ხაფანგში მოხვედრილმა ზონდმა ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა

 წარმოდგენილი გამოსახულება მაქს პლანკის საზოგადოების მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ააწყვეს, რომლებიც ”როზეტა”-ს ერთ-ერთი ინსტუმენტით(კამერა – Osiris) მუშაობენ. ფოტოების გარჩევადობის შესაძლებლობა 28 სანტიმეტრია პიქსელზე. ყველა მათგანი 12 ნოემბერს არის გადაღებული. როგორც ხედავთ, ზედაპირიდან ორი ახტომის მერე ზონდი კლდეებს შორის მოექცა. მზის სინათლის უკმარისობის გამო ”ფილსა” და კომეტის გარშემო მოძრავ ”როზეტას” შორის დაკავშირება ვერ ხერხდება.


ზედაპირის პირველ პანორამულ სურათზე, ზონდის ორი ”ფეხი” ჩანს, მესამე კი ზედაპირს საერთოდ არ ეხება.

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ”ფილი” მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. მიუხედავად ამისა, სააგენტო უკვე კმაყოფილია იმ ინფორმაციით, რომელიც დაჯდომიდან 50 საათის განმავლობაში გადმოიცა, დაგეგმილი სამუშაოების 80% შესრულებულია.

 კომეტის ზედაპირის ასეთ სიმკვრივეს მეცნიერები არ მოელოდნენ. ალბათ ამიტომაც ახტა ასეთ დიდ სიმაღლეზე ზონდი კომეტასთან შეხებისთანავე. ბურღმა მხოლოდ ზედა რბილი ფენა გაიარა, ხოლო უფრო ქვეშ მდებარე მკვრივ ქანებს ვერ მოერია. გაურკვეველია, ყველა კომეტა ასეთია თუ უბრალოდ ამ ზონდს არ გაუმართლა. შეიძლება, ბურღი კომეტის ზედაპირზე ჩამოვარდნილი ასტეროიდის ფრაგმენტებს წააწყდა. უკან ამოღების მერე ბურღის ტემპერატურა ძალიან დაბალი აღმოჩნდა, მას მგონი რაღაც მიეკრო კიდეც.

 ფილმა ნახშირბადის შემცველი ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა. მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, მეთანისა და მეთანოლის მსგავსი მარტივი ნაერთებია ეს თუ უფრო რთული, მაგალითად, ამინომჟავები. გრუნტის ანალიზები ჯერჯერობით არ დასრულებულა.

 კომეტის კვლევა ადრეული მზის სისტემის ევოლუციის შესწავლისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მის მატერიას 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში არანაირი ზემოქმედება არ განუცდია. გარდა ამისა, მას შეუძლია ნათელი მოჰფინოს ისეთ საკითხებს, როგროიცაა დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა და აქაური წყლის წარმომავლობა. მენციერები ასევე, იკვლევენ ევოლუციას, რომელიც მზემდე დაშორებაზე არის დამოკიდებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.