განახლდა: 06/10/2021
ეს მოვლენა ასრულებს მრავალთვიან პოლარულ ღამეს და იწყებს პოლარულ დღეს. დედამიწის პოლუსებზე მზის ამოსვლა (ან ჩასვლა) არა რამდენიმე წუთში, არამედ დღეების განმავლობაში გრძელდება, მაშინ როცა შუა განედებზე ეს პროცესი, როგორც იცით, სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს. პოლუსებზე მზის გამოჩენა განპირობებულია დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობითა და მზის გარშემო პლანეტის მოძრაობით (რაც სეზონურ ცვლილებებს განაპირობებს), ხოლო მზის წრიული მოძრაობა ჰორიზონტის გასწვრივ – თავად დედამიწის სადღეღამისო ბრუნვით. ჰაერის გარსი (რომელიც ბუნებრივი პრიზმის როლს ასრულებს) რომ არ არსებობდეს, მზის პირველი გამოჩენა პოლუსზე ზუსტად ბუნიაობის დღეს მოხდებოდა. თუმცა, ატმოსფერული რეფრაქციის (სინათლის გარდატეხის) გამო, მზის დისკო ჰორიზონტზე დაახლოებით ორი კვირით ადრე ჩნდება. სამხრეთ პოლუსის გეოგრაფიული წერტილი რადიოკოშკიდან მარცხნივ, სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ეს პოლარული მზის ამოსვლა განსაკუთრებით სანახაობრივი და ფოტოგენური გამოდგა, რადგან მზის დისკოს ზემოთ ე.წ. „მწვანე სხივიც“ (Green Flash) შეიმჩნევა (რა არის თეთრი ღამეები?; მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება; ღამის ცაზე მოციმციმე კინოსურა).