განახლდა: 05/07/2026
ირმის ნახტომის 150 ათასზე მეტი უძველესი ვარსკვლავის ანალიზი გვიჩვენებს, რომ კოსმოსის ასაკი, სავარაუდოდ, 13,8 მილიარდ წელთან ახლოსაა (arxiv.org). ახალი კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ სცენარები, რომლებშიც სამყაროს მნიშვნელოვნად „გაახალგაზრდავება“ ხდება საჭირო ჰაბლის კრიზისის მოსაგვარებლად, დაკვირვებებთან ცუდ თანხვედრაშია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უძველესი ვარსკვლავების ასაკი კოსმოლოგიური მოდელების შემოწმების ერთ-ერთი იშვიათი დამოუკიდებელი საშუალებაა არა ადრეული სამყაროს მონაცემების, არამედ ჩვენი გალაქტიკის ობიექტების მიხედვით.
სამყაროს ასაკს, ჩვეულებრივ, რელიქტური გამოსხივებით აფასებენ – სუსტი მიკროტალღური ნათებით, რომელიც დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 380 ათასი წლის შემდეგ გაჩნდა. სწორედ ასეთი დაკვირვებები დაედო საფუძვლად სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელს ΛCDM, რომლის მიხედვითაც კოსმოსის ასაკი დაახლოებით 13,8 მილიარდი წელია (დიდი აფეთქება – მოწმის მონათხრობი).

ΛCDM (ლამბდა სი-დი-ემ) – ლამბდა-ცივი ბნელი მატერია, თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელია, რომელშიც სივრცობრივ-ბრტყელი სამყარო ჩვეულებრივ მატერიასთან ერთად, ბნელი ენერგიითა (აღიწერება კოსმოლოგიური მუდმივა ლამბდათი აინშტაინის განტოლებებში) და ცივი ბნელი მატერიით არის შევსებული. ამ მოდელის მიხედვით, სამყაროს ასაკი 13,82 მილირდი წელია
მაგრამ არსებობს სხვა გზაც: ვიპოვოთ ყველაზე ძველი ვარსკვლავები და დავადგინოთ, რამდენი წლისანი არიან ისინი. რადგან ვარსკვლავი სამყაროზე ხნიერი ვერ იქნება, ასეთი ობიექტების ასაკი კოსმოსის ასაკის ქვედა ზღვარს ადგენს.
ეს მიდგომა განსაკუთრებით საინტერესოა ჰაბლის კრიზისის ფონზე – სამყაროს გაფართოების სიჩქარის გაზომვის სხვადასხვა ხერხს შორის არსებული შეუსაბამობის გამო. 2010-იანი წლების შემდეგ გაირკვა, რომ ადრეული სამყაროს დაკვირვებით მისი გაფართოების სიჩქარე ერთი იყო, ხოლო ჩვენს ეპოქაში დაკვირვებით – სხვა.

სამყაროს გაფართოების სიჩქარის მაჩვენებელი, იგივე ჰაბლის მუდმივის ყველაზე ზუსტი თანამედროვე მნიშვნელობა არის: H0 = 67,4 ± 0,5 კილომეტრი/წამი/მეგაპარსეკზე. ეს სიდიდე გამოყვანილია კოსმოსური ტელესკოპებით: WMAP და “პლანკი”, მიკროტალღურ რელიქტურ გამოსხივებაზე დაკვირვებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, რომელთაც მიწაზე განთავსებული მიკროტალღური ტელესკოპებისა და ცის ოპტიკური ციფრული დამზერის მონაცემებიც ემატება. ეს მონაცემები საკმაოდ კარგად ეთანხმება ერთმანეთს, ხოლო რიცხვითი მაჩვენებელი ეფუძნება სამყაროს სტანდარტულ მოდელს, სახელად ΛCDM (Λ გვიჩვენებს ბნელი ენერგიის როლს, CDM კი ცივი ბნელი მატერიაა).
ზოგიერთი ჰიპოთეზა, რომელთა მიზანი ამ წინააღმდეგობის მოხსნაა, მოითხოვს, რომ სამყაროს ასაკი სტანდარტულ შეფასებაზე ნაკლები იყოს – დაახლოებით 12,9 მილიარდი წელი. თუ გალაქტიკაში ამ მნიშვნელობაზე ხნიერი ვარსკვლავებია, ასეთი სცენარები სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდება.

საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა, ინდრანილ ბანიკის ხელმძღვანელობით, სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი), გააანალიზა ვარსკვლავების კატალოგი, რომელიც შედგენილია LAMOST-ის სპექტროსკოპიული მიმოხილვისა და Gaia-ს ასტრომეტრიული მისიის მონაცემების საფუძველზე. თავიდან 247 ათასზე მეტი ობიექტი იქნა არჩეული. დამატებითი შემოწმებების სერიის შემდეგ, საბოლოო ანალიზში მზისგან 16 300 სინათლის წლის მანძილზე მდებარე დაახლოებით 155,6 ათასი ვარსკვლავი შევიდა.
მეცნიერებმა გამორიცხეს არასანდო პარალაქსების მქონე ობიექტები, შესაძლო ორმაგი სისტემები, ასევე ვარსკვლავები, რომელთა ქიმიური მახასიათებლები ცუდად შეესაბამება დიდ ასაკს. მონაცემების ასეთი გასუფთავება აუცილებელია, რადგან ვარსკვლავის ასაკის პირდაპირ გაზომვა შეუძლებელია. მას აფასებენ დაკვირვებადი პარამეტრების ნაკრების – ტემპერატურის, სიკაშკაშის, ქიმიური შემადგენლობის მიხედვით და ადარებენ ვარსკვლავური ევოლუციის თეორიულ მოდელებს.
შემდეგ, მკვლევარებმა სცადეს ასაკთა მთლიანი განაწილების აღდგენა სტატისტიკური შეცდომების გათვალისწინებით. ეს მნიშვნელოვანია: ასობით ათასი ობიექტის არჩევანში აუცილებლად იქნება შემთხვევითი „გადახრები“ და თუ მხოლოდ ერთ რეკორდულ (ყველაზე „ძველ“) ობიექტზე დავეყრდნობით, შედეგი შეიძლება არასანდო აღმოჩნდეს. ამის თავიდან ასაცილებლად ასტრონომებმა ანალიზის რამდენიმე მეთოდი გამოიყენეს, მათ შორის, სტატისტიკური მიდგომა. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა შეფასდეს არა მხოლოდ დაკვირვებადი ასაკები, არამედ მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობების ფარული განაწილებაც (მათუსალას ვარსკვლავის შესახებ).
შედეგად, არჩევანში ყველაზე ძველი ვარსკვლავის ასაკი 13,73 მილიარდ წლად შეფასდა. თუ დავუმატებთ კიდევ დაახლოებით 200 მილიონ წელს, რაც, თანამედროვე შეფასებებით, დიდი აფეთქების შემდეგ პირველი ხანგრძლივად მოარსებე ვარსკვლავების ფორმირებისთვის იყო საჭირო, მივიღებთ სამყაროს ასაკს, რომელიც პრაქტიკულად საყოველთაოდ მიღებულ შეფასებას ემთხვევა.
გამოდის, რომ უძველეს ვარსკვლავებზე დაკვირვებები კარგად შეესაბამება სურათს, რომელშიც კოსმოსის ასაკი დაახლოებით 13,8 მილიარდი წელია, და შესამჩნევად უარესად იმ მოდელებს, რომლებიც არსებითად უფრო ახალგაზრდა სამყაროს მოითხოვენ.
ამასთან, ვარსკვლავური ასაკის შეფასებები კვლავ დამოკიდებულია ვარსკვლავური ევოლუციის მოდელებსა და დაკვირვებების ხარისხზე (ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკვლავური დიაგრამა). კორნელის უნივერსიტეტის პრეპრინტების სერვერზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის შედეგები კიდევ ერთი არგუმენტი გახდა სამყაროს იმ ასაკის სასარგებლოდ, რომელსაც სტანდარტული მოდელი წინასწარმეტყველებს (მაინც რა ასაკისაა სამყარო?; ეარენდელი: ადრეული სამყაროს ვარსკვლავი).