განახლდა: 03/10/2026
გაშვების შემდეგ რაკეტა არ ქრება: მისი ნაწილები კიდევ დიდი ხნით რჩება ორბიტაზე, ხოლო შემდეგ, ატმოსფეროში იჭრება. სანამ გაშვებათა რაოდენობა მცირე იყო, მსგავსი მოვლენები იშვიათობად აღიქმებოდა. ახლა ორბიტაზე სულ უფრო იჭედება სივრცე, ხოლო გაშვებების რაოდენობასთან ერთად იმ ობიექტების რაოდენობაც იზრდება, რომელთა დაბრუნების სრულად კონტროლი შეუძლებელია. ზოგიერთი ფრაგმენტი ატმოსფეროში შემოსვლას უძლებს და შეიძლება დაეცეს იქ, სადაც მათ არავინ ელოდება. ცალკეული ადამიანისთვის რისკი კვლავ ძალიან მცირეა, მაგრამ ის თანდათან იზრდება და სწორედ ეს ტენდენცია აშფოთებს სპეციალისტებს.
როდესაც რაკეტა ზედა საფეხურს ორბიტაზე გაიტანს, ის გარკვეული ხნით იქვე რჩება. თანდათანობით ატმოსფეროს გათხელებული ზედა ფენები ამუხრუჭებს და ადრე თუ გვიან ის ვარდება. ზუსტად სად მოხდება ეს, წინასწარ ვერ იტყვი: ასეთ დაბრუნებას უკონტროლოს უწოდებენ.

საფეხურების ან თანამგზავრის დიდი ნაწილი ატმოსფეროში უზარმაზარი სიჩქარით შემოსვლისას იწვება. მაგრამ ყველაზე მტკიცე დეტალები გაცხელებას უძლებს და ზედაპირამდე აღწევს. ამიტომ კოსმოსური ნაგავი მხოლოდ ორბიტაზე არ რჩება. და რაც უფრო ხშირად უშვებენ რაკეტებს, მით მეტი რკინა ბრუნდება დროთა განმავლობაში უკან.
ESA-ს მონაცემებით, 2024 წელს ჩამოვარდნილი ზედა საფეხურებისგან მსხვერპლის ალბათობამ 4%-ს გადააჭარბა. 2020 წელს ის დაახლოებით ორჯერ მცირე იყო. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არის მთელ პლანეტაზე წლიური ჯამური რისკი. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი ვარდნა 4%-იანი ალბათობით ვინმეს მოკლავს.
“თუ ეს ტემპი მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც გაგრძელდება, დედამიწაზე მხოლოდ რაკეტის ნამსხვრევებით ვინმეს დაღუპვის ალბათობა 33% გახდება“, განუცხადა კოსმოსური სივრცის სპეციალისტმა, იუენ რაიტმა Space.com-ს.
უბედურება ისაა, რომ მსგავსი მცირე ალბათობები წლიდან წლამდე იკრიბება, ისევე, როგორც კამათელის მრავალჯერადი გაგორებისას: ერთხელ გაგორებისას ექვსიანის მოსვლის შანსი მცირეა, ხოლო ოცჯერ გაგორებისას, სავსებით რეალური. 
საკითხი მხოლოდ რაკეტებით არ შემოიფარგლება. რაიტის თქმით, ჩამოვარდნილი თანამგზავრებისგან მსხვერპლის გამოწვევის რისკი 2024 წელს დაახლოებით 1%-მდე გაიზარდა, ხოლო თანამგზავრების რაოდენობა ორბიტაზე სულ უფრო მატულობს. ESA მოძრაობას ორივე მიმართულებით აღწერს: ყოველ დღე დაახლოებით 10 ახალ აპარატს უშვებენ, ხოლო უკან ატმოსფეროში ყოველდღიურად საშუალოდ სამზე მეტი მთლიანი თანამგზავრი ან სარაკეტო კორპუსი ბრუნდება.
