SpaceX

 ელონ მასკი ირწმუნება, რომ კაცობრიობის მომავლის უზრუნველსაყოფად მარსზე, სულ მცირე, მილიონი ადამიანი უნდა დავასახლოთ.

”ჯანდაბას დედამიწა!” – სიცილით მითხრა ელონ მასკმა.- ”ვის ენაღვლება დედამიწა?!” მის კუთვნილ კუთხეში ვისხედით, SpaceX -ის ვრცელ, ღია სათაო ოფისში, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს. მზიანი შუადღე იყო, ხუთშაბათი, ერთ-ერთი დღე კვირის იმ სამი დღიდან, რომლებსაც ელონ მასკი SpaceX-ში ატარებს. მასკი იცინოდა, ხუმრობდა, რადგანაც სინამდვილეში, ძალიან დარდობს და ზრუნავს დედამიწაზე. თუ SpaceX-ში არ იმყოფება, ელექტრონული მანქანების კომპანიას მართავს. ხუმრობა მისი პირადი ურთიერთობების ჩვეული მანერაა, სატელევიზიო გადაცემებში ძალიან მკაცრი ჩანს, სინამდვილეში კი გამუდმებით ხუმრობს და ძალიან უყვარს მოსაუბრის გაოცება.

 როდესაც მასთან მივედი, ელონი ელ-ფოსტის გაუთავებენ ნაკადს უმკლავდებოდა. ჩამოვჯექი და მის სამუშაო ადგილს თვალი მოვავლე: შავი ტყავის სავარძელი დიდ, თითქმის ცარიელ მაგიდასთან დგას, რომელზეც მხოლოდ ღვინის რამდენიმე ბოთლი და ჯილდოებია. ფანჯარა მზით გავარვარებულ მანქანების სადგომს გადაჰყურებს. ჩვეულებრივი, მოსაწყენი სანახაობაა. რამდენიმე წუთში თავი მოუსვენრად ვიგრძენი, რადგანაც ვიფიქრე, რომ მასკს ჩემი არსებობა გადაავიწყდა, მაგრამ მოულოდნელად მობრუნდა, სავარძელი გამოაგორა და ხელი გამომიწოდა: – ”მე ელონი ვარ!”

 სასიამოვნო ჟესტი იყო, მაგრამ დღეს, 2014 წელს, ელონი იმ ადამიანების რიცხვს, მიეკუთვნება, რომლებსაც წარდგენა არ სჭირდებათ: სტივ ჯობსმა ამერიკელი ტექნოლოგი კულტურულ საგანძურად გამოაცხადა, რობერტ  დაუნიმ კი – თავისი ”რკინის ადამიანის” სულისჩამდგმელად. დღეს ის ლეგენდაა.

 ელონმა ბავშვობა სამხრეთ აფრიკაში გაატარა, 12 წლის ასაკში ვიდეო-თამაში გამოიგონა და 90-იან წლებში შეერთებულ შტატებში გასადახლდა. 28 წლის ასაკში მისმა ბიზნესმა სწრაფი აღმავლობა დაიწყო, როდესაც თავისი კომპიუტერული კომპანია ” Zip2” 300 მილიონ დოლარად გაყიდა, ხოლო სამი წლის შემდეგ PayPal-ი eBay-სთან 1.5 მილიარდ დოლარად გააერთიანა. ბოლოს კი, გადაწყვიტა ორი კურდღელი ერთად დაეჭირა და მთელი თავისი ქონება რამდენიმე წარმოუდგენლად ამბიციურ წამოწყებაში დააბანდა: Tesla-ს მეშვეობით მსოფლიოს ყველა მანქანის ელექტრომობილით ჩანაცვლებას შეძლებს, SpaceX-ის მეშვეობით კი მარსის კოლონიზაციას მოახდენს. ყველაფერ ამის  განხორციელებას მასკი მხოლოდ ერთი თაობის სიცოცხლის განმავლობაში გეგმავს.

10352722_h15508358 ”Tesla”-ს შესახებ მასკმა საინტერნეტო ბიზნესის ჩავარდნის შემდეგ განაცხადა და ამ გეგმებში მილიონერები ლატარეის გამთამაშებლების როლში გამოიყვანა. ხალხი დაფრთხა და მას დილეტანტი უწოდეს, მაგრამ მოვიდა 2010 წელი და ელონმა ”Tesla” საზოგადოებას წარუდგინა, რამაც მასკი მილიარდელად აქცია. SpaceX-ი დღემდე კერძო კომპანიად რჩება, სადაც მასკს საერთო აქციების ორი მესამედი ეკუთვნის. SpaceX-ი ნულიდან აწყობს რაკეტებს ლოს-ანჯელესის საავიაციო ქარხანაში და იმდენად დაბალ ფასად ახორციელებს კოსმოსურ ფრენებს, რომ მომხმარებელთა სია წლების მანძილზეა გაწერილი. კომპანიის ძირითადი საქმიანობა პატარა ზომის თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანა და კოსმოსური სადგურებისათვის ტვირთის მიწოდებაა, მაგრამ დღეს ის საკაცობრიო მისიებზე გადასვლას გეგმავს.  სექტემბერში NASA-მ SpaceX-ი Boeing-თან ერთად იმ კერძო კომპანიებს შორის გამოარჩია, რომლებსაც ახლო მომავალში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ასტრონავტების გადაყვანა დაევალებათ. მასკისთვის ეს ეპიკური შებრძოლებაა, მაგრამ ის გამუდმებით ცდის ბედ-იღბალს – ყველა ინტერვიუში შორეული კოსმოსური ხმელეთის დაპყრობის ზუსტ თარიღს ასახელებს.

