კენტავრი (2060) ქირონი: „ჯეიმს ვებმა“ კოსმოსური ანომალია აღმოაჩინა

განახლდა: 26/05/2026

 ასტეროიდი-კენტავრი ქირონი, აირის გიგანტურ შლეიფს ტოვებს. ეს უკვე რამდენიმე ათწლეულია ცნობილია, თუმცა ახლახანს, ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპის გამოყენებით, ამ სურათს კიდევ უფრო უცნაური დეტალები დაემატა: ამ ციური სხეულის კუდში ძალიან ბევრი მეთანია, თუმცა, რატომღაც, საერთოდ არ არის ნახშირჟანგი, რომელიც ბევრად უფრო აქროლადია და ტიპურია კომეტებისთვის (arxiv.org).

 სატურნსა და ურანს შორის დაახლოებით 210 კილომეტრიანი ციური სხეული ქირონი მოძრაობს, რომელიც ერთდროულად ასტეროიდიც არის და კომეტაც. ის მზის სისტემის ამ უცნაური კლასის — კენტავრების — პირველი აღმოჩენილი ობიექტია. კენტავრები წარმოშობით კოიპერის სარტყლიდან არიან, თუმცა გიგანტი პლანეტების გრავიტაციამ მათი ორბიტები თანდათან მზისკენ გადმოანაცვლა და ახლა ისინი იუპიტერისა და ნეპტუნის ორბიტებს შორის დაეხეტებიან. ასტრონომებისთვის დღეს უკვე ასობით ასეთი ობიექტია ცნობილი.

 ვინაიდან ქირონი სატურნსა და ურანს შორის მოძრაობს, მას სახელი მითიური კენტავრის — ურანის შვილიშვილისა და კრონოსის (სატურნის) შვილის პატივსაცემად დაარქვეს. ეს დასახელება წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: მისი აღმოჩენიდან ერთი ათწლეულის შემდეგ, 1988 წელს, ასტრონომებმა, ქირონის ზედაპირიდან აირების აორთქლება შეამჩნიეს, ანუ კომეტური აქტივობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაირკვა, რომ ის მართლაც „კენტავრია“ — ასტეროიდისა და კომეტის ჰიბრიდი. ასტრონომებს შეუძლიათ დარწმუნებით თქვან იგივე თითქმის ორი ათეული მსგავსი ობიექტის შესახებ.

 მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა წარმოქმნის ამ ეფექტურ კომეტურ შლეიფებს ასეთ დიდ მანძილზე მზიდან. კოსმოსში წყლის მოლეკულები იმდენად სწრაფად იბოჭება ექსტრემალური სიცივით, რომ ვერც კი ასწრებს სიმეტრიულ კრისტალურ სტრუქტუროდ ჩამოყალიბებას და ქაოსურად იყინება — ასე მიიღება ე.წ. ამორფული ყინული. მაგრამ თუ ტემპერატურა თუნდაც ცელსიუსით მინუს 160 გრადუსზე მაღლა იწევს, სიცივის „მარწუხები“ დუნდება, მოლეკულები თავისუფლდება და ამორფული ყინული კრისტალური ხდება. ასეთ ტრანსფორმაციას თან სდევს სითბოს გამოყოფა და სწორედ ეს ენერგია მიიჩნეოდა კენტავრების კომეტური ქცევის შესაძლო მიზეზად. თუმცა, როგორც უახლესი დაკვირვებებით გაირკვა, ქირონის შემთხვევაში ეს მექანიზმი მთავარი არ არის.

 2024 წლის იანვარში აშშ, ფრანგი და ესპანელი ასტროფიზიკოსები ქირონს, კოსმოსური ტელესკოპით, „ჯეიმს ვებით“ დააკვირდნენ და მოულოდნელი მონაცემები გამოაქვეყნეს. დაკვირვების მომენტში ობიექტი თითქმის 19-ჯერ შორს იყო მზისგან, ვიდრე დედამიწა, დაახლოებით ურანამდე მანძილზე.

 გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ობიექტისგან არეკლილი სინათლის სპექტრის წყალობით, ტელესკოპმა მის ზედაპირზე წყლის ყინული (როგორც კრისტალური, ისე ამორფული), გაყინული ნახშირორჟანგი, ორგანული ნივთიერებები და ნახშირჟანგი (CO) აღმოაჩინა – თანაც, რაც აღსანიშნავია, ეს უკანასკნელი მყარ მდგომარეობაში დაფიქსირდა.

 ამავდროულად, შემადგენლობით რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა ქირონის აირის კუდი : მასში ძალიან დიდი რაოდენობით მეთანი ფიქსირდება (რომელიც წამში 40 კილოგრამზე მეტი სიჩქარით გამოიყოფა), ნახშირორჟანგი დაახლოებით 15-ჯერ ნაკლებია, ხოლო ნახშირჟანგი საერთოდ არ არის. სწორედ ამას მიიჩნევენ მეცნიერები მთავარ ანომალიად, რადგან, როგორც წესი, კომეტების შლეიფებში ნახშირჟანგი ბევრად მეტია, ვიდრე მეთანი.

 ორგანულ და არაორგანულ მეთანს (CH4) შორის განსხვავება მხოლოდ მათი წარმოშობის წყაროა, ქიმიურად კი ისინი სრულიად იდენტური აირებია. მათ ერთმანეთისგან იზოტოპური ანალიზით არჩევენ (დათარიღება).  ქირონსა და შორეულ კომეტებზე მეთანი უბრალოდ ძველი, პირველადი კოსმოსური ყინულის „მშრალი“, არაორგანული ნაშთია. ხოლო თუ მას მარსზე ან შორეულ ეგზოპლანეტებზე აღმოვაჩენთ, იქ ის პოტენციური არამიწიერი სიცოცხლის (ბიოხელწერის) უმთავრესი კანდიდატი ხდება.

 ყურადღებას იქცევს ისიც, რომ მეთანის ასეთი უხვი აორთქლების მიუხედავად, თავად ეს ნივთიერება ქირონის ზედაპირზე ყინულის სახით საერთოდ არ შეიმჩნევა. გარდა ამისა, აირების ფრქვევა მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში ხდება. ყოველივე ეს მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ მეთანი უშუალოდ ზედაპირიდან კი არ ორთქლდება, არამედ ციური სხეულის სიღრმიდან, მისი წიაღიდან ამოიფრქვევა.

 მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ მეთანის ძირითადი მარაგები ქირონის ზედაპირის ქვეშაა დამალული, ხოლო მცირე რაოდენობით მყარი ნახშირჟანგი (CO) ზედაპირზეა, კოსმოსური რადიაციის ზემოქმედებით წარმოიქმნება და შემომფარგლავი ყინულის ერთგვარ მახეშია მოქცეული, რაც მის აორთქლებას აბრკოლებს („კენტავრების“ წარმოშობა).

 ერთ-ერთი ფონური ვარსკვლავის წინ ქირონის გავლის დროს (ოკულტაცია), ამონათებები იქნა დაფიქსირებული, რაც მის გარშემო რგოლების არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს. ბოლო წლებში ჩატარებულმა რამდენიმე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ეს სტრუქტურა იცვლება. მეცნიერთა ნაწილმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ქირონს აქვს არა მუდმივი რგოლები, არამედ მის გარშემო არსებული მტვრის დინამიკური ღრუბელი, რომელიც ფორმასა და სიმკვრივეს ქირონის კომეტური აქტივობის (აირების ამოფრქვევის) მიხედვით იცვლის (მოკლედ მზის სისტემის შესახებ; ტროელები და ბერძნები იუპიტერთან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.