მაგნიტარი, რომელმაც ბრუნვა გადაიფიქრა…

 დედამიწიდან 10 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მაგნიტარმა, რომელიც მასიური ვარსკვლავის ნარჩენ ზემკვრივ ბირთვს წარმოადგენს– იგივე ნეიტრონული ვარსკვლავი, ოღონდ უძლიერესი მაგნიტური ველით (კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები), უეცრად, „მუხრუჭს“ დააჭირა და ბრუნვის სიჩქარის მკვეთრი კლება დაიწყო. ამის მიზეზი გამოცანაა, რომლის ამოსახსნელად აუცილებელია უკეთ გავიგოთ ის კანონები, რომელთა მიხედვითაც ატომური ბირთვის სიმკვრივეზე მეტად შეკუმშული მატერია იქცევა. ასეთი მატერიის ლაბორატორიულ პირობებში მიღებას კაცობრიობა ჯერჯერობით ვერ ახერხებს (nasa.gov).

 ნეიტრონული ვარსკვლავი თავისი თვისებებით ყველაზე ახლოსაა შავ ხვრელთან, თუმცა ხვრელისგან განსხვავებით, მისი პირდაპირი დამზერაა შესაძლბელი. ეს, მასიური ვარსკვლავის ბირთვია, რომელმაც თერმობირთვული საწვავი ამოწურა და საკუთარი მასის დაწოლით ასეთ სიმკვრივემდე შეიკუმშა (კოლაფსი). დარჩენილი მატერია სულ რაღაც 10–20 კილომეტრის რადიუსშია თავმოყრილი, დედამიწას კი ნახევარმილიონჯერ აჭარბებს მასით. ასეთი მატერიის ჩაის კოვზისოდენა რაოდენობა მილიარდ ტონას იწონის. ამავდროულად, ნეიტრონული ვარსკვლავი ბლენდერის ფრთების სიჩქარით შეიძლება ბრუნავდეს – 43 000 ბრუნი წუთში.

 ობიექტი 1E 2259+586, რომლისკენაც ასტრონომთა ყურადღებაა კონცენტრირებული, ნეიტრონულ ვარსკვლავთა კიდევ უფრო იშვიათი ქვესახეობაა – ის მაგნიტარია. სულ, ორ ათეულზე ცოტა მეტი მაგნიტარია ცნობილი. ისინი უძლიერესი მაგნიტური ველით გამოირჩევა – დედამიწისაზე ტრილიონჯერ ძლიერი. მაგნიტარები მძლავრი გამა-გამოსხივების წყაროებია, დედამიწის ატმოსფეროზე გალაქტიკის შორეული კიდეებიდანაც კი მოქმედებენ.

 აქამდე, ასტრონომები ამჩნევდნენ, რომ ნეიტრონული ვარსკვლავები მკვეთრად უმატებდნენ ბრუნვის სიჩქარეს (ე.წ. გლიჩი), ხოლო დამუხრუჭების ეფექტი პირველად იქნა დაფიქსირებული (ანტიგლიჩი).

 მაგნიტარი 1E 2259+586, რომელზეც დაკვირვება 2011 წლის ივლისიდან, 2012 წლის აპრილამდე გრძელდებოდა, ერთ ბრუნს სტაბილურად 7 წამის განმავლობაში ახდენდა. მისი ბრუნვა ნელა და სტაბილურად მცირდებოდა (ასეც უნდა იყოს, რადგან ნეიტრონული ვარსკვლავი ნელ-ნელა კარგავს ენერგიას). მომდევნო, გეგმით გათვალისწინებული დაკვირვებისას, ბრუნვის მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა: პერიოდი 2,2 მემილიონედი წამით გაიზარდა. ამ მომენტამდე ერთი კვირით ადრე მაგნიტარმა მოკლე და ინტენსიური გამა-ანთება წარმოქმნა, რომელიც ორბიტულმა ობსერვატორია „ფერმიმ“ დააფიქსირა. როგორც ჩანს, ამ 36 მილიწამიანმა გამოსხივებამ გვაუწყა ცვლილებებზე, რომლებმაც 1E 2259+586-ეს „მუხრუჭზე დაჭერა“ აიძულა. შემდგომმა კვლევებმა ამ დამუხრუჭების ზრდის ტენდენცია გამოავლინა.

 „ანტიგლიჩის“ აღმოჩენამდე, მეცნიერები წარმოიდგენდნენ ნეიტრონულ ვარსკვლავებს, როგორც ქერქისა და შიგა ნაწილებისგან შემდგარ ობიექტებს, რომლებიც ზედენადი ნეიტრონული სითხითაა სავსე. ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირი, აჩქარებს რა ელემენტარულ ნაწილაკებს, თავისი ზემძლავრი მაგნიტური ველის ხარჯზე, თანდათანობით უნდა კარგავდეს ენერგიას. თუმცა მის შიგნით არსებული სითხე ამ შენელებას ეწინააღმდეგება. ეს ყველაფერი კი ზედაპირული ქერქის დაძაბულობებს იწვევს, რომლის გამოც იგი იბზარება, რასაც გამა-ანთება და სითხის მხრიდან მოქმედი ამაჩქარებელი „ბიძგი“ ერთვის თან (გლიჩი).

 ეს მოდელი „ანტიგლიჩს“ და მის წინამორბედ გამა-ანთბას ვერანაირად ხსნის. მეცნიერებს იმ თეორიების დახვეწა მოუწევთ, რომლებიც ისეთი ზემკვრივი მატერიისგან შემდგარ ობიექტებს აღწერს, როგორებიც მაგნიტარები, სხვა ნეიტრონული ვარსკვლავები და შავი ხვრელებია (მაგნიტარმა ათწლიანი მდუმარება დაარღვია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.