განახლდა: 28/11/2026
მზეს ათობით მილიარდ კილომეტრზე გადაჭიმული უზარმაზარი ჰელიოსფეროს ბუშტი აკრავს გარს (iopscience.iop.org). მისი შორეული კიდეების დაკვირვება ძალიან რთულია. ახლა მეცნიერებმა პირველად შეძლეს, 14 წლის განმავლობაში თვალი ედევნებინათ იმისთვის, თუ როგორ იცვლებოდა ჰელიოსფეროს კუდის შიდა სტრუქტურა. როგორც ჩანს, იქ მიმდინარე პროცესები მჭიდროდაა დაკავშირებული რამდენიმე წლით ადრე მომხდარ მზის აქტივობის ცვლილებებთან (მზის აქტიურობა და ციკლები).

ჩვენი მნათობი მუდმივად აფრქვევს დამუხტული ნაწილაკების ნაკადებს – მზის ქარს. ვარსკვლავთშორის გარემოსთან შეჯახებისას ის მზის გარშემო ქმნის უზარმაზარ ბუშტს – ჰელიოსფეროს, რომლის შიგნითაც მზის სისტემის ყველა პლანეტაა მოქცეული. რადგან მნათობი გალაქტიკაში გადაადგილდება, ეს ბუშტი ერთ მხარეს შეკუმშულია, მეორე მხარეს კი კუდს ქმნის.
მართალია, რამდენად შორს იჭიმება ის და რა ფორმისაა — მეცნიერებმა არ იციან. ერთი მოდელების მიხედვით, ჰელიოსფერო კომეტას წააგავს, რომლის კუდის სიგრძეც ათასობით ასტრონომიულ ერთეულს უდრის (ერთი აე = 150 მლნ.კმ. დედა,იწა-მზეს შორის საშუალო მანძილი). სხვა მოდელების თანახმად, მისი კუდი გაცილებით მოკლეა და ორ ნაწილად არის გაყოფილი. „ვოიაჯერ-1“-მა და „ვოიაჯერ-2“-მა ჰელიოსფერო მისი წინა მხრიდან დატოვეს, ამიტომ ამ დავის გადაჭრა მათი დახმარებით ვერ მოხერხდება (”ვოიაჯერები” – როგორია NASA-ს ვარსკვლავთშორისი ზონდების მომავალი?).

საბედნიეროდ, ჰელიოსფეროს განაპირა მხარეების შესწავლა სხვაგვარადაც შეიძლება. ამისთვის მაღალენერგიული (კინეტიკური) ნეიტრალური ატომების გამოსხივების დაფიქსირებაა საჭირო. ეს უკანასკნელნი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ჰელიოსფეროს კიდეებზე მყოფი იონები ვარსკვლავთშორისი წყალბადის ატომებისგან ელექტრონებს იტაცებენ. ელექტრული მუხტის დაკარგვის შემდეგ მათი ნაწილი დედამიწის მიდამოებამდე აღწევს და ჰელიოსფეროს შორებულ უბნებში არსებული პირობების შესახებ ინფორმაცია მოაქვთ.
2009–2022 წლების პერიოდში, კოსმოსური აპარატის – IBEX-ის მიერ გადმოცემული მონაცემების გაანალიზებისას, ასტრონომებმა თითოეული წელი ცალ-ცალკე შეისწავლეს (წინა კვლევებში პირიქით იქცეოდნენ – მონაცემებს აერთიანებდნენ). ამ მიდგომამ შესაძლებელი გახადა, უფრო დეტალურად დაკვირვებოდნენ ჰელიოსფეროს კუდის ცვლილებებს: ორის, რომელთაც ნეიტრალური ატომების ნაკადის მომატებული ინტენსივობა აქვს, და ორის – სუსუტი ნაკდებით.
გაირკვა, რომ 2009-დან 2016 წლამდე კუდის მიმართულებით ნაწილაკების ნაკადის საშუალო ინტენსივობა დაახლოებით 2,4-ჯერ შემცირდა. შემდეგ მან ზრდა დაიწყო, მაგრამ 2022 წლისთვის ძველ მაჩვენებლებს მაინც ვერ მიაღწია. ამავდროულად, ოთხივე უბნის მდებარეობა იცვლებოდა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის უბნები თანდათან უახლოვდებოდნა დედამიწის ორბიტის სიბრტყეს, შემდეგ კი მისგან დაშორება დაიწყეს. ამასთან, ორი გვერდითი უბანი ჩაკეტილ ტრაექტორიებზე მოძრაობდა.
ეს ცვლილებები დაკავშირებული იყო პოლარული გვირგვინის ხვრელების ქცევასთან – მზის ატმოსფეროს იმ უბნებთან, საიდანაც მზის ქარის სწრაფი ნაკადები იჭრება. მზის დაბალი აქტივობის პერიოდებში ასეთი უბნები ფართოვდება, ხოლო აქტივობის მაქსიმუმთან ახლოს – ვიწროვდება. ამასთან, სამხრეთის კორონალური ხვრელის ფართობის ცვლილებები კუდის შესაბამისი უბნიდან მომავალი ნეიტრალური ატომების ნაკადზე დაახლოებით სამი წლის შემდეგ აისახებოდა.
უფრო მეტიც, ოთხი უბანი რუკებზე არასიმეტრიულ გამოსახულებას ქმნის. ასტრონომების აზრით, ეს შეესაბამება წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ როგორ შემოევლება ვარსკვლავთშორისი მაგნიტური ველი ჰელიოსფეროს და როგორ მოქმედებს მის შიდა სტრუქტურაზე.
თუმცა ახალი მონაცემები არ იძლევა ჰელიოსფეროს კუდის ნამდვილი სიგრძისა და გარე ფორმის დადგენის საშუალებას, ისინი იძლევა არსებული მოდელების გადამოწმებისა და იმის გარკვევის შესაძლებლობას, თუ როგორ ურთიერთქმედებს ჩვენი მნათობი ვარსკვლავთშორის გარემოსთან (მზე).