ინტერნეტში ხმა გავრცელდა თითქოსდა ”ცნობისმოყვარეობის” მიერ ”ისტორიული” აღმოჩენის გაკეთების შესახებ. ოფიციალური განცხადება დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება – მანამდე კი ყველა მკითხაობს, თუ რა შეიძლება იყოს ეს(Space.Com). ამ მითქმამოთქმის ეპიცენტრში მარსამავლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი SAM-ი მოექცა, გაზების ქრომატოგრაფით, მას-სპექტრომეტრითა და ლაზერის სპექტრომეტრით, რომლებითაც გრუნტის და ატმოსფეროს ნიმუშების ქიმიური ანალიზი კეთდება.
ყველაფერი ჯონ გროთცინგერის, მარსმავლის მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, რადიოინტერვიუთი დაიწყო, რომელიც საკმაოდ დამაინტრიგებლი და ბურუსით მოცული განცხადება გამოდგა:”ჩვენ ახლა ინსტრუმენტ SAM-იდან ვიღებთ მონაცემებს… ეს მონაცმები ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა”.
როგორც არ უნდა იყოს, მეცნიერები ოფიციალურად მათ შესახებ სანფრანცისკოში სპეციალურ კონფერენციაზე გააკეთებენ განცხადებას(3-7 დეკემბერი). მოხსენებათა შორის მარსზე ორგანული ნაერთების ძებნის შედეგებიცაა შეყვანილი. გასაკვირი არაა, რომ ჭორები და მითქმამოთქმა იქამდე დადის, რომ თითქოს მარსმავალმა მარსული სიცოცხლე თუ არა, მისი ორგანული ნარჩენები მაინც აღმოაჩინა.
ბევრი ექსპერტი ფრთხილობს, რომ მარსმავლიდან გადმოცემული შედეგების შეფასება გადაჭარბებული არ აღმოჩნდეს. ”ეს ყველაფერი იმედგაცრუებით შეიძლება დამთავრდეს. SAM-ს წინა მისიებისგან პრინციპულად განსხვავებული არაფერი აღმოუჩენია” – ამბობს ასტროფიზიკოსი კრის მაკკეი.
სხვა ექსპერტები, მათ შორის მისიის წევრები, ყველაფერს ოპტიმისტური თვალით უყურებენ. ”ის, რაც ჯონ გროთცინგერმა თქვა სიმართლეა. მარსმავლის კვლევითი აპარატურა, მათ შორის SAM-იც, მყარი ქანების უპრეცედენტო ანალიზს აკეთებენ… უბრალოდ ეს სამუშაო, როგორც ხდება ხოლმე, მტკიცებულებებს ითხოვს”- ამბობს ჯეიმს გერვინი. გერვინის თქმით, მისიის ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა შედეგები მსოფლიოს რაც შეიძლება მალე წარუდგინოს. ”ეს საავადმყოფოში ანალიზის შედეგების ცდას ჰგავს. ყველაფერთან ერთად დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ შედეგები იქნება ზუტი და სწორად ინტერპერეტირებული” – დასძენს გერვინი.
მართლაც, სპექტრომეტრი SAM-ი, გაცილებით რთული მოწყობილობაა, ვიდრე, მაგალითად, მაღალი გარჩებვადობის ციფრული კამერა. მისი კომპონენტები უზუსტეს კალიბრირებას ითხოვენ, ხოლო შედეგების ინტერპრეტაცია ძალიან დიდ სამუშაოს. სანამ ეს სამუშაოები ჩატარებული არაა, ხალხი და პროექტს გარეთ მყოფი ექსპერტები სხვა და სხვა ვერსიებს ახმოვანებენ.
პლანეტოლოგი მაიკლ მამმა თვლის:”ეს ყველაფერი აშკარად ნიადაგის პირველ ანალიზებს უკავშირდება, რომელიც SAM-მა ჩაატარა. ვეჭვობ, განცხადებების დაყოვნება მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მეორე ანალიზი ტარდება, რომელიც პირველის შედეგებს დაამოწმებს”. მეცნიერი გვახსენებს, რომ წინა მისიების დროს, მეთანთან დაკავშირებული მონაცემები ოთხჯერ გადამოწმდა. ახლა კი, მისი აზრით, ალბათ მეთანის სერიოზულ რაოდენობაზეა საუბარი, რომელიც გრუნტის გაცხელების მერე გამოიყო, თუმცა ეს უფრო რთული ორგანული ნაერთებიც შეიძლება იყოს.
თვითონ მარსმავლის ჯგუფი დუმს. მათი ოფიციალური წარმომადგენელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ”ჩვენ შედეგების ანალიზს ვაგრძელებთ, თუმცა მათი განხილვისთვის არა ვართ მზად”. ჯეიმს გერვინი მოგვიწოდებს მოთმინება მოვიკრიბოთ და დაველოდოთ:”ზეგავლენის თვალსაზრისით, რომლითაც ის მეცნიერებზე იმოქმედებს, ”ცნობისმოყვარეობა” შეიძლება ”ჰაბლს” გაუტოლდეს. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ”.