სამყაროს უდიდესი გალაქტიკის ზომა დააზუსტეს

განახლდა: 02/08/2026

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, გიგანტური გალაქტიკის, IC 1101-ის ყველაზე დიდი დაყოვნებით გადაღბული ფოტოები მიიღო და პირველად შეძლო დაედგინა, სად სრულდება მისი ვარსკვლავური გარსის საზღვრები. ახალმა დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ IC 1101 კვლავ უდიდეს ცნობილ გალაქტიკად რჩება: მისი დიამეტრი დაახლოებით 520 კილოპარსეკს, ანუ დაახლოებით 1,7 მილიონ სინათლის წელს შეადგენს, ხოლო მისი ვარსკვლავების ჯამური მასა მზის 3,4 ტრილიონ მასას აღწევს.

 IC 1101, გალაქტიკების მდიდარი დაჯგუფების, ეიბელ 2029-ის ცენტრში მდებარეობს და გალაქტიკათა გროვების ყველაზე ელვარე გალაქტიკების კლასს (BCG) მიეკუთვნება. მსგავსი გიგანტები მილიარდობით წლის განმავლობაში ყალიბდებიან, პატარა გალაქტიკების თანდათანობით შთანთქმით. შედეგად, მათ გარშემო უზარმაზარი ვარსკვლავური ჰალოები და ვრცელი მიქცევა-მოქცევის სტრუქტურები წარმოიქმნება, რომლებიც თანდათან ერწყმის გროვის სინათლეს – გალაქტიკებს შორის თავისუფლად განაწილებული ვარსკვლავების მკრთალ ნათებას. სწორედ ამიტომ, მსგავსი ობიექტების რეალური ზომის დადგენა ურთულესია. გალაქტიკის პერიფერიების მკრთალი ნათების განცალკევება გროვის სინათლისგან პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამოც ასტრონომები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ადგენდნენ, სად მთავრდებოდა თავად გალაქტიკა და სად იწყებოდა გროვის სივრცე.

 კანარის კუნძულების ასტროფიზიკის ინსტიტუტის მკვლევრის, კარლოს მარერო-დე ლა როსას ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯგუფმა, “ისაკ ნიუტინის ტელესკოპის” ფართოკუთხიანი კამერით (INTWF) მიღებული ფოტოები გამოიყენა. მთავარი ამოცანა იყო IC 1101-ის ჭეშმარიტი გარე საზღვრის აღმოჩენა. თუმცა, ამის მიღწევამდე მკვლევრებს სერიოზული პრობლემის გადაჭრა დასჭირდათ. წინა პლანზე მყოფი ვარსკვლავების სუსტ გაფანტულ სინათლესაც კი შეუძლია ფოტოებზე ძლივს შესამჩნევი ნათება შექმნას, რომელიც გალაქტიკის ყველაზე მკრთალ უბნებს ფარავს. ამ ეფექტის აღმოსაფხვრელად მეცნიერებმა ტელესკოპის ოპტიკური თავისებურებების დეტალური მოდელი შექმნეს, რისთვისაც სხვადასხვა სიკაშკაშის ათეულობით საკალიბრო ვარსკვლავი გამოიყენეს. შემდეგ მათ თანმიმდევრულად გამოაკლეს 250-ზე მეტი ვარსკვლავის გაფანტული სინათლე, რის წყალობითაც გალაქტიკის კიდეებზე არსებული ამოუცნობი, სუსტი სტრუქტურების გამოვლენა მოხერხდა.

 ვარსკვლავური სინათლის განაწილების ანალიზით გაირკვა, რომ IC 1101-ის გარე საზღვარი ცენტრიდან დაახლოებით 260 კილოპარსეკის მანძილზე მდებარეობს. ამგვარად, გალაქტიკის დადასტურებული დიამეტრი დაახლოებით 520 კილოპარსეკია, რაც დაახლოებით 1,7 მილიონ სინათლის წელს შეესაბამება.

 შედარებისთვის, ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 კილოპარსეკია. ეს ნიშნავს, რომ IC 1101 დიამეტრით ირმის ნახტომზე დაახლოებით 17-ჯერ დიდია. ბნელ მატერიასთან ერთდ, ამ გიგანტის მასა 1–1.5 ტრილიონ მზის მასას უტოლდება.

 ახალი კვლევის მიხედვით, გიგანტური გალაქტიკა ზრდას განაგრძობს. გალაქტიკის ძირითადი კიდის მიღმა ასტრონომებმა რვა წაგრძელებული, მკრთალი და ასიმეტრიული ვარსკვლავური სტრუქტურა აღმოაჩინეს. მათგან ორი ემთხვევა რენტგენის დიაპაზონში ადრე აღმოჩენილ გროვის ცხელ გაზებს, რომლებიც სხვა გალაქტიკურ ჯგუფთან გროვის შეჯახების კვალად ითვლება. ეს სტრუქტურები იმაზე მიუთითებს, რომ IC 1101 კვლავ შთანთქავს გარემომცველ ნივთიერებასა და პატარა გალაქტიკებს. მკვლევართა თქმით, ობიექტის პერიფერიები „მასის მატების გაგრძელების მკაფიო ნიშნებს გვიჩვენებს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობილთა შორის უდიდესი გალაქტიკა ფორმირების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორსაა.

 მიღებული შედეგები კარგად ეთანხმება წინა რენტგენულ დაკვირვებებს, რომელთა მიხედვითაც, დაახლოებით 2–3 მილიონი წლის წინ, გროვა ეიბელ 2029, გალაქტიკების სხვა ჯგუფთან შეჯახებას გადაურჩა. სავარაუდოდ, ამ მოვლენის შედეგები დღემდე ახდენს გავლენას IC 1101-ის ევოლუციაზე.

 ნაშრომი პრეპრიენტის სახითაა გამოქვეყნებული და დამოუკიდებელი რეცენზირება ჯერ არ გაუვლია, თუმცა ეს დაზუსტება და უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, უკეთ შევისწავლოთ სამყაროში გალაქტიკური გიგანტების ფორმირების პროცესები (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; 16 მილიონი სინათლის წლის ზომის რადიოგალაქტიკა…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.