ზედაპირისკენ მიმავალ გზაზე ეს ობიექტები დედამიწის სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ადგილს, საჰაერო სივრცეს კვეთენ. თუ ვარდნილი აპარატის ტრაექტორია მეტისმეტად გაურკვეველია, ხელისუფლებას შეუძლია ცის გადაკეტვა ან შეზღუდვა, რეისების მარშრუტის შეცვლა.
“ალბათობა იმისა, რომ ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდება ან ფრაგმენტების ატმოსფეროში შემოსვლის გამო საჰაერო სივრცე დაიხურება, ასევე იზრდება“, აღნიშნავს რაიტი.
სარაკეტო საფეხურებთან დაკავშირებით სიტუაცია უჩვეულოა: სპეციალისტები თვლიან, რომ რისკის დიდი ნაწილის თავიდან აცილება ჯერ კიდევ დაპროექტების ეტაპზეა შესაძლებელი. საფეხურის ორბიტაზე მიტოვება სავალდებულო არ არის, საიდანაც ის ოდესმე უცნობ ადგილას ჩამოვარდება. შესაძლებელია მისი კონტროლირებადი ჩამოყვანა და გადარჩენილი ნამსხვრევების ოკეანის შორეულ რაიონში მიმართვა.

რაიტი ამის სავალდებულო წესად ქცევას გვთავაზობს და არა მოხალისეობრივ ზომად. “ყველა რაკეტას უნდა ევალებოდეს ოკეანეში კონტროლირებადი ვარდნის განხორციელება, ადამიანებისა და თვითმფრინავებისგან მოშორებით, რათა სრულად გამოირიცხოს რისკი“, დასძენს რაიტი. მაგრამ ასეთი მანევრისთვის საფეხურს უნდა შემორჩეს მომუშავე ძრავი, საწვავის მარაგი, მართვის სისტემა და საკმარისი საიმედოობა. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სტარტამდე დიდი ხნით ადრე უნდა იქნას მიღებული, როდესაც მისია მხოლოდ პროექტირდება.
ჩამოვარდნილი ნამსხვრევები პრობლემის მხოლოდ ნაწილია. ატმოსფეროს ზემოთ, იმავე ორბიტებზე, სადაც მოქმედი აპარატები მუშაობენ, გროვდება მკვდარი თანამგზავრები, ნამუშევარი საფეხურები და მათი ფრაგმენტები. ორბიტულ სიჩქარეებზე ორი ობიექტის შეჯახებაც კი უზარმაზარ ენერგიას გამოყოფს და შეუძლია ერთი მსხვილი აპარატი წვრილი ნამსხვრევების ღრუბლად აქციოს.
ეს ნამსხვრევები სხვა აპარატებს ემუქრება და ახალ შეჯახებებს იწვევს. ასეთ ჯაჭვურ რეაქციას კესლერის სინდრომს უწოდებენ: ნაგავი, ნაგვის წარმოებას იწყებს. ESA აცხადებს, რომ ახალ გაშვებებზე სრული უარის თქმებაც კი ვერ დაასტაბილურებს ვითარებას. უკვე მომხდარმა დაშლებმა შეიძლება უფრო სწრაფად წარმოქმნას ნამსხვრევები, ვიდრე ატმოსფერო ასწრებს მათ დამუხრუჭებას და დაწვას.

განგაშის სიგნალს იძლევა ESA-ს კოსმოსური გარემოს “ჯანმრთელობის“ ინდექსი Space Environment Health Index-იც. მი მიხედვით, მიმდინარე კოსმოსური საქმიანობისგან მიყენებული გრძელვადიანი ზიანის შეფასება 2025 წელს, წინა წელთან შედარებით დაახლოებით ათჯერ გაუარესდა. მთავარი კითხვა უკვე აღარ არის ის, თუ რამდენ თანამგზავრს გავუშვებთ კონკრეტულ წელს. უფრო მნიშვნელოვანია, ხომ არ უახლოვდება ორბიტები ისეთ მდგომარეობას, რომელშიც ნაგავი თვითონვე დაიწყებს აქტიურ გამრავლებას.
