ვოლფ-რაიეს ვარსკვლავის ზეახლად აფეთქება

 ჩვენი მნათობის მასა დედამიწისას 330-ჯერ აჭარბებს, მზის სისტემის საერთო მასის 99,86% მზეზე მოდის, თუმცა დიდ ვარსკვლავს მაინც ვერ ვუწოდებთ მას, რადგან სამყაროს ყველაზე დიდი და ელვარე ვარსკვლავები, მზეზე ათეულობითჯერ მძიმე, ე.წ. ვოლფ-რაიეს(ფრანგი ასტრონომები, 1867წ.) ვარსკვლავები არიან. ჩვენს გალაქტიკაში ორასამდე ასეთი იშვიათი ვარსკვლავია ცნობილი, ხოლო ორ მეზობელ ჯუჯა გალაქტიკაში ასამდე.

 მეცნიერები დიდი ხანია თვლიან, რომ ეს მასიური ვარსკვლავები სიცოცხლეს მხოლოდ ერთი სცენარით ასრულებენ – უჩვეულოდ მძლავრ და კაშკაშა ზეახლად ანთებით. ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები გალაქტიკების, ვარსკვლავების, პლანეტებისა და სიცოცხლის ფორმირებისათვის საჭირო მძიმე ელემენტთა წყაროს წარმოადგენენ. IIb კლასის ზეახლების აფეთქება იმდენად ელვარეა, რომ ახლოს მდებარე გალაქტიკების სინათლესაც კი ფარავენ, ხოლო აფეთქების ტალღა ვარსკვლავის წიაღში წარმოქნილ მძიმე ელმენტებს გარემო სივრცეში ფანტავს.

 გამოთვლების მიხედვით, მასიური ვარსკვლავის ევოლუცია წყალბადის თერმობირთვული წვის სტადიაზე მცირე მასების დანაკლისით მიმდინარეობს. ჰელიუმის წვის სტადიაზე, ანუ ჰერცშპრუნგ-რესელის დიაგრამაზე წითელი ზეგიგანტის მონაკვეთზე გადასვლისას, გარე ფენების მდგრადობა ჭარბი ნათობის გამო ირღვევა. იწყება მატერიის უძლიერესი გამოდინება(ნახევარი მზის მასა წელიწადში), წარმოიქმნება ვოლფ-რაიეს ვარსკვლავი, რომლის ახლო გარემოში გამოფრქვეული გაზების დიდი რაოდენობა(20 მზის მასის) რჩება.

 უზარმაზარი რაოდენობის მატერია, რომელსაც ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები აფეთქებამდე გარემო სივრცეში გამოტყორცნიან იმდენად სქელია, რომ მკვლევართათვის ამ ასტრონომიული გიგანტების ფორმირებისა და განვითარების შესწავლა პრობლემას წარმოადგენდა.

 IIb კლასის ზეახლის აფეთქება ამ მოვლენიდან ცოტა ხნის გავლის მერე პროექტ iPTF(პალომარის ობსერვატორია)-ის ტელესკოპის გამოყენებით მოხერხდა, რომელიც ცას ავტომატურ რეჟიმში ათვალიერებს. აფეთქების ენერგიამ შემომფარგლავი გაზის მოლეკულების იონიზაცია გამოიწვია, რომელმაც თვითონ დაიწყო ულტრაიისფერ სპექტრში ნათება. სინათლის სპექტრული ხაზებით ვარსკვლავის აფეთქების წინანდელი ქიმიური შემადგენელის დადგენა მოხერხდა – ეს, აზოტით მდიდარი ვოლფ-რაიეს ვარსკვლავია.

 ის რაც ფოტოზე ჩანს, თავისებური, თოფის ლულაში გასროლის მერე დარჩენილი ბოლია. ასტრონომიის ისტორიაში პირველად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები სიცოცხლეს IIb კლასის ზეახლად აფეთქებით ამთავრებენ”(როგორ კვდებიან ვარსკვლავები; ვარსკვლავი WR 104: საფრთხე კოსმოსიდან; ზეელვარე ზეახლები: მაგნეტარის ჩანასახი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *