განახლდა: 24/11/2026
მთვარის სამხრეთ პოლუსზე ორი ათას კილომეტრზე მეტი დიამეტრის მქონე ღრმულია – მზის სისტემაში ციური სხეულის ჩამოვარდნის უდიდესი უდავო კვალი. ცოტა ხნის წინ, ჩინურმა ავტომატურმა სადგურმა, ისტორიაში პირველად, იქიდან ქანების სინჯი ჩამოიტანა. ახლა კი ჩინელმა მეცნიერებმა მის საფუძველზე ამ დარტყმითი აუზის ფორმირების პროცესი გაარკვიეს.

მთვარის უხილავ მხარეს მდებარე ეიტკენის აუზი, ამ თანამგზავრის უდიდესი და უღრმესი დარტყმითი კრატერია: მისი ზომები დაახლოებით 2050/2400-ზე კილომეტრს შეადგენს, სიღრმე კი 12 კილომეტრს აღწევს. აუზი უზარმაზარი კოსმოსური სხეულის ჩამოვარდნის შედეგად წარმოიქმნა, რომელმაც მთვარის ქერქი გაარღვია და, შესაძლოა, მანტიასაც შეეხო. მოგვიანებით კი მის შიგნით ახალი კრატერები გაჩნდა, იღვრებოდა ლავა, ხოლო დარტყმების შედეგად ამოტყორცნილი ნამსხვრევები მუდმივად ერთმანეთში ირეოდა. 2024 წელს, კოსმოსურმა მისიამ „ჩანე-6“ (Chang’e-6), დედამიწაზე პირველად ჩამოიტანა სინჯი მთვარის უხილავი მხრიდან – დაახლოებით 1,9 კილოგრამი. ეს ქანები აპოლონის კრატერიდანაა, რომელიც გიგანტური აუზის შიგნით მდებარეობდა. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევრების, იუცი ციანისა (Yuqi Qian) და გოგუნ ჯაოს (Guochun Zhao) ხელმძღვანელობით, საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა სინჯების შემადგენლობა შეისწავლა. შემდეგ, მეცნიერებმა მიღებული შედეგი მთვარემავალ „იუითუ-2“-ის (Yutu-2) მონაცემებს შეადარეს, რომელმაც მისია „ჩანე-4“-ის (კარტოფილი მთვარეზე) ფარგლებში აუზის სხვა ნაწილი გამოიკვლია, ასევე ორბიტული აპარატების დაკვირვებებს.


მთვარის მტვერში არსებული მინერალების შესწავლის შემდეგ, ციანმა, ჯაომ და მათმა კოლეგებმა გამოთვალეს, თუ რომელი კრატერებიდან შეეძლოთ ნამსხვრევებს დაშვების ადგილამდე მოღწევა. გაირკვა, რომ ადგილობრივი გრუნტი წარმოადგენს გამყარებული ლავისა და შეჯახებების შედეგად იქ მოხვედრილი უფრო ძველი ქანების ნაზავს. შეფასებების თანახმად, ადგილობრივ ლავურ ნაკადებთან დაუკავშირებელი ნამსხვრევების წილი დაახლოებით 40-50 პროცენტს აღწევს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მოიტანა დარტყმამ, რომელმაც კრატერი „ჩაფი S“ (Chaffee S) წარმოქმნა: იქ ზედაპირზე მაგნიუმით მდიდარი ქანები ამოიტყორცნა. ამასთან, აუზის სხვადასხვა ნაწილში ქანები არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. „ჩანე-4“-ის მიერ შესწავლილი მონაკვეთი შეიცავს ნაერთებს, რომელიც, როგორც ჩანს, პირველი დარტყმის შემდეგ ნადნობის უზარმაზარი ფენის გაცივებისას წარმოიქმნა. „ჩანე-6“-ის ნიმუშებში არსებული, მაგნიუმით მდიდარი ქანები კი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მაგმასთან, რომელმაც მთვარის ქერქში აუზის ფორმირების შემდეგ შეაღწია.
მიღებული მონაცემები მეცნიერებს ორი უძველესი მოვლენის გამიჯვნაში დაეხმარა. პირველი დაახლოებით 4,34 მილიარდი წლის წინ მოხდა, როდესაც მძლავრმა დარტყმამ ეიტკენის აუზი წარმოქმნა და მთვარის ქანების უზარმაზარი მასები გაადნო. მოგვიანებით, დაახლოებით 4,2 მილიარდი წლის წინ, მეორე შეჯახება მოხდა, რომელმაც გიგანტური ღრმულის შიგნით აპოლონის დარტყმითი აუზი დატოვა. მკვლევრებმა სწორედ ამ გვიანდელ მოვლენას დაუკავშირეს დაახლოებით 4,25 მილიარდი წლის ასაკი, რომელიც მანამდე „ჩანე-6“-ის ზოგიერთი ნიმუშისთვის დადგინდა. კიდევ ერთი კატასტროფის კვალი, რომლის ასაკიც დაახლოებით 3,87 მილიარდი წელია, მეცნიერებმა „აღმოსავლეთის ზღვის“ (Mare Orientale) აუზის ფორმირებას მიაკუთვნეს. მის ამონაფრქვევებს შეეძლო საკვლევი ტერიტორია ათეულობით მეტრის სისქის ნამსხვრევებით დაეფარა. მოგვიანებით იქ კვლავ იღვრებოდა ლავა, ახალი დარტყმები კი ზედაპირის ზედა ფენებს ერთმანეთში ურევდა.

ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის შედეგები მთვარის უდიდესი დარტყმითი აუზის ისტორიის ძირითადი ეტაპების აღდგენაში დაგვეხმარა. თუმცა, მოვლენათა შემოთავაზებული თანმიმდევრობა ჯერჯერობით რეკონსტრუქციად რჩება, რომელიც მთვარის გრუნტის შესწავლას, თანამგზავრულ დაკვირვებებსა და გამოთვლებს ეფუძნება. მის დადასტურებას გიგანტური ღრმულის სხვა რაიონებიდან აღებული ქანების ახალი ნიმუშები შეუწყობს ხელს (მთვარის წარმოშობის თეორიები).