 SpaceX-ში მასკთან მომავალი კოსმოსური ფრენების თაობაზე სასაუბროდ მოვედი და თავიდანვე უძველესი შეკითხვით დავიწყე: რა საჭიროა კოსმოსში ამდენი ფულის ხარჯვა, თუ დედამიწაზე ადამიანებს შიმშილი, ავადმყოფობები და სხვა უამრავი საშინელება აწუხებს? კერძო მფლობელობაში არსებულ კომპანიასთან დაკავშირებით ეს შეკითხვა შეიძლება უსამართლოდ ჟღერდეს, მაგრამ მისი კოსმოსური სააგენტო განსაკუთრებული შემთხვევაა: კომპანიის უმსხვილესი კლიენტია NASA და, რაც მთავარია, ელონ მასკი თავის ბიზნესში საზოგადოების ფართო მასების ჩართვას აპირებს. ის მილიარდელია და ფულს ეპიკურ სფეროში – კოსმოსში აბანდებს. ყველას აინტერესებს – რატომ მაინც და მაინც კოსმოსი?

 მასკი ტრივიალური მიზეზების ჩამოთვლით თავს არ იწუხებს და არ საუბრობს კოსმოსზე, როგორც კაცობრიობის სულიერ მისსიაზე. ის ამბობს, რომ კოსმოსის ათვისება მილიარდობით ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნების შანსია:

 ” ვფიქრობ, სხვა პლანეტებზე სიცოცხლის გავრცელების მიზანი კაცობრიობის გადარჩენაა” – ამბობს მასკი, – ”კატასტროფის შემთხვევაში, სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რომელსაც ეწოდება: ”კარგი ამბავი ის არის, რომ უკვე ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს და ნებისმიერ დაავადებას; ცუდი ამბავი კი ის არის, რომ კაცობრიობა გადაშენდა”. მასკი დარწმუნებულია, რომ მარსის კოლონიზაცია კაცობრიობას დინოზავრებივით განადგურებისაგან იხსნის, და რომ მარსზე ადამიანების არსებობა გლობალური მასშტაბის დაზღვევაა: ”სასაცილოა!” – ამბობს ის, – ”ბევრს არ უყვარს კაცობრიობა, იმდენად, რომ მას პლანეტა დედამიწის სამარცხვინო ლაქად მიიჩნევს. მაგალითად, ასეთ ფრაზებსაც მოისმენთ: ”ბუნება მშვენიერია, განსაკუთრებით სოფლად, სადაც ადამიანის ჭაჭანებაც კი არ არის.”  იგულისხმება, რომ კაცობრიობის და მისი ცივილიზაციის არსებობა უარესია, ვიდრე არარსებობა. ”მაგრამ მე ასეთი ადამიანების რიცხვს არ ვეკუთვნი” – ამბობს მასკი; – ”მე მიმაჩნია, რომ ვალდებული ვართ განათლება დავნერგოთ და მომავალიც უზრუნველვყოთ”.

 ჯერ კიდევ პლატონის ეპოქაში საუბრობდნენ ხალხის გაუნათლებლობაზე; განათლება – ”გონის ნათება” – მსოფლიო მანიფესტია. დიდი კარლ სეიგანის აზრით: ”განათლება – ეს არის სამყაროს მიერ საკუთარი თავის შეცნობა”. თუმცა ამ მეტაფორას სრულყოფილება აკლია: სინათლის ფოტონები სამყაროს მიარღვევენ, კაცობრიობის განათლება კი კოსმოსურ სივრცეში უხილავი სანთელივით ბჟუტავს.

 მასკი ამბობს, რომ ის ხშირად ფიქრობს დაკვირვებადი სამყაროს მასშტაბით გონიერი სიცოცხლის არარსებობაზე: ”სულ რაღაც 50-იოდე წელია, ჩვენი რადიო-ტელესკოპები კოსმოსში ცივილიზაციის კვალს ეძებენ, ხოლო სულ მალე შორეული ეგზოპლანეტური ატმოსფეროების გამოკვლევასაც დავიწყებთ. შეუძლებელია, ადამიანის ინტელექტი ასეთი განსაკუთრებული მოვლენა იყოს სამყაროში. სხვებიც არსებობენ”.

 ჯერ კიდევ კოპერნიკის ეპოქიდან მოყოლებული, გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ ერთგვაროვან საყაროში ვცხოვრობთ, მზის სისტემებით, წყლით, ცეცხლითა და ქვით, რომელთა ურთიერთობა ჯერ უჯრედებს, ხოლო შემდეგ – გონიერ ცივილიზაციებს წარმოშობს. ამ ცივილიზაციებს კოსმოსური ხომალდების აგება შეუძლიათ.

 ”იმდენად შორს წავედით დღევანდელი ტექნოლოგიებით, რომ ღმერთსაც კი გავუტოლდებით”  – ამბობს მასკი, – ” კენტავრის ალფამდე რამდენიმე ასეულ ათას წელიწადში ველოსიპედითაც კი ჩახვალ, რაც ევოლუციური მასშტაბებით არაფერია. ხილული სამყაროს არსებობის 13,8 მილიარდი წლის განმავლობაში უამრავი ცივილიზაცია აღორძინდებოდა – ისინი სამყაროს ყველა წერტილში უნდა არსებობდნენ, მაგრამ რა? მათი კვალიც კი არ ჩანს. რატომ?! ჩვენი ტექნოლოგიების განვითარების შინაარსობრივ მიმართულებაზე თუ ვიმსჯელებთ, მათ რაღაც ცუდი დაემართათ”.

