საუკეთესო ბინოკლები ასტრომოყვარულისთვის

საუკეთესო ბინოკლები ასტრომოყვარულისთვის

 ადამიანთა უმრავლესობას ორი თვალი აქვს 🙂 ისინი ევოლუციურად განვითარდნენ, რომ ერთად გამოიყენონ ორივე თვალი (ყველა ცხოველი ასე არაა). ადამიანები, სამყაროს უწყვეტ, სტერეოსკოპულ პანორამულ ფილმს ქმნიან თავიანთ გონებაში. ღია ცის ქვეშ საკუთარი ორივე თვალის მაღლა აპყრობისას თქვენსა და სამყაროს შორის ვერაფერი ჩადგება. ღამის ცის ყურებისგან მიღებული სიამოვნების გასაუმჯობესებლად ყველაზე მარტივი გზაა ტვინის მოხატვა გაძლიერებული სინათლის სხივებით ბინოკლის ორი არხის საშუალებით. დიდ, სინათლით დაბინძურებულ ქალაქშიც რომ ცხოვრობდეთ, ან მის სიახლოვეს, გაგიკვირდებათ, რამდენად დეტალური გამოსახულების მიღება შეიძლება სწორად შერჩეული ბინოკლის საშუალებით(space.com).

 space.com-ის რედაქტორებმა გადახედეს ბინოკლების დღეისთვის არსებული მოდელების სპექტრს. კომპიუტერის დახმარებით მიღებული დიზაინის და წარმოების გამო დღეს შესაძლებელია მაღალი ხარისხის ბინოკლების ნახვა მისაღებ ფასებში. სამწუხაროდ, ასევე იყიდება უამრავი ჯართი, რომელსაც უწევენ მარკეტინგს, თითქოს ისინი კოსმოსზე დაკვირვების საუკეთესო ტექნიკა იყოს და ძვირად ფასობს. რედაქტორებმა შეარჩიეს რამდენიმე მოდელი, რომელიც ცის მაყურებლების უმრავლესობის მოთხოვნებში უნდა ჩაჯდეს.
ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი: გადიდების შეფარდება მასასთან, ხედვის არე, პრიზმის ტიპი, ოპტიკური ხარისხი („სიცხადე“), სინათლის გამტარობა, მომხმარებლის ასაკი (რათა ტელესკოპის „გამოსასვლელი გუგის“ ზომა მისი თვალის გუგის შესაბამისი იყოს, რადგან ის ასაკთან ერთად იცვლება), შოკის მიმართ გამძლეობა, წყალგამძლეობა და სხვა. ბინოკლის თვითონ შერჩევა თუ გსურთ ამ ბმულით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ (ინგლისურად)

საუკეთესო ბინოკლი შენთვის

 „პატარა“ ასტრონომიული ბინოკლი შეიძლება ჩიტებზე დაკვირვებისთვის, სპორტისთვის ან სხვა დანიშნულებისთვის, რაც დედამიწაზე დაკვირვებით შემოიფარგლება, „საშუალო“ ბინოკლად ჩაითვალოს. ეს ოპტიკიდან გამომდინარეა (პრიზმის ტიპი და სამიზნის ზომა ძირითადად). „დიდი“ ბინოკლი ამ მხრივ რთული გამოსაყენებელია და შედარებით ვიწრო ხედვის არე აქვს. ის ტელესკოპის ხარისხს უახლოვდება გადიდებით, გაფართოებით და ოპტიკური მახასიათებლებით.

 რედაქტორების მიერ არჩეული ბინოკლების უმრავლესობა $300-ის ქვევითაა. შეგიძლიათ 10-ჯერ და მეტად ძვირი ბინოკულარული ტელესკოპი შეიძინოთ, რომელსაც განსაკუთრებული ენთუზიასტები იყენებენ სპეციალურ სადგამზე! ასევე მეტის გადახდა მოგიწევთ შოკგამძლე (ruggedized) ბინოკლებისთვის (სამხედრო სტანდარტი), რომელთა უმრავლესობას სპეციალურ სადგამზე აქვს პრიზმა, რომ ოპტიკა ზუსტად იყოს განლაგებული.

 ასევე, რედაქტორების არჩეული ბინოკლები იყენებენ პორო-პრიზმულ ოპტიკას(Porro-prism). კომპაქტური ბინოკლები, როგორც წესი, იყენებენ „სახურავის“ პრიზმას, რაც შედარებით იაფი დასაყენებელია, თუმცა მისი ხარისხი ძალიან ცვალებადია.

 ბინოკლების სამი კატეგორია შეიძლება განვიხილოთ:
პატარა, პორტატული ბინოკლები, რომელთა საშუალებით შეიძლება დაკვირვებების განხორციელება ხელში დაჭერით.
საშუალო ბინოკლები უფრო ძლიერ გადიდებას იძლევა, მყარია და ხელში დაჭერით შეიძლება დაკვირვება.
დიდი ბინოკლები მოზრდილი ლინზებით ხასიათდება და სამფეხაზე უნდა დამაგრდეს ან სხვა საშუალებით მოხდეს მისი ადგილზე დაფიქსირება.

