ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ სფერული ვარსკვლავთგროვები შეიძლება განსხვავებული სიჩქარეებით ევოლუციონირებდეს, ამ პროცესის დინამიკაზე ყველაზე უკეთესად მათში არსებული ვარსკვლავების განსაკუთრებული კლასი მოგვითხრობს, ლაპრაკია ჩამორჩენილ ვარსკვლავებზე (ESO).
სფერულ გროვებს უწოდებენ მნათობთა თავმოყრის ადგილებს, რომლებშიც ვარსკვლავები მჭიდრო გრავიტაციული ურთიერთქმედებებით არიან დაკავშირებული. ჩვენს გალაქტიკაში 150 ასეთი გროვაა აღმოჩენილი. სფერული გროვები ძალიან დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბდნენ, დაახლოებით 12-13 მილიარდი წლის წინათ, სამყაროს მთელი ისტორია კი 13,7-14-მდე მილიარდ წელს ითვლის.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ასაკის მიუხედავად, მათი ევოლუცია განსხვავებული სიჩქარით შეიძლება მიმდინარეობდეს. ამის დასადგენად მკვლევარებმა სხვადასხვა სახის ვარსკვლავების განაწილება 21 სფერულ გროვაში შეისწავლეს. გროვათა გამოსახულება „ჰაბლით“ და ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის 2,2 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპით გადაიღეს (MPG).

გაირკვა, რომ სხვადასხვა ვარსკვლავურ გროვებში, ჩამორჩენილი ვარსკვლავების განაწილება განსხვავებულია. ითვლება, რომ ეს მნათობები, ნივთიერებათა გაცვლით ან უფრო პატარა ვარსკვლავების შერწყმით წარმოიქმნებიან. ახლად მიღებული ბირთვული სათბობის ხარჯზე, ასეთი ვარსკვლავები გროვის სხვა ვარსკვლავებზე მეტად კაშკაშებენ და კარგად ჩანან.
მასიური ცისფერი ჩამორჩენილები დროთა განმავლობაში გროვის ცენტრში იყრიან თავს და შესაბამისად, მათი განაწილება გროვის ევოლუციის სიჩქარეზე მეტყველებს. მაგალითად, თუ ცისფერი გიგანტები მთელს გროვაში თანაბრად არიან გადანაწილებული, მაშინ ეს ფაქტი გროვის ევოლუციურ ახალგაზრდობაზე მიუთითებს.