განახლდა: 23/04/2026
2004 წელს, მარსმავალ „ოპორტუნიტის“ დაშვების ადგილთან, რკინისა და ქანებისგან შემდგარი ათასობით ნაცრისფერი სფერულები აღმოაჩინეს, რომლებიც გარეგნულად მოცვს წააგავს. „ოპორტუნიტი” ღრმულს წააწყდა, რომელშიც უამრავი ასეთი სფერო იყო თავმოყრილი. ამ ადგილის გამოსახულება, რომელსაც მოცვის ფილა ეწოდა, აპარატის მუშაობის დაწყებიდან 48-ე სოლზე იქნა მიღებული. ერთი სფეროს საშუალო დიამეტრი 4 მმ-ია. სფეროების გროვის მარცხნივ მდებარე ლაქის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მისი და სფეროების ქიმიური შემადგენლობა ძალიან განსხვავებულია. ეს ინფორმაცია ადასტურებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უცნაური პატარა ნაცრისფერი სფეროები, შორეულ წარსულში იქ არსებულ ტალახიან წყალსატევში წარმოიქმნა.
დრაკონის ქერცლი
![]()
მარსმავალმა “ქიურიოსიტიმ“, კრატერ ანტოფაგასტასთან უჩვეულო ტექსტურის ათასობით ქვა აღმოაჩინა. ეს არის ექვსკუთხა ჩუქურთმები, რომლებიც ზედაპირს რამდენიმე მეტრის მანძილზე ფარავს და გიგანტური ქვეწარმავლის ქერცლს მოგვაგონებს. ამ ულამაზესი სურათის მიღმა, მარსის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოს შესაძლო გადაწყვეტა იმალება, ნამდვილად ჰქონდა თუ არა პლანეტას სეზონური ცვლილებები წვიმებითა და გვალვებით.
მრავალკუთხა (პოლიგონალური) ბზარები საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა დედამიწაზე. წარმოიდგინეთ მზით ამომშრალი გუბე: ტალახი იკუმშება, ბზარების ქსელით იფარება და ფსკერზე დამახასიათებელი მოზაიკური სურათი რჩება.
პროცესის ფიზიკა მარტივია: სველი ნიადაგი ფართოვდება, გაშრობისას იკუმშება და იბზარება. თუ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება, ბზარები T-ს ფორმას იღებს. მაგრამ თუ დასველებისა და გაშრობის ციკლები არაერთხელ მეორდება, სურათი იცვლება.
ტალახი, რომელიც ერთხელ შრება, T-ს ფორმის კვეთებით იბზარება, ხოლო გაშრობის განმეორებითი ციკლებით Y-ს ფორმის ხდება. ეს ბზარები იზრდება, ერთმანეთს უერთდება და ექვსკუთხა სტრუქტურას ქმნის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბზარების ფორმა ერთგვარი კლიმატის „დღიურია“. ექვსკუთხედები მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე სველი და მშრალი პერიოდების მრავალჯერადი მონაცვლეობა მოხდა, შესაძლოა სეზონურიც.
ლალის ქვები

2026 წელს, უცნაური აღმჩენა ჰქონდა „პერსევერანსსაც“, მარსის ქანებში მან ქიმიურად ლალის მსგავსი პატარა კრისტალები იპოვა, რაც წითელ პლანეტაზე ძვირფასი ქვების აღმოჩენის პირველი შემთხვევაა. თუმცა, ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ შეიძლებოდა მათი იქ წარმოქმნა: ვულკანების, ტექტონიკისა და დედამიწისგან განსხვავებული პირობების გარეშე.
იმის გასაგებად, თუ კონკრეტულად რა აღმოაჩინა მარსმავალმა, ამ მინარელის რაობაში უნდა გავერკვიოთ. კორუნდი არის ალუმინის ოქსიდი (Al₂O₃), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მყარი ბუნებრივად არსებული მინერალია. მცირე რაოდენობით ქრომის დანამატი და კორინდი წითელ ფერს იღებს, ეს უკვე ლალია. მარსმავალმა სწორედ კორუნდი აღმოაჩინა.
კორუნდი დედამიწაზე იშვიათია და, როგორც წესი, ექსტრემალური ტემპერატურისა და წნევის დროს წარმოიქმნება — დედამიწის ქერქის სიღრმეში, სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება და ქანებს ფქვავს. მარსზე კი ასეთი პირობები უბრალოდ არ არის.
სავარაუდოდ, მარსზე კორუნდის კრისტალები ასტეროიდების ვარდნის დროს წარმოიქმნება. შეჯახების წერტილში, წამიერად წარმოქმნილი უზარმაზარი ტემპერატურა და წნევა, ჩვეულებრივი ალუმინოსილიკატური ქანების კორუნდად გადასაქცევად სრულიად საკმარისია. არსებითად, მეტეორიტის შეჯახება, დედამიწის მილიონობით წლიან ტექტონიკას ერთ, მყისიერ აფეთქებაში აქცევს. მარსს არ აქვს მკვრივი ატმოსფერო პატარა ასტეროიდების დასაწვავად და არც აქტიური ეროზია, რომელიც შეჯახების კვალის წასაშლელად გამოდგება. თითოეული ასეთი შეჯახება ექსტრემალური მინერალების პოტენციური „ქარხანაა“.