გასაშლელი საცხოვრებელი მოდული

 16 აპრილს, საერთაშორისო კოსმოსურს სადგურს ახალი „ოთახი“ შეემატა(spectrum.ieee.org), თუმცა მის ბოლომდე გაშლას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. BEAM, ანუ Bigelow Expandable Activity Module (ბიგელოუს გასაშლელი საცხოვრებელი მოდული), კოსმოსური სადგურის თავისუფალ მხარეს – Tranquility-ს დაამაგრეს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს პირველი მოდულია, რომელიც სადგურს შეემატა, ხოლო როგორც გასაშლელი კონსტრუქცია – პირველია მისი არსებობის განმავლობაში. ჰერმეტულ კაბინაში მოთავსებული BEAM, კოსმოსში SpaceX-ის Dragon-მა 8 აპრილს გაიყვანა. ორი დღის შემდეგ, NASA-ს მისიების კონტროლის თანამშრომლებმა, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მექანიკურ მკლავს -Canadarm2, სიგნალი გაუგზავნეს, რომელმაც მოდული Dragon-იდან ამოიღო და Tranquility-სთან შესაერთებლად მოამზადა.

 ბიგელოუს გასაშლელი საცხოვრებელი მოდული, რომელიც მომავალი კოსმოსური სადგურების პროტოტიპია, 16 აპრილს, მექანიკური მკლავის მეშვეობით კოსმოსურ სადგურს შეუერთდა.

NASA TV-ის ვიდეო.

ასტრონავტებმა თიმ კოპრამ და ჯეფ უილიამსმა BEAM რთული მექანიზმების გამოყენებით სადგურის მოდულზე საიმედოდ დააფიქსირეს.


 ილუსტრაცია: Bigelow Aerospace – საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დამაგრებული ბიგელოუს გასაშლელი საცხოვრებელი მოდული, ასტრონავტების საცხოვრებელი გარემოს მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

 გაშვებისა და დამაგრების მომენტისათვის მოდული 2,1 მ. დიამეტრისა და 2,4 მ. სიგრძის სათავსო იყო, თუმცა მაისის ბოლოსთვის მისი ზომები რამდენჯერმე გაიზრდება – მისი ბოლომდე გაშლა და ჟანგბადის ბალონების გამოყენებით წნევის გათანაბრება 26  მაისისთვისაა დაგეგმილი. რაც შეეხება ეკპიაჟს, მოდულში მისი საბოლოო გაშლიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შევა, როდესაც სპეციალისტები მის უსაფრთხოებაში საბოლოოდ დარწმუნდებიან.

 BEAM-ის გამოსაცდელი ვადა 2018 წლის ბოლოს ამოიწურება. ამ ხნის განმავლობაში მასში ჩამაგრებული სენსორული სისტემები მეცნიერებს მოდულის ფუნქციონირების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდის: „გვინდა გამოვიკვლიოთ მისი სტრუქტურის საიმედოობა, სიმაგრე, რადიაციული შეღწევადობა და ტემპერატურული პარამეტრები“ – ამბობს ჯეისონ ქრუსენი, NASA-ს ალტერნატიული კვლევითი სისტემების განყოფილების დირექტორი. „ბიგელოუ აეროსფეისის“ მფლობელი და ხელმძღვანელი რობერტ ბიგელოუ კი იმედოვნებს, რომ BEAM-ის ანალოგიური მოდულები კომერციული პროექტებისთვისაც იქნება გამოყენებული.

 BEAM ორიგინალური, Vectran-ის მსგავსი რბილი მასალით არის დამზადებული, ამიტომ გაშლის შემდეგ მისი დაჭიმული კედლები გაცილებით უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე მთელი დანარჩენი კოსმოსური სადგურის ლითონის გარსი.

 გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ მოდული დაიკეცება, სადგურს ჩამოსცილდება და დედამიწის ატმოსფეროში შესვლის მომენტისათვის სრულიად განადგურდება.

 ახლახანს, Bigelow Aerospace-მა და კოსმოსური ფრენების გაერთიანებულმა ალიანსმა (ULA – United Launch Alliance) განაცხა, რომ მალე კოსმოსში გამოსაცდელად ახალ გასაშლელ მოდულს გაუშვებენ, რომელიც BEAM-ზე გაცილებით უფრო დიდი იქნება (space.com). მას რაკეტა Atlas V წაიღებს. ამ მოდულის ფინქციონირებადი ფართობი 330 კუბური მეტრი იქნება და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს BEAM-ის მსგავსად მიუერთდება.

 გასაშლელ მოდულებს მყარ კონსტრუქციებთან შედარებით ბევრი უპირატესობა გააჩნია; უპირველესად, ეს არის მათი გადასატანი მოცულობა და მასა, რაც კოსმოსური მისიების ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. გარდა ამისა, კონსტრუქცია მოქნილია და დაზიანების მიმართ გაცილებით მდგრადი. რა გასაკვირია, რომ აქამდე კოსმოსში რაკეტით გაგზავნილი ყველაზე დიდი მოცულობის კონსტრუქცია იყო ნაწილობრივ გასაშლელი Skylab, რომელიც რაკეტა Saturn IV-ის ზედა ნაწილის მეშვეობით მიუერთდა კოსმოსურ სადგურს და მისი მოცულობა 350 კუბური მეტრით გაზარდა (ამბობენ, რომ Saturn V-ის მეშვეობით კიდევ უფრო დიდი მოცულობის კონსტრუქციის წაღება და დამაგრება შეიძლებოდა). ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორი ხალისი შემატა ასტრონავტებს მათი საცხოვრებელი გარემოს თითქმის გაორმაგებამ.

 BA 330 კი მთელი კოსმოსური სადგურის მოცულობას გააორმაგებს, თუმცა ეს არაფერია იმ „გიჟურ“ იდეებთან შედარებით, რომელთა განხორციელებასაც ბიგელოუ აპირებს: ეს არის გასაშლელი მოდული BA 2100 “Olympus” , რომელიც სურათზეა გამოსახული.

bigelou 2100 ილუსტრაცია: Bigelow Aerospace-ის გასაშლელი მოდულის – Bigelow 2100 “Olympus”-ის კონცეფცია, რომელიც ერთდროულად ხომალდის და მთვარის სადგურის ფუნქციებს შეითავსებს.

 2100 კუბური მეტრის შიდა მოცულობის გასაშლელი მოდული  „Olympus“, თვით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორჯერ უფრო დიდი იქნება და კოსმოსური ხომალდის ფუნქციებს შეითავსებს. ის თვითმყოფადი სისტემა იქნება და გაშვების მომენტიდან სულ მცირე 20 გამოსაცდელ წელიწადს ორბიტაზე გაატარებს. სავარაუდოდ, მისი ორეული მთვარეზეც დაეშვება.

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.