ხანგრძლივი მინიმალური აქტიურობის მერე, მზე აღარ არის ისეთი წყნარი. მზის დინამიკის კოსმოსურმა ობსერვატორიამ (SDO) მნათობის სურათები ულტრაიისფერ დიაპაზონში გადაიღო. მასზე სამხრეთ ნახევარსფეროს აქტიური ზონაა გამოსახული. პირობითი ფერებით შექმნილი ფოტო 1 მილიონ გრადუსზე მეტად გაცხელებულ პლაზმას გვიჩვენებს.
ჩანს ამოფრქვეული ბოჭკოვანი სტრუქტურები და პროტუბერანცები, აგრეთვე პატარა ანთება აქტიური ნაწილის მარცხენა მხარეს. მას თან სდევდა მილიარდ ტონიანი პლაზმური მასის კორონალური ამოფრქვევა. მაღალენერგიული დამუხტული ნაწილაკებისაგან შემდგარი პლაზმა დედამიწისაკენ მოემართებოდა. ამ ნაკადს 150 მილიონი კილომეტრის დასაფარავად სულ 2 დღე დაჭირდა. კორონალური ნაკადი დედამიწის მაგნიტოსფეროს შეეჯახა და მაგნიტური ქარიშხალი გამოიწვია, ასევე ჩრდილო და სამხრეთ პოლარული ნათება.
ე.წ. მზის მინიმუმის დროს, ჩვენი მნათობის ზედაპირზე მცირე რაოდენობის ლაქები და პროტუბერანცები წარმოიქმნება. ახალი კვლევის ავტორებმა ივარაუდეს, თუ როგორ შეიძლება იყოს დაკავშირებული მთლიანი ციკლისა და მინიმუმის პარამეტრები მზის შიგნით პლაზმური ნაკადების ცირკულაციაზე – მზის ”კონვეირზე”.
როგორც წესი, მზის გააქტიურებისა და აქტიურობის შემცირების ციკლი 10,7 წელი გრძელდება. მათგან 23-ე (1755 წლიდან), რომელიც 2008 წლის დეკემბერში დამთავრდა, გაგრძელდა გაცილებით დიდი დროით საშუალოსთან შედარებით (12,6 .წ), თან წარმოქმნა ყველაზე ნაკლები რაოდენობის ლაქები დაკვირვებების 100 წლის განმავლობაში. ახალმა ციკლმა ძალიან გვიან აიღო სტარტი, იყო ძლიერი მინიშნებებიც გააქტიურებისაკენ, თუმცა მნათობი მაინც უცნაურად წყნარი რჩებოდა.
მეცნიერებმა გამოიყენეს რთული კომპიუტერული მოდელირება, რომელიც გვიჩვენებს ურთიერთ დამოკიდებულებას მზის კონვეირის წაგრძელებასა და აქტიური პერიოდის ხანგრძლივობას შორის. გაიზარდა დრო, რომელიც ჭირდება პლაზმას ერთი წრის გასავლელად.
სხვა მოსაზრებით, პროცესი კონვეირის სიგრძით კი არ აიხსნება, არამედ მასში გამავალი პლაზმის სიჩქარის მატებით, პლაზმა რეკორდულად სწრაფად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოძრაობდა.
მნათობმა, მეცნიერები ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე კაშკაშა და ძლიერი რენტგენის ანთებით “გაახარა”. მოვლენა გახდა მიზეზი ლაპარაკის დაწყებისა პოტენციურად სასარგებლო პროექტზე, ელექტრო ქსელების დაცვის შესახებ, რომელსაც ამერიკის კოსმოსური საგენტო ანვითარებს.
ზრდადობის მიხედვით, მზის ანთებების კლასიფიკაციაში არის 5 ძირითადი გრადაცია. თითოეული ათჯერ მეტია წინაზე: A,B,C,M და X, ყოველ გრადაციას აქვს აგრეთვე თავისი ზუსტი მონაცემი 1 დან 9-მდე. 2010 წლის 6 ნოემბრის ანთებამ მიაღწია M5.4 და წარმოქმნა იონიზაციის ტალღები ატმოსფეროს ზედა ფენებში, რომელთაც დაბალი სიხშირის ტალღების გავრცელების მაჩვენებელი შეცვალეს – იუწყება NASA.
საბედნიეროდ, მზის ლაქების ჯგუფი, რომელმაც გამოიწვია ეს ანთება, მზის დისკოს კიდესთან მდებარეობდა, ასე რომ, კორონალური ამონაფრქვევი დედამიწას ასცდა.
თუ ხსენებული ლაქების აქტიურობა არ შემცირდება, მაშინ სურპრიზებს უნდა ველოდოთ. მზის ბრუნვის გამო ხსენებული რეგიონი 12-13 ნოემბერს აღმოჩნდება დისკოს ცენტრთან ახლოს. ასეთი განლაგების შემთხვევაში, შემდგომი მძლავრი ანთებები მზიდან პლაზმის ამოფრქვევას გამოიწვევენ და მინიმუმ ძლიერ პოლარულ ნათებებს დედამიწაზე. თუმცა შედეგები უფრო სერიოზულიც შეიძლება იყოს.
1859 წელს, ზოგიერთ სატელეგრაფო სადგურებს შორის კავშირი გაწყდა, რაც გამოწვეული იყო დენებით, რომლებიც უძლიერესმა მაგნიტურმა შტორმმა სადენებში წარმოქმნა, შტორმი კი მზეზე მომხდარმა კორონალურმა ამოფრქვევამ გამოიწვია.
მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, ნასა ქმნის პროექტს “მზიური ფარი”. ის ეფუძნება სააგენტოთშორისი კომპიუტერული ცენტრის გამოთვლების სიძლიერეს მოდელირების დროს(გოდარდის საფრენოსნო ცენტრი). წარმოების მიზანია – მზის შტორმით გამოწვეული ზარალის წინასწარმეტყველება “ერთეული ტრანსფორმატორის” დონეზე.
თეორიულად მზიური ფარი ასე მუშაობს. ანთება ფიქსირდება თანამგზავრ SOHO-ს და ორი ერთნაირი აპარატი STEREO-ს მიერ. მაშინვე იქმნება დამუხტული ნაწილაკების ნაკადის სამ განზომილებიანი მოდელი. იგი საშუალებას იძლევა გავიგოთ, როდის მოაღწევს გამოსხივება დედამიწამდე(ეს კი 24-48 საათის შემდეგ ხდება).
დედამიწამდე პლაზმის ნაკადი 30-60 წუთით ადრე თანამგზავრ ACE-ს გაივლის, რომელიც ლაგრანჟის წერტილში იმყოფება დედამიწასა და მზეს შორის. ACE-ედან მიღებული მონაცემებით დაზუსტდება ნაკადის სიჩქარე და სიმკვრივე.
კომპიუტერული მოდელირების ცენტრი მაშინვე გამოითვლის მაგნიტური ველის და დენის ძალას ატმოსფეროს ზედა ფენებში. ეს ინფორმაცია ოპერეტიულად გადაეცემა ენერგოქსელებს, რათა შტორმის მაქსიმალური მოქმედების დროს გამორთულ იქნას ყველაზე უფრო დაუცველი კვანძები და შეწყდეს ადამიანებისათვის საშიში სამუშაოები.
ასეთი ტიპის ცრუ განგაში შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ენერგო კომპანიებს, თუმცა არც ავარიის შედეგები იქნება მცირე. ასე რომ პროგნოზის სიზუსტე ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია.
პროექტმა ა.შ.შ-ში, უკვე თითქმის ჩამოყალიბებული სახე მიიღო, თუმცა საინტერესოა ერთი რამ: ასტრონომთა ვარაუდით, მზის ლაქების რაოდენობა აქტიურობის მომდევნო ციკლებში შემცირდება და შემდეგ საერთოდ გაქრება, მზე კი წლების განმავლობაში წყნარად იქნება.
მზის ციკლის უჩვეულო განვითარებამ, უკვე 11 წლის მერე, შესაძლებელია ლაქების სრული გაქრობა გამოიწვიოს, ამასთან ერთად მზის აქტივობის ასეთი მინიმუმი შეიძლება ათწლეულობით გაგრძელდეს. ასეთია ამერიკის ნაციონალური მზის საკვლევი ობსერვატორიის (NSO) მუშაკთა პროგნოზი.
ეს ნაშრომი არის რეზულტატი მზის 1500-ზე მეტი ლაქის მაგნიტური ველის მრავალწლიანი გაზომვებისა. 1990 წლის ბოლოდან დღემდე მზის ლაქებში მაგნიტური ველის ინდუქცია 2700 დან 2000 გაუსამდე დაეცა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ 2021 წლისთვის ველების დაძაბულობა 1500 გაუსამდე შემცირდება, ასეთ პირობებში კი ლაქების გაჩენა შეუძლებელია.
მაგნიტური ველის დაძაბულობის კლების მიზეზი ჯერ ჯერობით დაუდგენელია. აქტივობის ბოლო მინიმუმი, რომლიდანაც მნათობი ახლახან გამოვიდა, 26 თვე გაგრძელდა, ჩვეული 16-ის მაგივრად. ამ გადახრებს მეცნიერები მზის სიღრმეში მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ, თუმცა მთლიანი სურათი ჯერ არ არსებობს.
ამ ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ მათი პროგნოზი არ არის საბოლოო. თუმცა დაკვირვებათა ექსტრაპოლაცია იმაზე მეტყველებს, რომ ახლანდელ 24-ე ციკლში ლაქების რაოდენობა 2-ჯერ ნაკლები იქნება წინა 23-ესთან განსხვავებით (ის ისედაც ლაქების მცირე რაოდენობით გამოირჩეოდა), 25-ე ციკლში კი ლაქები თითქმის საერთოდ აღარ იქნება. მოვლენათა შემდგომი განვითარება გვიჩვენებს, გამოსწორდება მზე თუ ნამდვილად აქტიურობის ზეხანგრძლივ მინიმუმში გადავა.
ასეთი რამე ადრეც მომხდარა. ე.წ. მაუნდერის მინიმუმი 1645-დან 1715 წლამდე გაგრძელდა. ლაქების რაოდენობა 1000-ჯერ ნაკლები იყო იმაზე, რამდენიც იმავე წლების განმავლობაში შეიძლებოდა დაგროვებულიყო ჩვენს ეპოქაში.
მნათობის მაშინდელი დაბალი აქტიურობა, მცირე გამყინვარების პერიოდის მიზეზი გახდა. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ანომალურად წყნარი მზე, 2020 წლისთვის, თუ პროგნოზი გამართლდება, დედამიწის კლიმატზე აუცილებლად იმოქმდებს.