მთვარისკენ 10-დღიანი ფრენის შემდეგ, პროგრამა „არტემის II”-ის კოსმოსური ხომალდი „ორიონი“, დედამიწაზე დაბრუნდა. თითქმის ნახევარი საუკუნეა გასული, რაც ადამიანი ახლო ორბიტას აღარ გაშორებია. ატმოსფეროში დაახლოებით 39 600 კმ/სთ. სიჩქარით შემოჭრა, მისიის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ამავდორულად, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო.
მთვარიდან დაბრუნება და საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (სკს) დაბრუნება ერთი და იგივე არ არის. სულ რაღაც 400 კმ. სიმაღლეზე, დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრავი სკს-დან წამოსული პილოტორებული ხომალდი შედარებით მცირე სიჩქარით შემოდის ატმოსფეროში. მთვარის ტრაექტორიით მოძრავი „ორიონი“ კი თითქმის 40 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით შეასკდა ჩვენს ბუნებრივ ფარს (11 კმ/წმ. – მეორე კოსმოსური სიჩქარე).
ტყვიაზე 24-ჯერ სწრაფად (!!!) მოძრავი ხომალდი ორჯერ მეტ სითბურ დატვირთვას იღებს, ვიდრე სკს-დან დაბრუნებისას. ფარის ზედაპირის ტემპერატურა ცელსიუსით 2760 გრადუსს აღწევს, რაც ვულკანის კრატერიდან ამომავალი ლავის ტემპერატურაზე მეტია, მზის ზედაპირის ტემპერატურის ლამის ნახევარი.
ხომალდის გარშემო წარმოქმნილი გავარვარებული პლაზმა, რომელიც რადიოგაუმტარია, ეკიპაჟთან კავშირს 6 წუთის განმავლობაში ბლოკავდა. ეს, ნებისმიერი დაბრუნებისთვის დამახასიათებელი, ყველაზე საშიში ნაწილია. როდესაც „ორიონი” რადარზე ისევ გამოჩნდა, უკვე პარაშუტებზე დაკიდებული, პრაქტიკულად უღრუბლო ცის ფონზე, ფრენის ნართვის დარბაზში მხოლოდ მაშინ გაისმა აპლოდისმენტები.
საინტერესო დეტალი:„არტემის II”-ის დაბრუნების ტრაექტორია განსხვავდებოდა „არტემის I“-ის უპილოტო მისიისგან, რომელიც 2022 წელს განხორციელდა. მაშინ „ორიონი“ იყენებდა ე.წ. „სრიალით“ შესვლის მეთოდს – ატმოსფეროში ღრმად ჩაყვინთვამდე, კაფსულა, წყლის ზედაპირის გასწვრივ გასროლილი ქვასავით, ატმოსფეროს ზედა ფენებიდან ერთხელ „ამოხტა”, რაც სითბური დატვირთვის განაწილებისა და დაშვების ადგილის ზუსტად შეირჩევის საშუალებას იძლევა.
„არტემის I”-ის შემდეგ, სპეციალისტები ხომალდის სითბური ფარის მდგომარეობამ შეაშფოთა. ამის გამო, ნასამ პილოტირებული მისიისთვის შემოსვლის პირდაპირი ტრაექტორია აირჩია. ანუ, ფარმა მეტი დატვირთვა გადაიტანა, მაგრამ მცირე ხნით, რამაც ბოლომდე გაამართლა.
„ორიონი“, პილოტირებული კოსმოსური ხომალდია, რომელიც NASA-მ, კომპანია „ლოკჰიდ მარტინთან” (Lockheed Martin) თანამშრომლობით, სპეციალურად, დედამიწიდან შორს გასაგზავნი მისიებისთვის შექმნა. ის ფუნდამენტურად განსხვავდება სკს-სკენ ფრენისთვის გამოყენებული კოსმოსური ხომალდებისგან:
- სითბოდამცავი ფარი ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე ეკიპაჟიანი კოსმოსური ხომალდისთვის შექმნილა;
- ოთხკაციან კაფსულას, ავტონომიურ რეჟიმში, 21 დღემდე შეუძლია კოსმოსში ყოფნა;
- „აპოლოს” მსგავსად, დაშვება ხორციელდება ოკეანეში ჩაშვებით. ეკიპაჟს ეგებება აშშ-ს შეიარაღებული ძალების გემი, ასტრონავტები გასაბერ პლატფორმაზე გადაჰყავთ, შემდეგ კი ვერტმფრენით აბრუნებნ ხმელეთზე.

„არტემის II” საცდელი მისია იყო. ეკიპაჟი მთვარეზე არ დაშვებულა – მთავარი იყო დაზუსტება იმისა, რომ ხომალდი „ორიონი” და სიცოცხლის უზრუნველმყოფელი სისტემები, ნავიგაცია და სითბური ფარი, ადამიანებთან ერთად და მათ გარეშე, დიდი სიზუსტით იმუშავებდა.
შემდეგი ნაბიჯია „არტემის III” – ასტრონავტების გადასხმა მთვარის ზედაპირზე. ამისათვის არა მარტო „ორიონი“ იქნება საჭირო, არამედ მთვარეზე დასაშვები მოდულიც, რომელზეც კომპანია „სფეის იქსი” მუშაობს. ზუსტი თარიღი ჯერ არ უცნობია, მაგრამ „არტემის II”-ის წარმატება ამ შემდეგ ნაბიჯს გაცილებით რეალისტურს ხდის.
ათდღიანი ფრენა დასრულდა, რითაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დამტკიცდა: ტექნოლოგიები, რომელთა შემუშავებასაც წლები და მილიარდობით დოლარი დასჭირდა, მუშობს. თერმული ფარი გამძლეა. სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისტემები იდეალურად მუშაობდა. დაშვება იყო იდეალური (bull’s-eye). ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად, ადამიანები მთვარეზე გაფრინდნენ და სახლში დაბრუნდნენ – ახლა კი მთვარის ზედაპირისკენ მიმავალი გზა ოდნავ უფრო ფართოა, ვიდრე გუშინ იყო (კიდევ “არტემისის” შესახებ).