განახლდა: 29/10/2026
ოქრო, კაცობრიობას მთელი მისი ისტორიის მანძილზე სდევს თან. სხვადასხვა ხალხის მითებსა და ლეგენდებში ის თითქმის არასდროს არის უბრალოდ მეტალი: ხშირ შემთხვევაში ეს არის უმაღლესი ძალების კეთილგანწყობის ნიშანი ან, პირიქით, უბედურების წყარო. გმირები სიამამაცისა და ერთგულებისთვის ჯილდოდ ოქროს იღებენ, ხოლო ვინც მხოლოდ სიმდიდრის გულისთვის ილტვის, თქმულებებში ხშირად საკუთარი სიხარბე ღუპავს.
მკვლევარისთვის ამ ისტორიებში საინტერესოა არა მხოლოდ ის, რომ ოქროს ძალა და დიდება მიეწერებოდა, არამედ ისიც, თუ როგორ ხსნიდა თითოეული ტრადიცია მისი წარმოშობის ამბავს. ბევრი ხალხის კულტურაში ეს მეტალი პირდაპირ უკავშირდებოდა მზეს. ძველეგვიპტურ მითებში მოთხრობილია მზის დისკოდან დედამიწაზე გადმოფრქვეული ბზინვარებისა თუ “ოქროს წვიმის“ შესახებ, ხოლო ინკებისთვის ოქრო მათი მზე-ღმერთის მატერიალურ განსახიერებას წარმოადგენდა.
საყდრისი-ყაჩაღიანის საბადო
ოქროზე საუბრის დროს გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადო (ბოლნისის მუნიციპალიტეტი, კაზრეთთან) მიჩნეულია მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ოქროს წარმოების კერად. არქეოლოგიური კვლევებით (ქართულ-გერმანული ექსპედიცია), საყდრისში ოქროს მოპოვება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში (დაახლოებით 5 500 წლის წინ, ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის დროს) მიმდინარეობდა. უძველესი ადამიანები მადანს “ცეცხლით გახურებისა“ და ქვის უროების, ირმის რქისა და ძვლის იარაღების გამოყენებით ამუშავებდნენ. 2006 წელს ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, თუმცა 2013 წელს სტატუსი მოეხსნა, ხოლო 2014 წლის 13 დეკემბერს ტერიტორიაზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები (აფეთქებები) დაიწყო, რამაც დიდი საზოგადოებრივი პროტესტი და მეცნიერთა კრიტიკა გამოიწვია. აქვე — პირველი ჰომო ერექტუსი აფრიკის კონტინენტის გარეთ, ოქროს პირველი მომპოვებლები, პირველი მეღვინეები და მეფუტკრეები, ძაფის უძველესი ნიმუშები, 3000 წლის წინანდელი დამწერლობა.
ასტროფიზიკა
რამდენად შორს ან ახლოს იყო რეალობასთან ასეთი წარმოდგენები? რას ამბობს ამის შესახებ თანამედროვე ასტროფიზიკა?
ერთ-ერთი დომინანტი სამეცნიერო ჰიპოთეზის თანახმად, მას შემდეგ, რაც დედამიწა ჩამოყალიბდა, მისი ქერქი გაცივდა და გამაგრდა, პლანეტამ ძლიერი მეტეორიტული დაბომბვა გადაიტანა. ვარდნილი კოსმოსური სხეულების შემადგენლობაში ოქრო და სხვა მძიმე ელემენტებიც შედიოდა. “ჩვენი“ ოქროს მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა გარედან იყოს შემოტანილი. თუ ოქროს არამიწიერი წარმოშობა აქვს, ანუ პლანეტაზე მისი მარაგი შეზღუდულია – ეს არის რესურსი, რომლის აღდგენა შეუძლებელია (გვიანდელი მძიმე ბომბარდირება მეტ ხანს გაგრძელდა).
იბადება კითხვა: რა პროცესები იწვევს სამყაროში ოქროს ატომების დაბადებას? შესაძლებელია თუ არა მსგავსი პირობების შექმნა და რა არის ამისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანი?

დიდი ხანია ცნობილია, რომ ყველა ელემენტი ვარსკვლავთა წიაღში, თერმობირთვული რეაქციების შედეგად იბადება (პირველადი წყალბადისა და ჰელიუმის გამოკლებით). თუმცა, უფრო დეტალური ანალიზით ირკვევა, რომ ჩვეულებრივი “ვარსკვლავური სამჭედლო“ საკმარისად ძლიერი არ არის (თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო).
ასეთი პირობების შესაქმნელად საჭიროა უკიდურესად მაღალი სიმკვრივისა და კოლოსალური ნეიტრონული ნაკადის მქონე გარემო, აგრეთვე ენერგიის ისეთი გამოფრქვევა, რომელსაც ჩვეულებრივი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებაც კი ვერ შეედრება (ზეახალი ვარსკვლავი).

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის მეცნიერთა ჩათვლით, ჩატარებულმა დაკვირვებებმა შესაძლებელი გახადა იმის შეფასება, თუ რა რაოდენობით ნივთიერება შეიძლება წარმოიქმნას ერთი ასეთი კატასტროფული მოვლენის დროს. აღმოჩნდა, რომ ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის შედეგად იმდენი მძიმე ელემენტი იბადება, რომ მათი მასა დედამიწის მასას საგრძნობლად აჭარბებს და მის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ოქრო შეადგენს.

მაგრამ ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახება მძიმე ელემენტების „სამჭედლოს“ ერთადერთი კანდიდატი როდია. სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს კიდევ ერთი ტიპის ობიექტი — მაგნიტარი (ასტრონომებმა პირველად დააფიქსირეს მაგნიტარის დაბადება).
მაგნიტარი არის ნეიტრონული ვარსკვლავის ნაირსახეობა ექსტრემალურად ძლიერი მაგნიტური ველით. ასეთი ობიექტები მაშინ იბადებიან, როდესაც მასიური ვარსკვლავი ზეახალ ვარსკვლავად ფეთქდება (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).
მიიჩნევა, რომ ყოველ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ მაგნიტარმა შესაძლოა განიცადოს ეგრეთ წოდებული “ვარსკვლავძვრა“ – მკვეთრი ძვრა მის ზემკვრივ ქერქში. ეს წარმოუდგენელი სიმძლავრის აფეთქებას იწვევს (”ბირთვული პასტა და მაკარონი”).
სწორედ ასეთ პირობებში შეიძლება ყალიბდებოდეს ყველაზე მძიმე ელემენტების ბირთვები: ოქრო, პლატინა, ურანი და სხვები. როდესაც გეოლოგები სასარგებლო წიაღისეულის ძიებას აწარმოებენ, ხოლო დრაგის ოპერატორები ოსტატურად აწვდიან ოქროს შემცველ მადნებს კარიერიდან კვანძში, ისინი მილიარდობით წლის წინ არსებული კოსმოსური ობეიქტის წიაღს ეხებიან.
მაგნიტარი SGR 1806-20
2004 წელს მეცნიერებმა მძლავრი გამა-ანთება დააფიქსირეს, რომელიც დედამიწიდან 50 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე მაგნატარ SGR 1806-20-დან მოდიოდა. ნეიტრონულმა ვარსკვლავმა რამდენიმე წამში უფრო მეტი ენერგია გამოასხივა, ვიდრე მზემ მილიონი წლის განმავლობაში. აფეთქების წარმომავლობა სწრაფადვე დაადგინეს, თუმცა 10 წუთის შემდეგ მას კიდევ ერთი, ბევრად სუსტი და ხანმოკლე “ექო“ მოჰყვა. მისი ბუნება 20 წლის განმავლობაში უცნობი რჩებოდა. ახლა კი მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ მან ისეთი მძიმე ელემენტების დაბადება გვამცნო, როგორიცაა ოქრო და პლატინა.
მკვლევართა აზრით, ამ აფეთქების პირობებში, სულ რამდენიმე წუთში მოხდა r-პროცესი (სწრაფი ნეიტრონების მიტაცების პროცესი), რამაც გამოიწვია მძიმე ელემენტების, მათ შორის ოქროს, პლატინისა და ურანის წარმოქმნა. მხოლოდ ერთი ასეთი “მოსავლის“ მასამ 2×10²³ კილოგრამი შეადგინა, რაც 27 მთვარის მასის ექვივალენტურია.
როგორ მუშაობს ეს პროცესი? ძლიერი აფეთქებისას მაგნიტარი საკუთარი ქერქის ნაწილს – ზემკვრივი მატერიის ფენას იშორებს. გამოტყორცნილი ნივთიერება, რომელიც ნეიტრონებითაა გაჯერებული, ქმნის ღრუბელს, სადაც ატომური ბირთვები ნეიტრონებს უფრო სწრაფად “იტაცებენ“, ვიდრე დაშლას ასწრებენ. სწორედ ასე იბადება არასტაბილური მძიმე იზოტოპები, რომლებიც დროთა განმავლობაში სტაბილურ ელემენტებად – ოქროდ, პლატინად და ურანად გარდაიქმნებიან. ამ იზოტოპების დაშლას თან ახლავს ძლიერი გამა-ანთება. სწორედ ეს “მანათობელი კვალი“ დააფიქსირეს 2004 წელს.

იმისათვის, რომ ეს იდეები შეამოწმონ, ასტრონომებს უფრო ზუსტი და ცალსახა დაკვირვებები ესაჭიროებათ. 2027 წელს, NASA გეგმავს კოსმოსური ტელესკოპის, COSI-ს გაშვებას, რომელიც მკვლევარებს მაგნიტარების გარშემო არსებული არეებიდან და სხვა ძლიერი ფეთქებადი მოვლენებიდან წამოსული დამახასიათებელი სიგნალების დაფიქსირებაში დაეხმარება. მაშინ ჩვენ შევძლებთ გაცილებით დიდი თავდაჯერებით ვთქვათ, წარმოადგენენ თუ არა მაგნიტარები კოსმოსის ნამდვილ „ალქიმიკოსებს“, თუ ეს მხოლოდ დამხმარე სახელოსნოა სხვა, კიდევ უფრო მასშტაბური პროცესების ფონზე.
თითოეული ოქროს ბეჭედი, თითოეული მონეტა და ზოდი არ არის უბრალოდ გრამებსა და ფულად ერთეულებში გაზომვადი ფასეულობა. ეს არის ძველი კოსმოსური კატასტროფების თვალსაჩინო შეხსენება, რომლებიც დედამიწისა და მზის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. მეტალი, რომელსაც დედამიწიდან თითოეული ჩვენგანი იღებს, ოდესღაც მკვდარი ვარსკვლავების წიაღიდან ამოგლეჯილი და გალაქტიკაში გაფანტული გავარვარებული ნივთიერების ნაკადების ნაწილი იყო (მზის სისტემა – ნეიტრონული ვარსკვლავების ოქროს მემკვიდრე).
შეიძლება ითქვას, რომ ოქრო არის იმ მოვლენების გაყინული კვალი, რომლებიც ადამიანის ფანტაზიის მიღმა, სამყაროს შორეულ კუთხეებში მილიარდობით წლის წინ თამაშდებოდა.
ჩვენ უბრალოდ ოქროს არ მოვპოვებთ – ჩვენ ვარსკვლავურ ფერფლს ვაგროვებთ (მაგნიტარები).