 დაახლოებით 500 მილიონი წლის შემდეგ, ჩვენი მზე ზომაში მნიშვნელოვნად მოიმატებს; არ გადაგვწვავს, მაგრამ კვებით ჯაჭვზე დამღუპველ გავლენას მოახდენს. იმ დროისათვის დედამიწის კონტინენტები კვლავ გაერთიანდება და ახალ პანგეას წარმოქმნის. მზის ნათობის მატებასთან ერთად, მკვეთრად მოიმატებს სხვაობა ღამის სიცივესა და დღის სიცხეს შორის; ცხელი ოკეანე ატმოსფეროდან ნახშირორჟანგს წაიღებს და მცენარეების უმეტესობა ფოტოსინთეზის უნარს დაკარგავს, რაც ცხოველების უმეტესობას თან გაიყოლებს. დარჩენილი ”გმირი მცენარეები” კი მზის აფეთქებას დაელოდებიან. მილიარდი წლის შემდეგ დედამიწა ვენერასავით გავარვარდება და ჯოჯოხეთად იქცევა, სადაც უძლიერესი მიკრობებიც კი ვერ გაძლებენ.

 და რა უნდა ვთქვათ ყველა სხვა გლობალურ კატასტროფაზე, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ მეხსიერებაში არც კი არსებობს? მათგან თავის დაცვა შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს გალაქტიკათა ვარსკვლავების შეჯახებაც, ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებისაგან მიღებული შოკიც და სასიკვდილო გამა გამოსხივებაც.

 კაცობრიობას შეუძლია ამ კატასტროფებს გადაურჩეს: ჩვენი შანსები ჩვენვე უნდა გავზარდოთ – კოსმოსური ფრენები უნდა აღორძინდეს, ტექნოლოგიები კი გადახალისდეს; მაგალითად, ბევრი ზონდი უნდა გავგზავნოთ და კოსმოსი, რაც შეიძლება, დაწვრილებით უნდა გამოვიკვლიოთ, რადგანაც ამ ადგილებში ერთი ადამიანის გაგზავნაც კი ტექნოლოგიურ სირთულეებთან და უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

 ”ზონდებს ვაგზავნით” – აღნიშნავს მასკი, – ”თუმცა დღევანდელი ტექნოლოგიებით ძალიან ძვირად. ბოლო როვერი 3 მილიარდზე მეტი დაგვიჯდა. ამ თანხით ჩვენ მარსზე უამრავი ადამიანის გაგზავნა უნდა შეგვეძლოს”.

Falcon_Heavy spc_x მასკს ერთი ამბავის მოყოლა უყვარს, რომელიც SpaceX-ს დაარსებას ეხება: ერთხელ მთელი ღამის განმავლობაში NASA-ს ინტერნეტ-გვერდს ეცნობოდა, რომელიც მთლიანად მარსის საკაცობრიო მისსიას ეძღვნებოდა. ეს 2001 წელი იყო და შატლები ხშირად დაფრინავდნენ, რაც ქმნიდა ილუზიას, რომ კოსმოსური ფრენების ეპოქა არ დასრულებულა. დღეს ამ ილუზიის შექმნა და გამყარება შეუძლებელია.

 კოსმოსური ფრენების იდეა უძველესია: 1610 წელს ასტრონომმა იოჰან კეპლერმა გალილეოს მისწერა: ”მოდით ავაგოთ იალქნიანი ნავები და ზეციურ ეთერში შევცუროთ; ბევრი ადამიანი მოიძებნება, რომელიც არ შეუშინდება ცარიელ სივრცეს; ჩვენ კი, გულად ზეციურ მოგზაურთა დასახმარებლად, ციურ სხეულთა რუკები შევადგინოთ”.

 უკვე სამი წელიწადია NASA-ს ადამიანები ორბიტაზე აღარ გაჰყავს. დღეს ამერიკელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურისაკენ რუსული რაკეტებით მიფრინავენ, ყაზახეთის კოსმოდრომიდან. სადგური მთვარესთან შედარებით ათასჯერ უფრო ახლოა დედამიწასთან, ამიტომ, მისსიათა წარმატებების მიუხედავად, NASA-ს ასტრონავტების ორბიტული ფრენები ისეთივე ”აღფრთოვანებას” იწვევს, როგორც კოლუმბის ჩასვლა კუნძულ იბიცაზე. სააგენტოს შემდეგი თაობის ხომალდი 2018 წლისათვის გამოვა, მაგრამ ის Apollo-ს მისსიებში გამოყენებულ  პიროტექნოლოგიურ მხეცზე – Saturn V-ზე ბევრად უკეთესი არ იქნება. ამერიკელები დრო-და-დრო აკეთებენ კენედის მსგავს განცხადებებს  მარსთან მიმართებაში, მაგრამ ელონ მასკმა უკვე 10 წელზე მეტია იცის, რომ, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვითაც კი, მარსზე პირველი საკაცობრიო მისსია 2018 წლამდე არ განხორციელდება.

