განახლდა: 25/09/2026
“სად არიან ყველანი?” (But where is everybody?) – ასე ჟღერს ერთ მოკლე ფრაზაში პარადოქსი, რომელიც იტალიელმა ფიზიკოსმა ენრიკო ფერმიმ 1950 წელს ჩამოაყალიბა. და მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ გამოჩნდა მორისონისა და კოკონის ისტორიული პუბლიკაცია რადიოდაკვირვებებით არამიწიერი ცივილიზაციების ძიების შესახებ (SETI). ჯერჯერობით, განვითრებული ცივილიზაციების მიერ გამოგზავნილი თუ გაპარული სიგნალების მსგავის არაფერი გამოჩენილა. სწორედ ასეთი ცივილიზაციების შესახებ არანაირი მონაცემების არარსებობას უკავშირდება ფერმის პარადოქსი. ამოუცნობი ანომალიური მოვლენების (UAP) ფარგლებში არსებული ვიდეოჩანაწერების მრავალჯერადი ანალიზიც მხოლოდ აძლიერებს ამ მოვლენებისადმი ინტერესს.
ფართო (ყოველდღიურ) გაგებით, რაციონალურობა ნიშნავს ქმედებას, რომელიც ეფუძნება ცივ გონებას, ლოგიკას, გათვლას და მიზნისა და მიღწევის საშუალებების მკაცრ ანალიზს და არა ემოციებს, ინტუიციას ან ირაციონალურ (რელიგიურ) მისწრაფებებს.
გალაქტიკის ათვისება მოითხოვს არა მხოლოდ დიდ რესურსებს, არამედ საზოგადოების მუშაობის რთულ ორგანიზებასაც, ვინაიდან მხოლოდ ძალიან წინ წასულმა განვითარებულმა ცივილიზაციამ შეიძლება გადაწყვიტოს ასეთი ამოცანები. ამისათვის საჭირო განვითარების დონე შეესაბამება კარდაშოვის სკალის მიხედვით მინიმუმ მეორე, ან შესაძლოა მესამე ტიპის ცივილიზაციასაც კი. სწორედ ასეთი ცივილიზაციების აღმოჩენაზეა ძირითადად მიმართული თანამედროვე SETI-ს პროგრამები. და სწორედ ასეთი ცივილიზაციების შესახებ მონაცემების არარსებობას უკავშირდება ფერმის პარადოქსი.
“მოციმციმე” პულსარები უცხოპლანეტელების მოძებნაში დაგვეხმარება.
განვითარებასთან ერთად, მმართველობა სულ უფრო რთული უნდა გახდეს, რადგან თვით ცივილიზაციის ორგანიზების სტრუქტურა რთულდება. როგორც ჩანს, გარკვეული მომენტიდან გადაწყვეტილებების სულ უფრო დიდი ნაწილი (სტრატეგიული დაგეგმვის ჩათვლით) განხორციელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ (ან მინიმუმ მიღებული იქნება მისი საკვანძო მონაწილეობით), რადგან ცივილიზაციის ორგანიზების მთელი სისტემის “თავში შენახვა“ ერთ ადამიანს არ ძალუძს, ხოლო ექსპერტთა ჯგუფის მიერ ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად კომუნიკაცია გარკვეული დონიდან შეიძლება აღარ იყოს საკმარისად ეფექტური (მაგალითად, გადაწყვეტილების შეთანხმების დრო ძალიან დიდი შეიძლება აღმოჩნდეს). ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ხელოვნური ინტელექტის მონაწილეობა მათ სულ უფრო რაციონალურს გახდის (სინამდვილეში, სწორედ ეს არის ამ ამოცანებში ხელოვნური ინტელექტის ჩართვის მიზანი).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად გალაქტიკის ათვისების მიზანი ბევრი რამით ირაციონალური ჩანს. უკვე ახლანდელ ეტაპზე, კოსმოსის ათვისებაში შეიძლება დომინირებდეს ირაციონალური მოტივები, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკური პრესტიჟი. ერთიანი კაცობრიობის რთულად ორგანიზებულ სტრუქტურაში ისინი შეიძლება გაქრეს, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ. მაგალითად, არ არსებობს სერიოზული რაციონალური მოტივაცია მთვარეზე და მით უმეტეს მარსზე მუდმივად მოქმედი დასახლებული ბაზების შესაქმნელად. მიუხედავად ამისა, მსხვილი სახელმწიფოები და კერძო პირებიც კი ცდილობენ ასეთი პროექტების განხორციელებას, რომლებსაც პირველ რიგში, პოლიტიკური ან პირადი უპირატესობის დემონსტრირების ირაციონალური მოტივები უბიძგებს (და ასევე, შესაძლოა, რომანტიკული მოტივებიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ცალკეულ პიროვნებებს) (რეპროდუქციის უნარის მქონე მანქანათა არ არსებობის მიზეზი სამყაროში).
