განახლდა: 03/06/2026
ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 90 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე — ანუ თითქმის ღია კოსმოსში — დედამიწას გვერდი აუარა სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის ზომის მეტეოროიდმა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენამ მეცნიერების დიდი ყურადღება მიიპყრო: ერთდროულად სამმა ინფრაბგერითმა სადგურმა დააფიქსირა ხმოვანი დარტყმა, რომელსაც სასწრაფო ახსნა სჭირდებოდა.
- მეტეოროიდი – ნებისმიერი მყარი პალანეტათშორისი ობიექტი. დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას იწვევს ელვარე ნათებას. მას მეტეორულ სხეულსაც უწოდებენ.
- მეტეორი – ნათება დედამიწის ატმოსფეროში, მასში მყარი კოსმოსური სხეულებისა თუ ნაწილაკების შემოჭრის დროს, რომლებსაც მეტეოროიდებს უწოდებენ.
- მეტეორიტი – მეტეოროიდი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე დაეცა.
- მიკრომეტეოროიდი და მიკრომეტეორიტი – შესაბამისად მიკროსკოპული ზომების მეტეოროიდი და მეტეორიტი.
- კოსმოსური მტვერი – მიკრომეტეოროიდებზე პატარა ნაწილაკები, დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას არ იწვევენ ნათებას.
- ბოლიდი – მეტეორი ძლიერი ელვარებით.
2020 წლის 22 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 05:53 საათზე, ბერლინიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 100 კილომეტრში, ცაზე მეტეოროიდის გადაფრენის შედეგად გაჩენილი მკვეთრი და დამახასიათებელი ნათება გამოჩნდა. თითქმის 32 წამის განმავლობაში ამ სანახაობის მოწმეები ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლებიც გახდნენ.
ათობით კამერიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე მეცნიერებმა ობიექტის ტრაექტორია გამოთვალეს. აღმოჩნდა, რომ მისი ფრენა ატმოსფეროში 109 კილომეტრის სიმაღლეზე დაიწყო, ყველაზე დაბალ წერტილს კი 91 კილომეტრზე მიაღწია, ხოლო ნათება 113 კილომეტრის სიმაღლეზე დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კოსმოსური სხეული დედამიწაზე კი არ ჩამოვარდა, არამედ ატმოსფეროს ზედა ფენებიდან „რიკოშეტით“ ამოხტა, გვერდი აუარა პლანეტას და კვლავ ვარსკვლავთშორის სივრცეში გაუჩინარდა („რიკოშეტი“ – ე. იორდანიშვილი).
სწორედ ამ სიმაღლეებზე გადის კოსმოსის პირობითი საზღვარი — ე.წ. კარმანის ხაზი. ჩვეულებრივ, დედამიწისკენ მომავალი კოსმოსური ობიექტები ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შედარებით დაბლა, მეზოსფეროში (80-85 კმ სიმაღლეზე) შედიან და მეტეორებიც ძირითადად იქ იწვიან ხოლმე. მართალია, განსაკუთრებით დიდი და სწრაფი ნაწილაკები უფრო მაღლაც იწვევენ ნათებას, თუმცა ამ კონკრეტულ ობიექტს დიდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ნათების სიკაშკაშისა და ფრენის დროის მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი მასა სულ რაღაც 45 გრამს, ხოლო დიამეტრი 4,4 სანტიმეტრს უტოლდებოდა.
მეტეოროიდის მოკრძალებული გაბარიტები ამ ამბის ყველაზე უცნაური დეტალი როდია. გაცილებით საინტერესო ის აღმოჩნდა, რომ ნიდერლანდებში განთავსებულმა ინფრაბგერითმა სადგურებმა მისი ფრენისას დაბალსიხშირიანი აკუსტიკური ტალღები დააფიქსირა — ზუსტად ისეთი, როგორიც დარტყმითი ტალღის გავრცელებისას ჩნდება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ხმა, თუმცა ადამიანის ყურისთვის მიუწვდომელი.
აქ კი იბადება ლოგიკური კითხვა: საიდან უნდა გაჩნდეს ხმა იქ, სადაც ჰაერი პრაქტიკულად არ არის? 90 კილომეტრის სიმაღლეზე ატმოსფეროს სიმკვრივე დედამიწის ზედაპირთან შედარებით ასიათასჯერ ნაკლებია. მართალია, დედამიწის ატმოსფერო 400 კილომეტრის სიმაღლეზეც არ მთავრდება (სადაც საერთაშორისო კოსმოსური სადგური დაფრინავს), კარმანის ხაზთან ხმოვანი ტალღების წარმოქმნას არავინ ელოდა — მით უმეტეს, 4-სანტიმეტრიანი კენჭისგან.
ამ ფენომენის ამოხსნას აშშ-ის, კანადისა და ნიდერლანდების მკვლევართა ჯგუფი შეეცადა, რომლებმაც თავიანთი ნაშრომი სამეცნიერო პრეპრინტების სერვერზე, arXiv.org-ზე გამოაქვეყნეს. მეტეორის ნათების დეტალური ანალიზის შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ობიექტი მხოლოდ მაღალი ტემპერატურის გამო კი არ იწვოდა, არამედ მექანიკურადაც იშლებოდა — მისი ნათების პიკი ზუსტად მაქსიმალური დატვირთვის მომენტს დაემთხვა.
მეცნიერთა აზრით, ეს არ იყო ჩვეულებრივი ქვა. ის ბევრად მსუბუქი და მყიფე სხეული უნდა ყოფილიყო — მაგალითად, ნახშირბადიანი ხონდრიტი ან კომეტის ნატეხი. ორივე მდიდარია აქროლადი ნივთიერებებით, პირველ რიგში კი — წყლით. კომეტებში წყალი ყინულის სახით ინახება, ხოლო მეტეოროიდებში ის მინერალების კრისტალურ სტრუქტურაშია „ჩაშენებული“.
ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ატმოსფეროში ფრენისას ობიექტიდან ინტენსიურად გამოიყოფოდა აირები. მინიატურული მეტეოროიდის გარშემო ამ აირებმა შექმნეს სფერული გარსი, რომელიც საკმარისად მკვრივ „ლოკალურ ჰაერად“ იქცა. სწორედ ამ ხელოვნურად შექმნილ „მიკრო-ატმოსფეროში“ წარმოიშვა აკუსტიკური ტალღები.
რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ბგერითი ტალღები, რომელთა მოსმენაც ჩვენ შეგვიძლია, მაღალი სიხშირის გამო დედამიწის ზედაპირამდე ვერასდროს მოაღწევდა. თუმცა, ინფრაბგერას — თავისი გიგანტური, ათეულობით და ასეულობით მეტრის სიგრძის ტალღებით — ძლიერი დარტყმითი ტალღის წარმოქმნისას შეუძლია, უკიდურესად გაიშვიათებულ თერმოსფეროშიც კი შეუძლია იმოგზაუროს და ჩვენს ხელსაწყოებამდე მოაღწიოს (კიდევ წერთი ანომალია, ე.წ. ელექტროფონური ეფექტი).