 მას შემდეგ რაც მასკმა შეიტყო, რომ მარსის საკაცობრიო მისსიაზე სერიოზულად არავინ ფიქრობდა, გადაწყვიტა, რომ ამერიკელებს კოსმოსის მიმართ ინტერესი გაუნელდათ; მაგრამ შატლ Columbia-ს დაღუპვის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს შეხედულება მცდარია: ”შვიდი ადამიანი დაიღუპა” – ამბობს ელონი, – ”ეს თავისთავად ტრაგედიაა, თუმცა მსოფლიოში შვიდი ადამიანი საათში ერთხელ კვდება და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ამ შემთხვევაში კი ყველა საინფორმაციო სააგენტო, ყველა გაზეთი და უბრალოდ, საზოგადოება ღელვამ მოიცვა. ამერიკელებს კოსმოსი სისხლში გვაქვს”.

 მასკი კოსმოსურ შეჯიბრს ცივი ომის გადმონაშთად მიიჩნევს: ”საბჭოელებმა ”სპუტნიკ_-ის შემდეგ ბევრი იტრაბახეს, ამტკიცებდნენ, რომ ჩვენზე უკეთესი ტექნოლოგიები ჰქონდათ, რაც, მათი აზრით, კომუნიზმის უპირატესობაზე მიუთითებდა”. – ამბობს მასკი. – ”ჩვენ მიზნად დავისახეთ მათი დამარცხება და და ამ ბრძოლაში ფულზე არავინ ფიქრობდა. მაგრამ, მოვიგეთ თუ არა იდეოლოგიური ბრძოლა, ფულმა მაშინვე შეიძინა ძველი მნიშვნელობა”.

 1966 წელს NASA შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტის 4,4%-ს იღებდა, მაგრამ სულ რაღაც 10 წლის შემდეგ ამ თანხამ 1%-ზე ნაკლები შეადგინა და დღემდე ასეთ ნიშნულზეა. დაფინანსების ჩამოჭრამ NASA აიძულა დაეხურა Saturn V-ის საწარმო ხაზი და გაეუქმებიათ მთვარეზე სამი დაჯდომა. 1980 წელს კი მარსის მისსიის დახურვაც მოუწიათ, რის გამოც მათი ვებ-გვერდი საცოდავად გამოიყურებოდა, და სწორედ ამ დროს, 2001-ში ეწვია NASA-ს მასკი.

 უკანსვლის მიუხედავად, მასკმა ნებისყოფა მოიკრიბა და საკუთარი ძალებით დაიწყო მარსის მისსიის დაგეგმვა. მას უნდოდა მარსზე სათბური გაეგზავნა და მასში მოთავსებული მცენარეები პირველ საპლანეტათშორისო მრავალუჯრედიან ორგანიზმებად ექცია; გადაწყვეტილი ჰქონდა მთვარეზე თაობები გაეგზავნა და მომავალში, ცოტაოდენი წარმატების შემთხვევაში, NASA-ს ბიუჯეტის ზრდა პოლიტიკოსთა მთავარ მისწრაფებად ექცია.

 აშშ ტრანსპორტირების სამსახურმა მარსის სათბურის მისსია 60-80 მილიონ დოლარად შეაფასა. მასკმა  გამოყენებული რუსული ინტერკონტინენტური რაკეტის შესყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ რუსები ყოველ კონტაქტზე ფასს უმატებდნენ. საბოლოოდ მასკს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა და გადაწყვიტა საკუთარი სარაკეტო კომპანია დაეარსებინა.  მისმა მეგობრებმა ეს სიგიჟედ ჩათვალეს და მისი გადარწმუნება სცადეს, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არავისთან არ ისურვა. მასკი მოწოდებით ინჟინერია და კომპანიაში მისი თანამდებობა განისაზღვრება, როგორც ”ტექნოლოგიური სამსახურის უფროსი” ან ”ტექნიკური აღმასრულებელი”. იმდენად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი საკუთარი კოსმოსური ხომალდის აგება, რომ სარაკეტო ინჟინერიის შესახებ ტონობით წიგნები შეისწავლა.

 დიადი გადაწყვეტილებები დიდ დროს მოითხოვს, ყინულივით მომლოდინე უნდა იყო, ზღვასავიღ მღელვარე და მიზნად მეზობელ პლანეტამდე მისვლა უნდა დაისახო.

 მასკი მიიჩნევს, რომ 2008 წელი მისთვის უსაშინელესი და ურთულესი დრო იყო: Tesla გაკოტრების პირას იდგა, ეკონომიკური კრიზისის გამო ფული არ იშოვებოდა, მასკი მეუღლეს გაშორდა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარავად მეგობრებისაგან დიდი რაოდენობით თანხები ისესხა. SpaceX-ი, გადაკვრით რომ ითქვას, ცეცხლში იწვოდა: მასკმა თავისი ახალი რაკეტის, Falcon 1-ის ასაგებად 100 მილიონი დოლარი დახარჯა, მაგრამ მისი პირველი სამი პროტოტიპი ორბიტაზე გასვლამდე დაიწვა. მეოთხე ისე აფეთქდა, ატმოსფეროსაც კი ვერ გასცდა. SpaceX უიღბლობამ მოიცვა; ავიაკოსმოსურ სფეროში მომუშავე ჟურნალისტები კომპანიას განუწყვეტლივ აკრიტიკებდნენ. მასკს საშინლად სჭირდებოდა დასვენება. და ეს ბედნიერი ხანაც დაუდგა, როდესაც სრულიად ჯანსაღი და ხელუხლებელი Falcon 1, ცეცხლის სუფთა ნაკადზე ამხედრებული, ორბიტაზე გაიჭრა და ისტორიის წიგნებში შევიდა როგორც  თხევადი საწვავით აღჭურვილი, პირველი კერძოდ დაფინანსებული კოსმოსური ხომალდი.

