30 წლის წინ, 1989 წლის 25 აგვისტოს, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა ”ვოიაჯერ 2” ახლოს ჩაუფრინა პლანეტა ნეპტუნს და კაცობრიობას მისი ჭეშმარიტი სახე აჩვენა. ”ვოიაჯერ”-ის მისიის ფარგლებში ხომალდებმა მზის სისტემის ოთხი გიგანტი პლანეტა (four giant planets) — იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი მოინახულეს, თუმცა ნეპტუნი მას მერე არცერთ აპარატს აღარ უნახავს.
“საპლანეტათშორისო პროგრამა ”ვოიაჯერი”, 1975 წელს დაიწყო და მან საშუალება მოგვცა მზის სისტემის პლანეტების უდიდესი საიდუმლოებები ამოგვეცნო. “ყოველდღე რაღაც ახალს აღმოვაჩენდით ხოლმე” – ამბობს ედ სტოუნი, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი და პროგრამა ”ვოიაჯერ”-ის უცვლელი მეცნიერი.
“ვოიაჯერ 2”-მა გამოავლინა, რომ ფირუზ-კობალტისფერ ღრუბლებში გახვეული ლურჯი პლანეტა ისეთივე გაზის გიგანტი იყო, როგორც იუპიტერი და სატურნი. მისი შეფერილობა მეთანის დამსახურებაა. იუპიტერის დიდი წითელი ლაქის მსგავსად, ნეპტუნს დიდი მუქი ლაქა ამშვენებს. პლანეტის გარშემო ექვსი მთვარე და ოთხი რგოლი იქნა აღმოჩენილი.
პლანეტასთან უახლოეს წერტილში ინჟინერ მეცნიერთა ფრთხილი მანევრირებით ზონდის მიმართულება და სიჩქარე შეიცვალა და ”ვოიაჯერ 2” ნეპტუნის უდიდესი მთვარისკენ – ტრიტონისკენ გაემართა. ტრიტონს გეოლოგიურად ახალგაზრდა ზედაპირი აღმოაჩნდა – მისი აქტიური გეიზერები ზედაპირულ და ღრმა ფენების შემადგენელს დიდ სიმაღლეზე აფრქვევდა. მაშასადამე, ტრიტონი სულაც არ იყო ყინულის გაშეშებული ბურთი, ზედაპირის ძალიან დაბალი ტემპერატურის, -235°C მიუხედავად.
ნეპტუნისა და მისი მთვარის შემდეგ ”ვოიაჯერ 2”, მის ტყუპისცალ ”ვოიაჯერ 1”-თან ერთად (რომელმაც იუპიტერი და სატურნი მოინახულა), ვარსკვლავთშორის სივრცეში გაიჭრა, ხომალდების ეს მოგზაურობა უკვე 40 წელიწადზე მეტია, რაც გრძელდება. დღეს ”ვოიაჯერ 2” დედამიწიდან 18 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ხოლო უფრო სწრაფი ”ვოიაჯერ 1” – 21 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, თუმცა – სხვადასხვა მიმართულებით.
გზა ნეპტუნისკენ
ნეპტუნამდე ”ვოიაჯერ 2”-მა 5 პლანეტა მოინახულა. მალე მისმა რადარებმა მიზანში დიდი ლურჯი პლანეტა ამოიღო. ყინულოვანი გიგანტი – ნეპტუნი დაახლოებით 30-ჯერ უფრო შორსაა მზიდან, ვიდრე დედამიწა, ამიტომ მისი ზედაპირი 1000-ჯერ უფრო ნაკლებადაა განათებული. ამგვარი სუსტი განათების პირობებში მაღალი ხარისხის გამოსახულების მისაღებად ”ვოიაჯერ 2”-ის კამერას ხანგრძლივი ექსპოზიცია სჭირდებოდა. თუმცა ნეპტუნთან მიახლოების მომენტისთვის მისი სიჩქარე 90 000 კმ/სთ-ს შეადგენდა, ხოლო ასეთ პირობებში მაღალი ექსპოზიცია მხოლოდ ძალზე გადღაბნილ გამოსახულებას იძლევა (წარმოიდგინეთ, დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანიდან საგზაო ნიშანი რომ გადავიღოთ).
ინჟინრებმა ეს პრობლემა ინოვაციური მეთოდებით გადაჭრეს – მათ ”ვოიაჯერ 2”-ის გვერდითი ძრავები ისე დააპროგრამეს, რომ კამერა პლანეტის ზედაპირის მუდმივად ერთი გარკვეული წერტილისკენ იყო მიმართული. ეს ძრავები მხოლოდ ამ პროექციის გარშემო აბრუნებდა ხომალდს, ისე რომ მის სიჩქარეზე და ფრენის მიმართულებაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია.