 საუკეთესო პატარა ბინოკლი: Oberwerk Mariner 8×40 (ფასი: $150)
Ober გერმანულად ნიშნავს „მაღლას“ და werk – „მუშაობას“. ეს მოდელი მართლაც უმაღლესი დონის ოპტიკური ნამუშევარია, იდეალური როგორც მიწაზე და წყალში, ასევე მაღლა არსებულ ობიექტებზე დაკვირვებისთვის. Oberwerk Mariner 8×40 ხასიათდება ექსტრემალურად ფართო ხედვის არით, საკმაოდ მაღალი კონტრასტით, ბასრი ფოკუსით; იდეალურია ირმის ნახტომის ვარსკვლავური „ლანდშაფტის“ დასათვალიერებლად. მისი სიგრძე მხოლოდ 14 სმ-ა, ხოლო სიგანე – 16.5 სმ. ის საკმაოდ მცირე ზომის და მოსახერხებელი ბინოკლია. თუმცა მისი 1კგ-იანი წონა ოდნავ ართულებს მის ყველგან ტარებას.
8x გადიდება
40 მმ ობიექტივის დიამეტრი
წონა 1.8 კგ
ხედვის არე 8.4 გრადუსი
5 მმ გამოსასვლელი ოკულრი
 მეორე კანდიდატია: Celestron Cometron 7×50(ფასი: $30)
ფასი ნამდვილად არ მოგჩვენებიათ! ეს Celestron-ები მსუბუქი, ფართე ხედვის არის ბინოკლია და პატიოსნად გვთავაზობს ხარისხს შესამჩნევად იაფ ფასში. კომპრომისი შეინიშნება ოპტიკაში, კონკრეტულად პრიზმის მინის ტიპში (მთვარის კუთხეებთან შეიძლება ოდნავ მეტი ქრომატული აბერაცია შენიშნოთ და გამოსასვლელი გუგა სასიამოვნო, გლუვი წრე არაა). ეს ბინოკლი ოპტიმიზებულია „თითქმის უსასრულოდ დაშორებული“ ციური სხეულებისთვის და 9 მეტრზე ახლო ობიექტებზე ის არ ფოკუსირდება. თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს უმრავლესობა სპორტის თუ სხვა საგარეო აქტივობისთვის. თუ საჩუქრად ყიდულობთ ბევრი ახალგაზრდა ასტრომოყვარულისთვის ან გინდათ შედარებით იაფი მეორე წყვილი იქონიოთ, ეს ბინოკლი თქვენთვისაა. უბრალოდ შეახსენეთ ამ ყმაწვილებს, რომ წყალთან ფრთხილად იყვნენ; Celestron ამტკიცებს, რომ მათი პროდუქტი მხოლოდ „წყალგამძლეა“ და არა წყალგაუმტარი.
7x გადიდება
50 მმ ობიექტივის დიამეტრი
წონა 0.9 კგ
ხედვის არე 6.8 გრადუსი
7.1 მმ გამოსასვლელი გუგა

 აღნიშნვის ღირსია: Swarovski Habicht 8×30(ფასი: $1,050)
ეს ბინოკლი არის ლეგენდარული ავსტრიული ფირმისგან Swarovski Optik. ნამდვილად. ძალიან მახვილი. ძალიან მსუბუქი. ძალიან ფართო ხედვის არე. ძალიან მრავალმხრივი. და ძალიან ძვირი! რედაქტორები ამ არჩევანზე შეჩერდებოდნენ, მისი ყიდვა რომ შეეძლოთ.

8x გადიდება
30 მმ ობიექტივის დიამეტრი
წონა 0.6 კგ
ხედვის არე 7.8 გრადუსი
3.8 მმ გამოსასვლელი გუგა

 ეს მოდელი ნაკლებად იშოვება. მსგავსი მოდელია Carl Zeiss Conquest Binocular(8×30).
ასევე აღნიშნვის ღირსია Nikon Aculon 7×50 (ფასი: $110).
7x გადიდება
50 მმ ობიექტივის დიამეტრი
წონა 0.6 კგ
ხედვის არე 6.4 გრადუსი
7.1 მმ გამოსასვლელი გუგა

 საუკეთესო საშუალო ბინოკლი: Celestron SkyMaster 8×56(ფასი: $210)
სოლიდური, მოზრდილი ხარისხიანი პრიზმის და ლინზის წყვილი სასიამოვნო გამოსაყენებელს ხდის ამ 1.07 კგ წონის ბინოკლს. კარგი ჩასაჭიდი. საშუალო ხედვის არე 5.8 გრადუსით და გრძელი 7მმ-ის გამოსასვლელი გუგა გაგიყვანთ სასურველ ნათელ ცაზე, თუმცა არც მთლად კაშკაშაზე. მთლიანად არის შემოსილი რეზინის წყლის კომბინიზონით, ანუ წყალგაუმტარია. თავისუფლად შეიძლება წაღება ნაოსნობის ან ფრინველებზე დაკვირვებისას ნამიან დილას. მათი ოპტიკური მილები მშრალი აზოტით არის დამუშავებული ქარხანაში და შემდეგ დალუქული. ამიტომ ის არ იორთქლება, შიგნიდან მაინც. Celestron-ის სამაგრი ადგილები ისეა გაკეთებული, რომ ცერა თითს არ გაგიწვალებთ, თუმცა მდებარეობა ძნელს ხდის მათ მოჭერას.
8x გადიდება
56 მმ ობიექტივის დიამეტრი
წონა 1 კგ
ხედვის არე 5.8 გრადუსი
7 მმ გამოსასვლელი გუგა