 ამ წარმატების ფონზე SpaceX-მა NASA-სთან 1,6 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც მასკმა კომპანიის გაფართოებისა და საწარმო პროფილების მრავალფეროვნების გაზრდის მიზნით გამოიყენა. ამ დროიდან მოყოლებული, მან 15 მისსია ხარვეზის გარეშე შეასრულა, მათ შორის – საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთები ჩაიტანა. 2013 წელს მასკმა 20 წლით გირაოდ აიღო კანავერალის კონცხის სასტარტო მოედანი 39A, რომელიც თავის დროზე მთვარის მისსიების ხომალდების – Apollo-ს რაკეტების გასაშვებად გამოიყენებოდა. ერთ წელიწადში კი ტექსასის შტატში, ბრაუნსვილთან ახლოს, მიწა შეიძინა, სადაც SpaceX-თვის კოსმოპორტის მშენებლობა დაიწყო. ”ამისთვის თითქმის საუკუნეები დავკარგე.” – მითხრა მან. – ”მილიონობით სააგენტოს ხელმოწერა დამჭირდა და აქედან ბოლო ისტორიული მიწების სააგენტო იყო, სადაც მომთხოვეს, რომ შემოსავლების მოზიდვის მიზნით, ხალხს რაკეტების გაშვების ნახვა უნდა შესძლებოდა. კარგი ერთი, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, რას ითხოვთ? ის ტერიტორია თვალით გინახავთ? ასეთ ადგილებზე დგომა წარმოუდგენელია!”

 მასკს თავის სწრაფ პროგრესზე საუბრის არ ერიდება, რადგანაც დიდი ხანია შეჯიბრს გემო გაუგო. ერთხელ ბლუმბერგის სატელევიზიო გადაცემაში კითხეს, თუ რას ფიქრობდა Tesla-ს კონკურენტებზე. მას კი სიცილი აუტყდა. ”რა გაცინებთ?!” გაოცდა ჟურნალისტი. ”მათი მანქანა გინახავთ?!” – სიცილით უპასუხა მასკმა. ასეთივე შოუმენობა გამოამჟღავნა მაშინაც, როცა სხვა აეროკოსმოსურ საწარმოებზე ვკითხე: ”ბევრმა წამოიწყო ეს საქმე, მაგრამ ყველა ჩავარდა ან არასაკმარისად წარმატებული აღმოჩნდა”. – განაცხადა ამაყად.

 თუმცა ფაქტია, რომ SpaceX-ს ჰყავს კონკურენტები – საწარმო გიგანტებიც და მსგავსი ახალბედა აეროკოსმოსური კომპანებიც. მთავარი ხელჩართული ბრძოლა მაშინ მოუხდათ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ყირიმში ტანკების შეყვანისათვის სანქციები დაუწესა. ამ მოვლენიდან ერთი კვირის შემდეგ რუსეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი როგორზინმა განაცხადა, რომ: ”ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაწვრილებით ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ამერიკას თავისი რაკეტების საერთაშორისო კოსმოსური სადგურისაკენ  გაშვება ტრამპლინით მოუწევს”.

 SpaceX- მა მარტში გაიმარჯვა, თუმცა ის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვიეს რაკეტების გაშვების დაგვიანების და ზოგადა, დროის ცუდი დაგეგმარების გამო. იმავე წლის აგვისტოში ერთ-ერთი სასტარტო ხომალდი გაშვებამდე აფეთქდა. ბოლოს და ბოლოს NASA-მ Boeing-სა და SpaceX-თან ცალ-ცალკე კონტრაქტები გააფორმა და თითოეულს 6-6 სარაკეტო გაშვება დაუტოვა. მასკმა მტკიცედ განაცხადა, რომ, მოიგებდა თუ წააგებდა, ამიერიდან მისი მიზანი საკაცობრიო მისსიების განხორციელება იყო. მან ეს მოკლე, ორბიტული გაშვებები კომპანიის რეპუტაციის ასამაღლებლად გამოიყენა და დაამტკიცა, რომ მასზე უკეთ ვერავინ შეძლებდა ასეთი საპასუხისმგებლო მისსიების შესრულებას. ამ დროის განმავლობაში კომპანია ინოვაციურ საინჟინრო გამოგონებებზე მუშაობდა, რამაც დიდი თანხები შემოიტანა და საშუალება მისცა მათ დაეწყოთ ისეთ მისსიაზე მუშაობა, რომელზედაც არცერთ კომპანიას უკვე 50 წელიწადზე მეტია, არც კი უოცნებია – ეს იყო ადამიანების უსაფრთხო ტრანსპორტირება ახალ სამყაროში.

და კვლავ, დიადი გადაწყვეტილებები დიდ დროს მოითხოვს, ყინულივით მომლოდინე უნდა იყო, ზღვასავით მღელვარე და მიზნად მეზობელ პლანეტამდე მისვლა უნდა დაისახო. პლანეტების ორბიტებიდან გამომდინარე, მანძილი დედამიწასა და მარსს შორის დიდ ფარგლებში მერყეობს: უშორეს მანძილზე, მარსიდან დედამიწამდე ათასჯერ უფრო მეტი მანძილია, ვიდრე – დედამიწიდან მთვარემდე.   მაგრამ ყოველ 26 თვეში ერთხელ ისინი იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ მათ შორის მანძილი 12 მილიონ კილომეტრამდე მცირდება, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს მხოლოდ 150-ჯერ აღემატება. შემდეგი ასეთი ”ფანჯარა” 2018 წელს იქნება, რაც ძალიან მცირე დროა ადამიანებით აღჭურვილი ხომალდის გასაგზავნად. სამაგიეროდ, 2030 წლისათვის, როდესაც მარსი დედამიწის ცაზე კვლაც ნარინჯისფერი შუქით აბრღვიალდება, მასკი მისკენ იმ ისტორიულ მისსიას გაუშვებს, რომელიც 2040 წლისათვის მარსზე პირველ, ქალაქის ტიპის კოლონიურ დასახლებად იქცევა.

