ავი ლიობი UAP-ის შემსწავლელი ახალი სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა

განახლდა: 12/07/2026

 თეთრმა სახლმა შექმნა ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც „ამოუცნობი ანომალიური მოვლენების“ (UAP) შესწავლას ისახავს მიზნად. ჯგუფს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, ავი ლიობი (ავი ლიობი – პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჰარვარდ-სმიტსონისეული ასტროფიზიკის ცენტრის თეორიისა და კომპიუტერული მოდელირების ინსტიტუტის დირექტორი.) უხელმძღვანელებს (გაჭრა ინტრიგა-სკანდალურმა განცხადებებმა). ახალი სტრუქტურა ფოკუსირებული იქნება არა ძველი, გადაუმოწმებელი შემთხვევების განმეორებით შესწავლაზე, არამედ სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით მაღალი ხარისხის მონაცემების შეგროვებასა და დაკვირვების სტანდარტების შემუშავებაზე. ტერმინი UAP (ნაცვლად ტრადიციული UFO-სა) აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით გამოიყენება და მოიცავს როგორც ატმოსფერულ მოვლენებს, ისე ანომალიებს კოსმოსსა და წყალქვეშა სივრცეში. ეს ინიციატივა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კურსის გაგრძელებაა, რომელიც ამ სფეროში გამჭვირვალობის გაზრდას ისახავს მიზნად.

UAP მეტსახელად “ტიკტაკი”.

 ავი ლიობმა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს „გალილეოს პროექტს“, მულტიდისციპლინური გუნდი შეკრიბა. მასში შევიდნენ ასტროფიზიკოსები, ინფორმატიკოსები, ოკეანოგრაფები, ფსიქოლოგები და სხვა დარგის წარმომადგენლები, მათ შორის: ჰარი ნოლანი, მაიკლ შერმერი, ტიმ გალოდეტი და სხვები. ჯგუფის წევრები, მაგალითად, დევერშ ნანდალი, ხაზს უსვამენ, რომ მათი მიდგომა ფიზიკისა და ასტროფიზიკის თანამედროვე პრინციპებს დაეფუძნება. მათი მიზანია მოვლენების დეტალური ანალიზი, რათა დადგინდეს, ჯდება თუ არა ისინი ფიზიკის კანონებში, ან წარმოადგენენ თუ არა ახალ ცოდნას სამყაროს შესახებ. ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის, რობინ ჰენსონი და კეროლ კლელანდი, ინიციატივას დადებითად აფასებენ, როგორც მეცნიერთა ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობას.

 თუმცა, პროექტს სკეპტიკური და კრიტიკული შეფასებებიც მოჰყვა. მეცნიერთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ჯგუფის ეფექტურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ექნებათ მათ წვდომა დახურულ სახელმწიფო მონაცემებზე და რა უფლებამოსილებები მიენიჭებათ. კრიტიკის საგანი გახდა თავად ავი ლიობის კანდიდატურაც – ზოგიერთი კოლეგა მას საყვედურობს „უცხოპლანეტური წარმოშობის“ ჰიპოთეზებისადმი მიდრეკილებას, რომელიც, მათი აზრით, საკმარისად არ არის გამყარებული მტკიცებულებებით (მაგალითად, ობიექტ „ოუმუამუასთან“ დაკავშირებით). ასევე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, AARO-ს ყოფილმა დირექტორმა, შონ კირკპატრიკმა ეჭვი გამოთქვა ჯგუფის შემადგენლობის მიუკერძოებლობაზე, რადგან მასში არიან პირები, რომლებიც ადრეც ღიად საუბრობდნენ „არაადამიანური წარმოშობის“ ტექნოლოგიების შესაძლებლობაზე. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ამ საბჭოს შექმნა აშშ-ის ხელისუფლების მცდელობაა, ამოუცნობი მოვლენების შესწავლა სპეკულაციებიდან, სრულფასოვან და სამეცნიერო დისკუსიის ფორმატში გადაიყვანოს (160 დოკუმენტი, არანაირი მტკიცებულება; ანომალიური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.