ირაციონალური საქმიანობა (და მოტივაცია), რამდენადაც მისი პროგნოზირება ახლაა შესაძლებელი, არ იქნება დამახასიათებელი მაღალი დონის ხელოვნური ინტელექტისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ მაღალი დონის ცივილიზაციის განვითარების გლობალური სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას ექსკლუზიურად რაციონალური მოტივები იქნება დომინანტური, რომელთა რიცხვშიც ძნელად თუ შევა გალაქტიკური მასშტაბის კოსმოსური ექსპანსია. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ცივილიზაციის ირაციონალური მოქმედებების მასშტაბი შემოიფარგლება იმ მომენტით, როდესაც საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში გადამწყვეტი როლი ხელოვნურ ინტელექტს მიენიჭება.
ამგვარად, ფერმის პარადოქსი შეიძლება აიხსნას იმით, რომ მაღალგანვითარებული ცივილიზაციები, რომლებიც პოტენციურად უნარიანნი არიან გადალახონ ვარსკვლავთშორისი მანძილები და ადვილად შესამჩნევნი არიან თანამედროვე ასტრონომიული მეთოდებით, თავიანთ რესურსებს სხვა ამოცანებზე ხარჯავენ, ვინაიდან იმართებიან (ყველაზე გლობალური გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით) რაციონალური ხელოვნური ინტელექტის მიერ.
კვადრატულკილომეტრიანი ტელესკოპი (SKAO).
მაღალგანვითარებული ტექნიკური ცივილიზაციების კონსერვატიული და რაციონალური საქმიანობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს მათ აღმოჩენას მიზანმიმართული ძიების პროცესში საკმარისად მგრძნობიარე აპარატურის გამოყენებით (მეცნიერებმა ექსპერიმენტულად დაადასტურეს სიცოცხლის არსებობა დედამიწაზე). უკვე უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება დასახლებული პლანეტების აღმოჩენა ისეთი ინსტრუმენტების დახმარებით, როგორიცაა HWO 9. თუმცა განვითარებული ცივილიზაციების იქ არსებობის მკაფიო დემონსტრაციამ შეიძლება მეტი დრო და რესურსი მოითხოვოს. თუ გვეცოდინება კონკრეტული ადგილი (პლანეტა), ძებნა ბევრად გაგვიმარტივდება, განსხვავებით დღევანდელი დღისგან, როცა ცაში „ბრმად“ ვეძებთ რადიოსიგნალებს.

თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა იდენტიფიცირდეს პოტენციურად დასახლებული პლანეტა (დაახლოებით დედამიწის მასისა და/ან რადიუსის ობიექტი სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში) გალაქტიკის დაახლოებით ნახევარში. მომდევნო თაობის ტელესკოპებს ექნებათ მონაცემები ათობით პარსეკის მანძილზე მდებარე პლანეტებზე ბიონიშნების (biosignatures) არსებობის შესახებ. იმავე მანძილზე თანამედროვე SETI-ს პროგრამებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ შორეული კოსმოსური კავშირის ანტენების გამოსხივება. ეს იმედს იძლევა იმისა, რომ ასტრონომიული დაკვირვებების ტექნიკის განვითარების მიმდინარე ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა მოვახდინოთ საკმარისად განვითარებული ტექნიკური ცივილიზაციების მქონე პლანეტების იდენტიფიცირება (დაისონის სფერო).
ჩინეთის 500 მეტრიანი რადიოტელესკოპი.