 SpaceX მხოლოდ 12 წლისაა. დღეიდან 2040 წლამდე კომპანია 3-ჯერ უფრო მეტი ხნის  იქნება. თუ ჩვენ ტექნოლოგიის წრფივი პროგრესით განვითარებას შევძლებთ, ლოგარითმის საპირისპიროდ, მაშინ მარსზე ათასობით თუ ათიათასობით ადამიანის კოლონია ამ საუკუნეშივე გვექნება” – ამბობს ის.

 მასკი ამბობს, რომ პირველი კოლონისტები. გარკვეული სახით, საფასურს გადაიხდიან: ”გარკვეული ზღვარი უნდა გავავლოთ იმ ადამიანებს შორის, ვისაც სურს წასვლა და ვისაც ფინანსურად შეუძლია წასვლა” – ამბობს ის. – და ამ ზღვარმა ხელი უნდა შეუწყოს თვითმყოფადი ცივილიზაციის ჩამოყალიბებას. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ არსებობს ხალხი, რომლებიც ამაში ნახევარ მილიონ დოლარს მაინც გადაიხდიან; თუმცა ეს შვებულება კი არა – გადასახლებაა: მათ ყველაფერი უნდა გაყიდონ და მარსზე ძველი ამერიკული კოლონიების მსგავსი საზოგადოება უნდა ჩამოაყალიბონ”.

 ასეთი დიდი საფასურის გადახდის მიუხედავად, მარსისკენ არდაბრუნების მისსია ადამიანებს მაინც წარმოუდგენლად ძვირი დაუჯდებათ: საოცარი შეგრძნებაა შორეულ კოსმოსურ მისსიაში ყოფნა, უკან ჩამოტოვებული დედამიწის ცქერა, სამყაროთა შორის სივრცეში ტივტივი, არნახულ უდაბნოში სიარული უცხო ცის ქვეშ. თუმცა ამ ცაზე დედამიწა მხოლოდ ერთ-ერთი ციცქნა მნათობი იქნება აურაცხელ ვარსკვლავთა შორის, რომლის ახლოდან დანახვა მხოლოდ ტელესკოპით თუ იქნება შესაძლებელი, თავისი მქრქალი ცისფერი ატმოსფეროთი, ლურჯი ოკეანეებით და ხმელეთის მოხაზულობებით. დროთა განმავლობაში მისი მთები და მდინარეები მოგენატრებათ, ისევე, როგორც მწვანე ხეები და ყვავილების საოცარი სურნელი; მოგაგონდებათ ტროპიკულ ტყეებსა და ოკეანეებში მცხოვრები უამრავი არსება.

 ღამის მხარეზე მოციმციმე შუქების ბადეს შენიშნავთ და გაგახსენდებათ მილიარდობით ადამიანი, რომლებიც სამუდამოდ დატოვეთ – ოჯახი, მეგობრები, უბრალოდ – საყვარელი პიროვნებები.

 მარსზე სიცოცხლის არარსებობამ შეიძლება ეს მონატრება ფსიქოზამდე გაამწვავოს. გარკვეული დროის განმავლობაში მისი პეიზაჟები საჰარას მოგაგონებთ, თუმცა კლიმატი ანტარქტიკის შუაგულზე უფრო ცივია.; მისი გათხელებული ატმოსფერო გამუდმებით სიკვდილით გემუქრებათ, ხოლო კოსმოსურმა გამოსხივებამ სკაფანდრშიც კი შეიძლება შემოაღწიოს. უმაგრესი საკეტებიც კი ვერ შეუშლის ხელს მარსის გრუნტის მწველ ნაწილაკებს – ისინი შტორმის დროს საცხოვრებელ მოდულებში შემოაღწევენ, ფილტვებს და თვალებს გააღიზიანებენ. მედიტაციის გარეშე კანზე ვეღარასოდეს შეიგრძნობთ მზის თბილ სხივებს, გრილი ნიავის ქროლვას; უფერო მეტიც –  შეიძლება დიდხანს მოგიწიოთ მიწის ქვეშ, უფანჯრო გამოქვაბულში ცხოვრება, სადაც პირველყოფილების მიერ დახატული ველური ცხენების ჯოგიც კი არ იქნება.

 კაბინის სივიწროვემ შეიძლება მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვიოს. სამთავრობო სტრუქტურები სუსტი იქნება, ხოლო რესურსების ნაკლებობამ შეიძლება კოლონიებს შორის სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. ამერიკის კოლონიებში უამრავმა სოციალურმა და საზოგადოებრივმა პრობლემამ იჩინა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები,  მარსის კოლონიის პირობებთან შედარებით, სამოთხეში ცხოვრობდნენ. ზოგიერთ ძლიერ პიროვნებას შეუძლია ამ პირობებს ათწლეულების განმავლობაშიც კი გაუძლოს, მაგრამ, მასკის აზრით, თვითმყოფადი ცივილიზაციისათვის მილიონი ადამიანის გენეტიკური მრავალფეროვნებაა საჭირო.

