ირმის ნახტომის მკლავს შესაძლოა სხვა ბუნება ჰქონდეს

განახლდა: 24/11/2026

 სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ ირმის ნახტომში, გონიოს (თანავარსკვლავედის) სპირალური მკლავის ნაწილი შესაძლოა სულ სხვა სტრუქტურა აღმოჩნდეს. დაკვირვებებისა და კომპიუტერული მოდელების შედარების შემდეგ მკვლევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აქტიური ვარსკვლავთწარმოქმნის ის არეალები, რომლებსაც მანამდე ამ მკლავს მიაკუთვნებდნენ, გალაქტიკის ცენტრალური ზოლის ბრუნვით გამოწვეული ძლიერი დარტყმითი ტალღის გასწვრივ მდებარეობს. ამ აღმოჩენამ შესაძლოა შეცვალოს წარმოდგენები ირმის ნახტომის აგებულებასა და ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესებზე.

 ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს ზოლი – უზარმაზარი რაოდენობის ვარსკვლავებისგან შემდგარი წაგრძელებული სტრუქტურა (ვარსკვლავური ხიდი, “ბარი”). ის გალაქტიკური ცენტრის გარშემო ბრუნავს და თავისი გრავიტაციული ზემოქმედებით ცვლის გარშემო მყოფი გაზის ღრუბლების მოძრაობას. ზოგიერთ უბანში გაზი მკვეთრად იკუმშება და წარმოქმნის დარტყმით ტალღებს, რომლებსაც ახალი ვარსკვლავების ფორმირებაზე შეუძლია გავლენის მოხდენა.

 ჩვეულებრივ, ხიდიან სპირალურ გალაქტიკებში მსგავსი დარტყმითი ტალღები ხელს უშლის ვარსკვლავთწარმოქმნას. გაზის ძლიერი მოძრაობა და წარმოქმნილი ტურბულენტობა ნივთიერებას არ აძლევს საშუალებას, მკვრივ ღრუბლებად შეიკრიბოს, საიდანაც შემდგომ ვარსკვლავები წარმოიქმნება. თუმცა ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ირმის ნახტომში მსგავსი სტრუქტურის გასწვრივ, სავარაუდოდ, კვლავაც ფორმირდება მასიური ახალგაზრდა ვარსკვლავები.

 ჰილარი დევისის ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფმა გამოიყენა კომპიუტერული მოდელები, რომლებიც მილიარდობით წლის განმავლობაში ვარსკვლავებისა და გაზის მოძრაობას ასახავს. მოდელირების შედეგები შეადარეს კოსმოსური მაზერების მდებარეობას – ვიწრო მიმართულების რადიოგამოსხივების ბუნებრივ წყაროებს, რომლებიც ხშირად გვხვდება მასიური ვარსკვლავების წარმოქმნის არეალებში (ყველაზე მძლავრი კოსმოსური ლაზერი; სპირალური გალაქტიკა M106).

 მანამდე ეს წყაროები გონიოს სპირალური მკლავის იმ ნაწილის არსებობის დასტურად მიიჩნეოდა, რომელიც ცენტრალური ხიდის სიახლოვეს იწყება. თუმცა მათი განლაგება კარგად დაემთხვა კომპიუტერული მოდელით ნაწინასწარმეტყველებ დარტყმით ფრონტს.

 ავტორთა აზრით, ვარსკვლავთწარმოქმნის არეალების დაკვირვებადი ჯაჭვი შესაძლოა ცალკეულ სპირალურ მკლავს კი არა, მბრუნავი ხიდის წინა კიდის გასწვრივ განლაგებულ გაზის მკვრივ ზოლს ეკუთვნოდეს. ეს არ ნიშნავს, რომ გონიოს მკლავი არ არსებობს, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს მისი შიდა ნაწილის აგებულების ჩვეულ ახსნას.

 მიღებულმა შედეგებმა ცენტრალური ხიდის ზომების დაზუსტების საშუალებაც მოგვცა. გამოთვლების მიხედვით, ის გალაქტიკის ცენტრიდან თითოეულ მხარეს დაახლოებით 14 ათასი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. ამგვარად, მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 28 ათას სინათლის წელს შეადგენს. მოდელი ასევე მიუთითებს, რომ ზოლი შედარებით ნელა ბრუნავს.

 კვლევა გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ შეიძლება წარმოიქმნას ვარსკვლავები ირმის ნახტომის ზოგიერთ უბანში უშუალოდ ძლიერი დარტყმითი ტალღების გასწვრივ (მოკლედ ჩვენი გალაქტიკის შესახებ). შემოთავაზებული სურათის საბოლოოდ გადასამოწმებლად საჭირო იქნება დამატებითი დაკვირვებები გალაქტიკის ცენტრალურ არეალებში არსებულ გაზის ღრუბლებსა და ახალგაზრდა ვარსკვლავებზე (აღმოჩენილია ირმის ნახტომის გიგანტური სტრუქტურის რხევა; ირმის ნახტომის “გენეალოგიური ხე”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.