიგია სუფევს“.
მთავარი, რაც აერთიანებს შიშის რელიგიას და მორალურ რელიგიას, არის, როგორც აინშტაინმა გამოთქვა, „ღმერთის იდეის ანთროპომორფული ხასიათი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არა ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსებად, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი საკუთარი ხატებით და მსგავსებით. მცირედმა გამოჩენილმა პიროვნებამ და ცალკეულმა მაღალგანვითარებულმა საზოგადოებამ შეძლო ამ დონის გადალახვა და ასვლა რელიგიურობის მესამე საფეხურზე, რომელსაც აინშტაინმა „კოსმოსური რელიგიური გრძნობა“ უწოდა. ამ ცნებას მკაცრი განმარტება არ აქვს, მაგრამ აინშტაინი ცდილობს მის განმარტებას ისეთი სიტყვებით: „ინდივიდი გრძნობს ადამიანური სურვილებისა და მიზნების უმნიშვნელოებას, ერთი მხრივ, და ბუნებასა და იდეათა სამყაროში გამოვლენილ აღმატებულებასა და საკვირველ წესრიგს — მეორე მხრივ. ის იწყებს თავისი არსებობის განხილვას როგორც ერთგვარი საპატიმრო დასკვნისა და მხოლოდ მთლიანად სამყაროს აღიქვამს როგორც რაღაც ერთიან და აზრიან არსს. კოსმოსური რელიგიური გრძნობის ჩანსახები შეიძლება აღმოჩენილ იქნას უფრო ადრეულ საფეხურებზე, მაგალითად, დავითის ზოგიერთ ფსალმუნში და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წიგნებში. ბევრად უფრო ძლიერი ელემენტი კოსმოსური რელიგიური გრძნობისა, როგორც შოპენჰაუერის შრომები გვასწავლის, ბუდდიზმშია“.
სწორედ კოსმოსური რელიგია, აინშტაინის აზრით, მჭიდროდაა დაკავშირებული მეცნიერებასთან და ხელოვნებასთან. ერთი მხრივ, მეცნიერება და ხელოვნება აღძრავს და მხარს უჭერს კოსმოსურ რელიგიურ გრძნობას „მათში, ვინც მისი განცდის უნარი შესწევს“. მეორე მხრივ, ამბობს აინშტაინი, „მე ვამტკიცებ, რომ კოსმოსური რელიგიური გრძნობა სამეცნიერო კვლევის უძლიერესი და ყველაზე კეთილშობილური ზამბარაა“.
უფსკრული მეცნიერებასა და რელიგიას შორის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყველასთვის ცხადი იყო, ქრება, თუ ტრადიციული რელიგიების ნაცვლად კოსმოსურ რელიგიურ გრძნობას განვიხილავთ. აინშტაინი დარწმუნებულია, რომ ამ გრძნობის გარეშე ჭეშმარიტი მეცნიერება შეუძლებელია: „მხოლოდ მათ, ვინც სათანადოდ დააფასებს მონსტრულ ძალისხმევას და, გარდა ამისა, თავდადებას, რომელთა გარეშეც ვერ გაჩნდებოდა არცერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ახალ გზებს ხსნის, შეძლებენ გაიგონ, როგორი ძლიერი უნდა იყოს გრძნობა, რომელსაც თავისთავად შეუძლია სიცოცხლეში მოიყვანოს ნაშრომი, რომელიც ასე შორს დგას ჩვეულებრივი პრაქტიკული ცხოვრებისგან. რა ღრმა რწმენით სამყაროს რაციონალურ მოწყობაში და რა წყურვილით შეცნობისა თუნდაც უმცირესი ნათებებისა რაციონალურობისა, რომელიც ამ სამყაროში ვლინდება, უნდა ჰქონოდათ კეპლერსა და ნიუტონს, თუკი მან საშუალება მისცა მათ მრავალი წელი დაეხარჯათ ძნელი შრომისა ცათა მექანიკის ძირითადი პრინციპების ამოხსნაზე!“.
ადამიანი, რომელიც მეცნიერებაში რევოლუციას ახდენს, ხშირად მარტო უნდა წავიდეს დამკვიდრებული მოსაზრებებისა და წინასწარშემმტკიცებული შეხედულებების წინააღმდეგ. საჭიროა შერჩეული გზის სისწორის ძლიერი რწმენა, რათა გაუძლო შენი გარემოცვის სკეპტიკურ დამოკიდებულებას იმის მიმართ, რასაც აკეთებ. აინშტაინი ცოდნით საქმისა წერს: „მხოლოდ ის, ვინც თავად მიუძღვნა თავისი ცხოვრება ანალოგიურ მიზნებს, შეძლებს გაიგოს, რა შთააგონებს ასეთ ადამიანებს და აძლევს მათ ძალას შეინარჩუნონ ერთგულება მათ წინაშე დასახული მიზნისა, მიუხედავად უთვალავი წარუმატებლობისა. ასეთი შემადგენლობის ადამიანები ძალას კოსმოსურ რელიგიურ გრძნობაში პოულობენ. ერთ-ერთმა ჩვენმა თანამედროვემ თქვა და არც უსაფუძვლოდ, რომ ჩვენს მატერიალისტურ საუკუნეში სერიოზული მეცნიერები მხოლოდ ღრმად რელიგიური ადამიანები შეიძლება იყვნენო“.
აინშტაინმა შემთხვევით არ ახსენა კეპლერი და ნიუტონი, ცათა მექანიკის შემოქმედნი, რომელიც მეცნიერებაში დეტერმინიზმის ტრიუმფს წარმოადგენს. აინშტაინისთვის დეტერმინიზმი, ანუ მომავლის მკაცრი წინასწარგანსაზღვრულობა წარსულით, თუმცა არ წარმოადგენს ობიექტური რეალობის აუცილებელ თვისებას, მაგრამ ძალიან ახლოს დგას იმასთან, თუ როგორ ესმოდა მას ის. ცნობილი „ღმერთი კამათლით არ თამაშობს“ სხვანაირად გამოხატავს იმავე აზრს. პატარა ჩანაწერში „კვლევის რელიგიურობა“ აინშტაინი უკიდურესად მკაფიოდ გამოხატავს: „მკვლევარი დარწმუნებულია ყოველი არსებულის მიზეზის არსებობაში. მომავალი მისთვის არანაკლებ აუცილებელი და განსაზღვრულია, ვიდრე წარსული. მორალურ პრინციპებში მისთვის არაფერია ღვთაებრივი, ეს სრულიად ადამიანური საქმეა. მისი რელიგიური გრძნობა ბუნების კანონების ჰარმონიით აღტაცებული გაოცების ფორმას ატარებს, რომელიც ვლინდება ისეთი ძალის გონივრულობაში, რომ მასთან შედარებით ადამიანური არსებების ყველა სისტემატური აზრი და ქმედება მხოლოდ სრულიად უმნიშვნელო ანარეკლად გვეჩვენება“.
ამაში ძევს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შეეგუა აინშტაინი სიცოცხლის ბოლომდე კვანტური მექანიკის ალბათურ ბუნებას მისი კოპენჰაგენური ინტერპრეტაციით (კიდევ აინშტაინის შესახებ).
გაგრძელება იქნება (trv-science.ru)…