 მილიონი ადამიანის შემთხვევაშიც კი, თითოეული პიროვნება უაღრესად მაღალპროდუქტიული უნდა იყოს” – ამბობს მასკი. – ”რადგანაც მარსზე უზარმაზარი სამრეწველო სტრუქტურის აგებაა საჭირო: უნდა მოიპოვო და გადაამუშავო წიაღისეული, შექმნა მრავალფეროვანი პროდუქცია და ისიც – დედამიწაზე გაცილებით უფრო რთულ გარემოში, სადაც არ იზრდება ხეები, არ არის ჟანგბადი და თითქმის არ მოიპოვება აზოტი თუ ნავთობი”.

 ”მარსის კოლონია მილიონს როგორ მიაღწევს?” – ვკითხე მასკს. ”თუ ბუნებრივ მატებას არ ჩავთვლით” – ამბობს ის, – ”ერთ ჯერზე 100 ადამიანის გადაყვანის შემთხვევაში, 10000 რეისის განხორციელება იქნება საჭირო. ამას დავუმატოთ ამ ადამიანებისათვის საჭირო ტვირთიც, რაც 10-ჯერ მეტი ხომალდია და დაახლოებით 100000 გიგანტური ხომალდის გაგზავნა მოგვიწევს”.

 მასკი ირწმუნება, რომ ეს ამ საუკუნის განმავლობაში მოხდება. გადმოცემით ვიცი, რომ ის გიგანტური კოსმოსური ხომალდის აგებას აპირებს, რომელსაც მარსის კოლონიური გადამყვანი – Mars Colonial Transporter – ეწოდება. თუმცა, ხომალდის დიზაინის შემუშავება რთული სულაც არ არის – ურთულესია ასეთი ხომალდის საწვავით აღჭურვა და კოსმოსში გაგზავნა. თუმცა მასკს ეს საკითხიც გადაჭრილი აქვს – ის მრავალჯერადი ხომალდის აგებას აპირებს, რომელიც დედამიწაზე რბილად დაეშვება, ხოლო ერთ საათში კოსმოსში ასაფრენად ისევ მზად იქნება.

 ”რაკეტა ერთად-ერთი სატრანსპორტო საშუალებაა დედამიწაზე, რომელიც ყველა ჯერზე თავიდან უნდა ააგო” – ამბობს ის. – ”წარმოიდგინეთ, რა ბედი ეწეოდა ავიაციას, ყოფელი ფრენის შემდეგ ახალი თვითმფრინავი რომ იყოს ასაგები”. მასკი ნელ-ნელა მიიწევს წინ მრავალჯერადი ხომალდის აგების საკითხში, თუმცა ასეთი რაკეტის პროტოტიპმა უკვე იფრინა ჰაერში 1000 მეტრის სიმაღლეზე და მიწაზე კვლავ რბილად დაეშვა. როგორც თვითონ ამბობს, მრავალჯერადი გამოყენება თითოეულ ტონა საწვავზე რაკეტის და ხომალდის დანახარჯებს ორჯერ ამცირებს. ასეთი დაბალი ფასი უამრავ ადამიანს წაიყვანს მარსზე, და მის 100000 ხომალდსაც ეყოფა.

 მხოლოდ ერთხელ მიიხედეთ უკან და წამით გადაინაცვლეთ 1914 წელში. ეს დაგანახებთ, თუ რამდენი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთი საუკუნის განმავლობაში: მილიონიანი მარსის კოლონია არარეალური გვეჩვენება, მაგრამ, 100 წლის წინანდელი თვალთახედვით, თვით SpaceX-ც ტექნიკურ-ფუტურისტული ფანტასტიკაა – რაკეტების საოცარი საწარმო: ქრომირებული ძრავები ბზინავს, მათგან ლურჯი ნეონის ნაკადები მოედინება; თეთრი კერამიკის მილებზე ოქროსფერი ქსოვილები გადაჭიმულა, და ამ გიგანტურ, ჭიანჭველების ბუდესავით რთულ ნაგებობებზე კონსტრუქტორები დაცოცავენ. მმართველები სხვადასხვა სიმაღლეებზე განლაგებული შუშის კაბინეტებიდან აკონტროლებენ სამუშაოებს, სტერილური  ოთახები კი ელექტროდინამიკური ბგერებითაა სავსე. სულ რაღაც 12 წლის წინათ ეს საოცარი ტექნოლოგიური სკა – რაკეტების საწარმო – მხოლოდ ელონ მასკის საოცარ წარმოდგენაში თუ არსებობდა და მისი გონების რამდენიმე ელექტროფიცირებულ ნეირონს მოიცავდა.

 უბრალო ადამიანს არანაირად არ შეუძლია SpaceX-ის ასწლიანი პროგრესი იწინასწარმეტყველოს. ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით მარსზე გაფრენის ოცნება მთვარის ხომალდებივით -”აპოლოებივით” ანგარში გადაინაცვლებს და ისტორიას ჩაბარდება. საუკეთესო შემთხვევაში კი..

 მასკი ამბობს, რომ მან SpaceX-ის გადასაბარებლად თადარიგები უკვე დაიჭირა: ის ერთ ან რამდენიმე ინსტიტუტს გადაეცემა და სამუშაოების გაგრძელებას უზრუნველყოფს. ამ საწარმოს მემკვიდრეებად მისი ხუთი ვაჟიც კი არ განიხილება; ”არ დავუშვებ, რომ ჩემი შრომა მოკლევადიანი შემოსავლების წყაროდ გადაიქცეს”- ამბობს ის. – ეს საშინელება იქნება. ჩვენ უნდა გავხდეთ მრავალპლანეტური ცივილიზაცია – ეს არის შემდგომი ნაბიჯი, ეს არის ჩვენი უპირობო მიზანი”.

