მისია ”როზეტა” გრძელდება

 იმის გამო, რომ დასაშვები მოდული ”ფილი”, კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ზედაპირზე ჩრდილში მოთავსდა და ძილს მიეცა, კაცობრიობის ყურადღება ისევ, მისიის ძირითადი აპარატის – ”როზეტა”, მხარეს შემობრუნდა, რომელიც თავისი პროგრამის მომდევნო ფაზაზე გადადის. მომავალი წლის განმავლობაში ”როზეტა” წრიულ ორბიტაზე კომეტის გარშემო იმოძრავებს და მზესთან მიახლოების გამო გააქტიურებულ პროცესებსა და მოვლენებს დააკვირდება. შემეცნებითი თვალსაზრისით, ეს ფაზა უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე წინა, რადგან მზესთან მიახლოება კომეტაზე მიმდინარე პროცესების ინტენსიურობის მკვეთრ მატებას გამოიწვევს.

 67P-ს მიდამოებში მისვლიდან დაწყებული, კოსმოსური აპარატი ”როზეტა” იყო ორბიტაზე, რომელიც დასაშვები მოდულისთვის იდეალური ტრაექტორიით მოძრაობას უზრუნველყოფდა. ახლა, როცა მოდული უკვე კომეტის ზედაპირზეა, ”როზეტა” თავისი კვლევითი ინსტრუმენტების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო ორბიტაზე გადავა.

accomazzo da feri

”როზეტას” მისიის ხელმძღვანელი პაოლო ფერი და ფრენის ხელმძღვანელი ანდრეა აკომაცო(ESA – ევროპის კოსმოსური კვლევების სააგნეტო).

 ”მონაცემთა მაქსიმალური რაოდენობა მაშინ შეგროვდება, როცა კომეტა პერიჰელიუმს მიაღწევს, მასსა და მზეს შორის მანძილი 186 მილიონი კილომეტრი იქნება, ანუ 2015 წლის 13 აგვისტოს” – ამბობს ანდრეა აკომაცო, ”როზეტას” ფრენის ხელმძღვანელი.

 კომეტასთან ერთად ზონდის მოძრაობის ოპერაცია ისტორიაში პირველად ხდება, რის გამოც მისიის ხელმძღვანელობას წარმოდგენა არა აქვს რა შეიძლება მოხდეს, რამდენად მაღალი იქნება პროცესების ინტენსიურობის მატების სიჩქარე.

 2014 წლის 3 დეკემბრიდან, ”როზეტა” ჯერ 20 კილომეტრის სიმაღლის ორბიტაზე გადავა, შეადგენს კომეტის ზედაპირის დეტალურ რუკას და გაზების, მტვრისა და ბირთვის შემომფარგლავი პლაზმის ნიმუშებს შეისწავლის, ხოლო 10 დღის მერე, მეტი უსაფრთხოებისთვის, სიმაღლე 30 კილომეტრამდე გაიზრდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.