დედამიწასა და ზონდს შორის უზარმაზარი მანძილები სიგნალის შესუსტებასაც ნიშნავს. ”ვოიაჯერ 2”-თან დასაკავშირებლად და სიგნალის გასაძლიერებლად რადიოტელესკოპების ქსელი გამოიყენეს, რომელსაც ”ღრმა კოსმოსური ქსელი” – DSN (Deep Space Network) ეწოდება. 1986 წელს, როდესაც ”ვოიაჯერ 2” ურანთან მოძრაობდა, ეს ქსელი სამი რადიოტელესკოპისაგან შედგებოდა, რომლებიც მადრიდში (ესპანეთი), კანბერაში (ავსტრალია) და გოლდსთოუნში (კალიფორნია) იყო განთავსებული. ამ რადიოტელესკოპების საერთო სიგანე 64 მეტრს შეადგენდა. 1989 წელს, ნეპტუნთან ახლოს მდებარე ზონდთან კავშირის დასამყარებლად ქსელს კიდევ ორი დამოუკიდებელი რადიოტელესკოპი შემოუერთდა: პარკსის (ავსტრალია) 64 მეტრი დიამეტრის თეფში და ნიუ მექსიკოს ძალიან დიდი რადიოქსელის (Very Large Array) რამდენიმე 25-მეტრიანი რადიოტელესკოპი.
იდუმალი ლურჯი პლანეტა
ნეპტუნის პირველი სურათის მიღების მომენტიდან NASA-ს JPL- ამძრავების ლაბორატორიაში (პასადენა, კალიფორნია) კომპიუტერების მონიტორებთან პროექტ ”ვოიაჯერ”-ისა და სხვა დაინტერესებული მეცნიერების უზარმაზარი ჯგუფი იყო შეკრებილი. – “ვიცი, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ იმ დროს ინტერნეტი არ არსებობდა. ამიტომ რეალურ დროში გამოსახულებები და ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყო ხელმისაწვდომი.”- იხსენებს სთოუნი.
მაგრამ ჯგუფს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ხალხისთვის რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდებინათ ინფორმაცია. ამიტომ 21-29 აგვისტოს პერიოდში ყველა სიახლეს ყოველდღიურ პრეს-კონფერენციებზე ასაჯაროებდნენ. 24 აგვისტოს ლაბორატორიიდან პირდაპირ ეთერში ტელევიზიით გავიდა გადაცემა ”ვოიაჯერ”-ი მთელი ღამით”, რომელიც იდუმალ ლურჯ პლანეტასთან ხომალდის მიახლოებას მიეძღვნა.
დილით პროექტის მეცნიერებს ლაბორატორიაში ვიცე პრეზიდენტი დენ ქუეილი ესტუმრა. მალე საზეიმო ღონისძიებას შემოუერთდა მომღერალი ჩაკ ბერი, რომლის სიმღერა “Johnny B. Goode” (“წესიერად მოიქეცი, ჯონი”), ორივე ”ხომალდის”-ის ”ოქროს ფირფიტაზეა” ჩაწერილი („ვოიაჯერის“ ოქროს ჩანაწერი…)(Golden Record).
”ვოიაჯერები” მხოლოდ ისტორია როდია – ახლახანს ეს ხომალდ-ზონდები გასცდნენ ჰელიოსფეროს (ჩვენი მზის მაგნიტური ველის მიერ შექმნილი დამცავი ბუშტი, რომელშიც მაღალი სიჩქარის მქონე კოსმოსური ნაწილაკებია ”გამოჭერილი”) და მოგზაურობას ვარსკვლავთშორის სივრცეში აგრძელებენ. ისინი დღემდე გვაწვდიან ინფორმაციას გალაქტიკაში აფეთქებული ვარსკვლავების შესახებ და ახდენენ მონაცემების კორელაციას NASA -ს სხვა მისიებთან, როგორიცაა, მაგალითად ”ვარსკვლავთშორისი საზღვრების მკვლევარი: – IBEX (Interstellar Boundary Explorer), რომელიც ჩვენი მზის კოსმოსური სხივების და ნაწილაკების გალაქტიკურ მატერიებთან დაჯახების შედეგებს იკვლევს; აგრეთვე ”ვარსკვლავთშორისი რუკებისა და აჩქარების ზონდი” – IMAP (Interstellar Mapping and Acceleration Probe), რომელსაც 2024 წელს გაუშვებენ – რომლის მთავარი ამოცანა ”ვოიაჯერების” თვალთვალი და მათგან მიღებული ინფორმაციის არსებული ინტერპრეტაციის მართებულობის გადამოწმებაა, რადგან ”ვოიაჯერები” ინფორმაციას DSN ანტენების ქსელს მხოლოდ 13 ვატის სიმძლავრის გადამცემების მეშვეობით მიაწვდიან (მაცივრის ერთი ნათურის ასანთებად საჭირო ენერგია. ”ვოიაჯერ-1”-ის რადიო სიგნალი).
“ისინი იკვლევენ სივრცეებს, სადაც ჯერ ადამიანის შექმნილ სხვა არცერთ ზონდს არ მიუღწევია. 42 წელი გავიდა, ისინი კი ისევ მუშაობენ” – აღნიშნავს სთოუნი (ნეპტუნი).
(ვოიაჯერის მისიების თაობაზე იხილეთ: https://voyager.jpl.nasa.gov/; ”Voyager 2”-ის მიერ გადაღებული ნეპტუნის სურათები იხილეთ: https://voyager.jpl.nasa.gov/galleries/images-voyager-took/neptune/).