ორბიტაზე დაკვირვება გაუმჯობესდა, მაგრამ დაუდგენელი ობიექტები სულ უფრო მეტია. 2016 წლიდან, მას შემდეგ რაც ESA-მ ამ ანგარიშების გამოშვება დაიწყო, კოსმოსზე დაკვირვება შესამჩნევად გაუმჯობესდა. სადამკვირვებლო ქსელებმა ისწავლეს გეოსტაციონარული ორბიტის მახლობლად ობიექტების უფრო საიმედო კატალოგიზება, სადაც თანამგზავრი ეკვატორის ერთ წერტილზე კიდია. უკეთესი გახდა დაბალ ორბიტაზე ტრაფიკის თვალყურის დევნებაც. ამის წყალობით ოპერატორებისთვის უფრო ადვილია საშიში მიახლოების შეფასება და გადაწყვეტილება იმის შესახებ, სჭირდება თუ არა თანამგზავარს მანევრი.
მიუხედავად ამისა, სიტუაცია უფრო სწრაფად რთულდება, ვიდრე დაკვირვების შესაძლებლობები იზრდება. ESA სულ უფრო მეტ ისეთ ობიექტს აფიქსირებს, რომლებსაც „უცნობის“ სტატუსი აქვთ: სისტემა მათ ხედავს, მაგრამ ვერ ადგენს მათ წარმოშობას. კოსმოსური მოძრაობის სამართავად კი აუცილებელია იცოდე, რა დაფრინავს ორბიტაზე, სად მოძრაობს და, შესაძლებლობის ფარგლებში, რომელი ოპერატორი ან რა მოვლენაა მათი წყარო.“

მოხსენების თანახმად, ოპერატორები სულ უფრო ყურადღებით ეპყრობიან წესებს, რომლებიც ნაგვის გაჩენას ზღუდავს. მაგრამ ორბიტის ათვისების ამჟამინდელი ტემპის პირობებში შესაძლოა ეს გაუმჯობესებები საკმარისი არ იყოს. ავტორები წერენ, რომ მოქმედება უფრო სწრაფი, თანმიმდევრული და საიმედო უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ თაობებს კოსმოსში ნებისმიერ საქმიანობა ძალიან ძვირი დაუჯდებათ.
ESA თვლის, რომ ნაგვის აქტიური დასუფთავების გარეშე არაფერი გამოვა. მხოლოდ აკრძლავები არ კმარა, სახიფათო ობიექტები, რომლებიც უკვე დაფრინავენ ორბიტაზე, ფიზიკურად უნდა იქნას მოცილებული. პირველი კანდიდატებია მსხვილი მთლიანი აპარატები და რაკეტების კორპუსები, რადგან მათი მონაწილეობით ერთადერთ შეჯახებასაც შეუძლია მრავალი ახალი ნატეხი წარმოშვას.
აქ სირთულის სამი სახეობა არსებობს: ტექნიკური, ფინანსური და სამართლებრივი. ორბიტიდან ობიექტის მოსახსნელად საჭიროა დევნა და მისი დაჭერა, ფულის შოვნა და შეთანხმება იმის შესახებ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სხვადასხვა კომპანიისა და ქვეყნის მიერ გაშვებულ რკინაზე. სავალდებულო კონტროლირებადი ვარდნა შეზღუდავს მომავალში დამატებულ ნარჩენებს, ხოლო დასუფთავება ხელს შეუწყობს გასული ათწლეულების მემკვიდრეობასთან გამკლავებას. ჯერჯერობით, არც ერთი და არც მეორე, სავალდებულო წესით არ არსებობს (კოსმოსური ხომალდების სასაფლაო და სასაფლაოს აცდენილები…; ვინ უფრო ანაგვიანებს კოსმოსს?; კოსმოსური ნაგვის დაბრუნება).