გააქტიურებული მშვილდოსანი A*

 ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელი სახელად – მშვილდოსანი A*, დეამიწიდან 26 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. 4,5 მილიონი მზის მასის მქონე ობიექტი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, რენტგენის დიაპაზონში არნახული ნათებით აელვარდა.

 ჩვენი გალაქტიკის ცენტრზე ბოლო დროს გააქტიურებული დაკვირვებები, რომლებიც კოსმოსური ობსერვატორია „ჩანდრა“-სა და სხვა ინსტრუმენტებით მიმდინარეობდა, ცენტრალურ ზემასიურ ხვრელთან სქელი კოსმოსური გაზის ღრუბლის – G2, მიახლოებასთან იყო დაკავშირებული. „სამწუხაროდ, ჩვენი ოცნებები არ ახდა. შავ ხვრელთან G2-ის მიახლოებისას ნანატრი ფეიერვერკი ვერ ვნახეთ“ – ამბობს დერილ ჰაგარდი(ამჰერსთ-კოლეჯი, მასაჩუსეთსის შტატი)(გაზურმა ღრუბელმა შავი ხვრელი ვერ შეამჩნია; კიდევ ერთი იდუმალი G გალაქტიკის ცენტრში).

 მშვილდოსანი A*-ზე დაკვირვებების ისტორია, დაფიქსირებული მოვლენებით არის მდიდარი. რენტგენის გამოსხივების პირველი ელვარე ანთება 2012 წელს დაფიქსირდა. შემდეგ, 2013 წლის 14 სექტემბერს, დერილ ჰაგარდის ჯგუფმა ანთება დააფიქსირა, რომელიც 2012-ში დაფიქსირებულს სამჯერ, მუდმივ ფონურ ელვარებას კი 400-ჯერ აჭარბებდა. ამის მერე ზემასიური შავი ხვრელი გარკვეული დროით „წყნარ“ მდგომარეობაში რჩებოდა, თუმცა 2014 წლის 20 ოქტომბერს ჩვენი გალაქტიკის ცენტრი რენტგენის მძლავრმა გამოსხივებამ გაანათა, მუდმივ ფონურ ელვარებაზე 200-ჯერ მეტი სიძლიერით.

 ასტრონომთა შეფასებით, ღრუბელი G2 ყველაზე უფრო ახლოს შავ ხვრელს 2014 წლის გაზაფხულზე მიუახლოვდა, მათ შორის მანძილი დაახლოებით 15 მილირდ კილომეტრს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, 2013 და 2014 წლების ანთებების უკან რაღაც სხვა იდგა(გალაქტიკის ცენტრი).

 ერთი ვერსიის მიხედვით, ხვრელზე საკმაოდ დიდი ასტეროიდი ან რაიმე სხვა კოსმოსური ობიექტი დაეცა. ხვრელთან მიახლოებისას ასტეორიდის შემადგენელი მატერია მაღალ ტემპერატურებამდე ცხელდება და გაზის სქელ ღრუბლად იქცევა, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად ცხელდება და რენტგენის დიაპაზონში იწყებს ნათებას. ასეთ შემთხვევაში, რენტგენის გამოსხივების ნაკადი სწრაფი ტემპებით მატულობს და პრაქტიკულად მომენტალურად წყდება, როცა მატერია მოვლენათა ჰორიზონტს იქეთ ხვდება(შავი ხვრელების საიდუმლო).

 მეორე ვერსია გაცილებით რთულია და ანთებას, გაზის ღრუბლის მაგნიტური ველებისა და ზემასიური შავი ხვრელის უძლიერესი მაგნიტური ველების ურთიერთქმედებას უკავშირებს. მაგნიტური ველების ძალწირების შეერთებისას რენტგენის დიაპაზონში რეზონანსი ხდება, რასაც ენერგიის გამოსხივება ახლავს თან. „მაგნიტური“ ანთებების ასეთი ტიპები, მზეზეც არაერთხელ იქნა რეგისტრირებული, ასევე მშვილდოსანი A*-ზეც და სხვა შავ ხვრელებზეც.

 „ასეთი უკიდურესად იშვიათი მოვლენები, გალაქტიკის ცენტრში მიმდინარე პროცესების საერთო სურათის შექმნისა და სამყაროს ყველაზე უჩვეულო ობიექტების – შავი ხვრელების შესწავლის საშუალებას იძლევა“ – დასძენს დერილ ჰაგარდი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.