 ელონს ვკითხე, უნდოდა თუ არა ერთ დღეს თვითონაც წასულიყო მარზსე. ”ძალიან მინდა” – მითხრა მან , – მაგრამ სიკვდილის მაღალი რისკია, ამიტომ არ მინდა კომპანიის მომავალი, მისი უმთავრესი დანიშნულების განხორციელება საფრთხის წინაშე დავაყენო”.

 SpaceX-დან წამოსვლამდე, ბოლო შეკითხვა დავუსვი ადამიანს, რომელიც აპირებს ერთი საუკუნის განმავლობაში მარსზე მილიონიანი კოლონია დააარსოს; მინდოდა გამეგო მისი აზროვნებისა და ტექნიკური ამბიციების ზღვარი, მისი თვითშეფასების დონე: – ”როგორ გგონიათ, სხვა ვარსკვლავებსაც ავითვისებთ?”.

 ”ოჰო?” – გაოცებით ამბობს ელონი. – ”სხვა ვარსკვლავიერ სისტემებამდე მისვლა რთულია – ჩვენთან უახლოეს კენტავრის ალფა ვარსკვლავამდეც კი 4 სინათლის წელია. სინათლის სიჩქარის მეათედიც რომ განავითარო, იქამდე 40 წელი უნდა იფრინო და კიდევ უფრო მეტიც,  თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სიჩქარეს მხოლოდ თანაბარი აჩქარებით უნდა მიაღწიო, და ასევე უნდა დაუკლო, რომ კენტავრის ალფამდე მიხვიდე და არა გიჟური სიჩქარით ჩაუქროლო”. – აქ მან ბავშვივით გაშალა ხელი, მფრინავი რაკეტა გამოსახა და ზუზუნის მსგავსი ხმა გამოსცა. ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ ვარსკვლავთშორის მოგზაურობაზე, მაგრამ განსხვავებული არაფერი წამოსცდენია: – ”უბრალოდ, რთული საკითხია.” – იმეორებდა ის. – ”ისეთი ხომალდი გჭირდება, თაობებს რომ გამოზრდის. ანტიმატერიული ძრავებია საჭირო, რადგან მათზე სწრაფი და ენერგოეფექტური არაფერია. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ წარმოუდგენლად დიდ დროს მოითხოვს”.

 ”ესე იგი, სკეპტიკოსი ხართ” – ვკითხე. მასკი მოიღუშა. – ”ვარსკვლავურ ფრენებს სკეპტიკურად არ ვუყურებ” – თქვა მან, – ”უბრალოდ, მაინტერესებს, როგორი იქნება ის კაცობრიობა, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას შეძლებს. საკმარისია მარსზე კოლონია დავაარსოთ, რომ მთელი მზის სისტემის ათვისებას წინ ვეღარაფერი აღუდგება: ჩვენ შევქმნით ძლიერ ეკონომიკურ მექანიზმს კოსმოსში მოგზაურობის გასაუმჯობებსებლად, წავალთ იუპიტერის მთვარეებზე, სატურნთან ტიტანზე და ასტეროიდებზე. დედამიწა-მარსის ეკონომიკა საშუალებას მოგვცემს დავფაროთ მთელი მზის სისტემა. მაგრამ ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილი მარსზე დასახლების იდეის განხორციელებაა. მულტი-პლანეტურ ცივილიზაციად ჩამოყალიბების მიზანზე ლაზერივით უნდა ვიყოთ ფოკუსირებული. შემდგომი ნაბიჯი ესაა”.

 გასაგებია, რატომაც გადაულოცა NASA-მ მასკს საკაცობრიო კოსმოსური ფრენების ასპარეზი: ის შესანიშნავ რაკეტებს აგებს, მაგრამ ძველ გამოცდილებებს არ უარყოფს; ხორცს ასხამს ჩვენს ოცნებებს კოსმოსზე, და ეს მისი ბედისწერაა. მას შეუძლია დაგარწმუნოთ – ამბობს, რომ თუ მხოლოდ დედამიწის იმედად დავრჩებით, დავიღუპებით, რადგან ცეცხლისა და წყლის სტიქიათა მძვინვარებაში ამოვყოფთ თავს, რასაც ჩვენი განადგურება შეუძლია. ამბობს, რომ უნდა გავცუროთ უშორესი ნაპირისაკენ ბნელი და სახიფათო ოკეანის გავლით.  ის სასწაულს გვპირდება.

ავტორი – როსს ანდერსენი(cosmos and transport).

თარგმნა მარიკა ტარასაშვილმა(ასტრობიოლოგი).

2 comments

  1. ოჰო… რამდენი ხანი საიტი გათიშული იყო… ახლა კი შემოვდივარ საიტზე და უამრავ სიახლესთან ერთად ეს არაჩვეულებრივი პოსტიც მხვდება, ჩემთვის ერთ ერთ ყველაზე პატივსაცემ ადამიანზე… მადლობა საიტის ადმინისტრაციას რომ არ დაივიწყეთ საიტი და აამუშავეთ… და მარიკა ტარასაშვილსაც დიდი მადლობა არ დაიზარა და თარგმა ეს ინტერვიუ…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.