ტექნიკური განვითარებით ჩვენზე ბევრად წინ წასული, მაგრამ გალაქტიკური ექსპანსიით და/ან აქტიური “კონტაქტებით” დაუკავებელი ცივილიზაციების აღმოჩენა კაცობრიობის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნებოდა და დაადასტურებდა ფერმის პარადოქსის მარტივ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ მოითხოვს ცივილიზაციის დაღუპვას ან მისი ტექნიკური განვითარების გზიდან გადახვევას (დიდი ფილტრი). ასეთ გადაწყვეტილებებს მიეკუთვნება შემოთავაზებული ვარიანტიც, რომელიც ეფუძნება ხელოვნური ინტელექტის გადამწყვეტ როლს. იდეები იმის შესახებ, რომ მანქანურ, ე.ი. პოსტბიოლოგიურ ცივილიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა მოტივაცია, რომელიც არ მოიცავს გალაქტიკურ ექსპანსიას ან კონტაქტს, გამოთქმული იყო ადრეც და საწინააღმდეგო არგუმენტად შეიძლება მოყვანილი იყოს შემდეგი სამი მოსაზრება. პირველი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ხელოვნური ინტელექტის დომინირების ეტაპი შეიძლება დადგეს იმ მომენტზე ოდნავ გვიან, როდესაც ცივილიზაცია ხდება თანამედროვე მეთოდებით ადვილად დეტექტირებადი. ამ არგუმენტის მოგერიება შესაძლებელია შემდეგი ორი წინააღმდეგობით:
-
განვითარების თანამედროვე ტემპი გვიჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის სრულყოფა სწრაფად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ადამიანებში უკმაყოფილებას იწვევს ხელოვნური ინტელექტის ჩარევა მათ პირად ცხოვრებასა და სივრცეში და არა ხელოვნური ინტელექტის დომინირება გლობალური ამოცანების გადაჭრაში. შესაბამისად, დროებითი უფსკრული ხელოვნური ინტელექტის გამოჩენასა და მის დომინირებას შორის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში არ უნდა იყოს ძალიან დიდი.
-
მცირე დროებითი უფსკრულის პირობებში იმისათვის, რომ მასში მოხვდეს ცივილიზაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, აუცილებელია მათი გაჩენის მაღალი ტემპი. და ეს, თანამედროვე მონაცემების მიხედვით, არარეალურად გამოიყურება (დრეიკის განტოლება).
მეორე მოსაზრებად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი შეწყვეტს რაციონალურად ქცევას. თუმცა, ვიმსჯელებთ რა იმაზე, რომ ადამიანები ამჟამად უკვე შეშფოთებულნი არიან მაღალგანვითარებული ხელოვნური ინტელექტის ქმედებებით, რომელსაც აქვს წვდომა კაცობრიობის განვითარებაზე მოქმედ გადაწყვეტილებებზე, ასეთი ვარიანტი, სავარაუდოდ, გამორიცხულია. დეველოპერები მაქსიმალურად აარიდებენ თავს ირაციონალური ქცევის მქონე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენას.
დაისონის სფეროები შავ ხვრელებთან.
და ბოლოს, მესამე, ოპტიმისტებმა შეიძლება ამტკიცონ, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ “განამტკიცებს”, ხოლო კაცობრიობა “მიმართულებას მისცემს” მას. ანუ ხელოვნური ინტელექტის ამოცანა იქნება კაცობრიობის მიერ დასახული სტრატეგიული ამოცანების შესრულება და არა მათი ფორმულირება. ასეთ სცენარში, სავარაუდოდ, წარმოიქმნება დილემა, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთგამომრიცხავ ამოცანებთან. მაგალითად, რა უფრო მნიშვნელოვანია – კოსმოსური ექსპანსიის გაძლიერება, სამედიცინო პრობლემების გადაჭრა თუ ეკოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაცია? ეს არჩევანი მინიმუმ მკვეთრად შეანელებს კოსმოსური ექსპანსიის მასშტაბებს და ენერგოტევადი პროექტების განვითარებას, ე.ი. ვარსკვლავთშორისი მანძილებიდან ადვილად შესამჩნევი ტექნოლოგიების შექმნას (რა მანძილიდან ვჩანვართ?).
როგორც არ უნდა იყოს, ცივილიზაციის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, გადაწყვეტილებების მიღებაში ხელოვნური ინტელექტის საკვანძო როლიდან გამომდინარე, სტრატეგიული მიზნების შეცვლა შესაძლოა ფერმის პარადოქსის ერთ-ერთ ახსნად შეიძლება ჩაითვალიოს (კიდევ ამ პარადოქსთან დაკაშირებით) (ირმის ნახტომის რუკა და ჩვენი მარტოობა…).