დასასრული ყველაფერს აქვს, თვით სამყაროსაც კი. კვლევები სამყაროს მომავალთან დაკავშირებით საკმაო ბურუსით მოცულ პროგნოზებს იძლევიან . ყველაფერი შეიძლება აფეთქებით დამთავრდეს.
აქამდე დასასრულის ორი თეორია არსებობდა. პირველის მიხედვით, სამყარო ძალიან დიდი ხნის მერე უკან დაიწყებს შეკუმშვას, წერტილად გადაიქცევა და ისევ აფეთქდება, ახალი დიდი აფეთქების სახით.
მეორე თეორია ამბობს, რომ სამყაროს გაფართოება უსასრულოდ გაგრძელდება – გაფართოებაში გალაქტიკების მუდმივი ურთიერთ დაშორება იგულისხმება.
თუმცა აღმოჩნდა, რომ სამყაროზე უცნობი ძალა ბატონობს, რომელსაც მეცნიერებმა პირობითად ბნელი ენერგია შეარქვეს.
არავინ იცის ზუსტად, და ვერც წარმოუდგენია, რა არის ეს. ჯერჯერობით ეს არის ჰიპოთეტური ”რაღაც”, ეს ”რაღაც” კი თავს საკმაოდ ჯიუტად ამჟღავნებს: მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ბნელი ენერგიაა გალაქტიკების აჩქარებული ურთიერთდაშორების მიზეზი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ განზიდვის ძალები, როგორიც არ უნდა იყოს მათი ბუნება, გრავიტაციულ მიზიდულობაზე ძლიერია.
ფიზიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება და აჩქარებული გაფართოება ადრე თუ გვიან დაიწყებს შემცირებას, შემდეგ კი საერთოდ გაქრება.
რობერტ კოდუელი, კოლეჯიდან ნიუ ჰემპშირში, სხვანაირად ფიქრობს.
რობერტ კოდუელი.
თანამედროვე გამოკვლევებსა და თავის მოსაზრებებზე დაყრდნობით, მან ახალი თეორია ჩამოაყალიბა. თეორიის მიხედვით, ჩვენს სამყაროს ელვარე მომავალი ელოდება, უკიდურესად ელვარე. კოდუელის თეორიას დიდი გახლეჩა ქვია(Big Rip).
დედა აზრი ძალიან მარტივია: ბნელი ენერგია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერი გახდება, და საბოლოოდ, გახლეჩს რაც კი რამ ჩვეულებრივი მატერია არსებობს. კოდველმა და მისმა კოლეგებმა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან პასადენაში გამოთვალეს კიდეც, თუ როგორ მოდება ეს საერთო დასასრული.
დაახლოებით 22 მილიარდი წლის მერე, დღევანდელი დღიდან, ბნელი ენერგია ატომურ ბირთვებსაც კი გახლიჩავს – ამას კი, როგორც ცნობილია, თან ახლავს ჩვეულებრივი ენერგიის დიდი ოდენობით გამოყოფა. მოდით წამიერად წარმოვიდგინოთ, რომ სამყაროს ყველა ატომი აფეთქდა……….
”როცა ბნელი ენერგია საკმაოდ ძლიერი გახდება, გრავიტაციული არასტაბილურობა შეწყვეტს არსებობას და სამყარო გახდება ერთგვაროვანი. ცალკეული ნაწილაკები ერთმანეთისგან იზოლირებულნი აღმოჩნდებიან…” – წერს კოდველი.
დიდი გახლეჩის გრაფიკი.
”ჰუმანოიდებიდან თუ ვინმე გადარჩა,- ამბობს ამ თეორიის მეორე მომხრე, ბრიტანელი ასტრონომი მარტინ რიზი, – ის დაინახავს ყველაფერს, ბოლო მილიწამის გარდა. ზუსტად ამ დროს, კოსმოსური განზიდვა გადაძლევს ჩვენი სხეულების ელასტიურობას და ნაწილებად აქცევს მას. ეს ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა, იმის მტკიცებაც , რომ ასეთი არაფერი მოხდება, შეუძლებელია”.
ამ ყველაფერში უკეთ გასარკვევად ასტრონომები კოსმოსში სპეციალური ზონდის გაშვებას აპირებენ Supernova/Acceleration Probe(SNAP), რომელიც მომავალი ათწლეულის ბოლოსთვის გავა ორბიტაზე. ეს ზონდი მოახდენს ზეახალი ვარსკვლავების დეტალურ კვლევას, რათა დანამდვილებით დადგინდეს, თუ რა სიჩქარით გვშორდებიან გალაქტიკები, რომლებშიც ამ ზეახლების აფეთქება მოხდა. შესაბამისად გაირკვევა თუ როგორია ბნელი ენერგიის ზემოქმედება.