 მეორე კანდიდატია: Oberwerk Ultra 15×70(ფასი: $380)
ეს 15×70 ბინოკლი ოპტიკურად გამორჩეულია. Ultra-ს მრავალსაფარიანი მინა ცას ხელახლა შეგაყვარებთ. Oberwerk-ის BAK4 მინის პოროპრიზმის დაყენების მეთოდი უმრავლესობა კონკურენტებზე უკეთეს შოკგამძლეობას იძლევა. მართალია ზოგი მსგავსი ბინოკლი უფრო იაფი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ბინოკლი ნამდვილად აღმატებულ ხარისხს გვთავაზობს. ერთადერთი ნაკლი შეიძლება იყოს მისი წონა – 2.5კგ! ცოტა ხანი შეგიძლიათ ხელში დაიჭიროთ, მაგრამ ჯობია სამფეხაზე ან სხვა რამეზე დაამაგროთ, რომ არ იქანაოს. დიდი ბინოკლების უმრავლესობის მსგავსად, მისი თვალები დამოუკიდებლად ფოკუსირდებიან, ცენტრალური საერთო ფოკუსის ბორბალი არა აქვს.
15x გადიდება
70 მმ ობიექტივის დიამეტრი
წონა 2.5 კგ
ხედვის არე 4.5 გრადუსი
6.3 მმ გამოსასვლელი გუგა
 აღნიშნვის ღირსია: Vixen Ascot 10×50(ფასი: $165)
ეს თავისებური ბინოკლი განსაკუთრებით ფართო ხედვის არეს გვთავაზობს. თუმცა მისი დაგდება არ ღირს, განსაკუთრებით სიბნელეში. ის არც წყალგაუმტარია და ფოკუსის ღილაკიც არაა მოსახერხებელ ადგილას მოთავსებული. საჭიროებს ფრთხილ მოპყრობას.
10 x გადიდება
50 მმ ობიექტივის დიამეტრი
წონა 0.9 კგ
ხედვის არე 8 გრადუსი
5 მმ გამოსასვლელი გუგა

 საუკეთესო დიდი ბინოკლი: Celestron SkyMaster 25×100(ფასი: $300)
ამ 4 კილოგრამიანი მხეცის ხელით დაჭერით მზერა არც იფიქროთ! SkyMaster 25×100 მართლაც არის 100 მილიმეტრიანი მოკლემილიანი რეფრაქტორიანი ტელესკოპების წყვილი. ყიდვის გადაწყვეტილებას სანამ მიიღებთ, გაითვალისწინეთ, რომ ცალკე სადგამის ყიდვა დაგჭირდებათ. ამ მონსტრ Celestron-ს მოყვება გამძლე სამაგრი. მისი გასაოცრად მრავალსაფარიანი ოპტიკა გაგაოცებთ ციური სხეულების დეტალებით. მხოლოდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამოსახულება რომ არ გააფუჭოს სინათლის დაბინძურებამ, ბნელი ღამის ცა დაგჭირდებათ. როგორც მრავალი გიგანტური ბინოკლების კლასის შემთხვევაში, ოკულარები დამოუკიდებლად ფოკუსირდება, თითოეული არასტანდარტულად დიდი 4.5 გრადუსის დონეზე. კრიტიკული ფოკუსის მიღწევა შეიძლება რთული აღმოჩნდეს, მაგრამ შედეგი ღირს ამად. შესაძლებელია ახალი მთვარის ზედაპირზე გარკვეული დეტალების გამოკვეთა და იუპიტერის ღრუბლების გროვების გამორჩევა. ბინოკლისთვის ეს საკმაოდ შთამბეჭდავია.

25x გადიდება
100 მმ ობიექტივის დიამეტრი
წონა 4.1 კგ
ხედვის არე 3 გრადუსი
4 მმ გამოსასვლელი გუგა
 მეორე კანდიდატია: Orion 20×80 Astronomy Binoculars(ფასი: $120)
ეს იდეალური ვარიანტია ცაზე დაკვირვების „მძიმე არტილერიაში“ შესაბიჯებლად. მოდელი საკმაოდ ბევრს გვთავაზობს მის ფასად, თავისი დიდი დიაფრაგმით და ძლიერი მონაცემებით. ასევე ახასიათებს ცენტრალური ფოკუსის ღილაკით სწრაფი გასწორების ფუნქცია. ეს მოდელი Celestron SkyMaster 25×100-ზე ოდნავ ნაკლებად ძლიერია, თუმცა მასზე მსუბუქი (2.15კგ) და ბევრად იაფი. გარეგნულადაც თითქმის ერთნაირებია და ერთნაირ შეფუთვაშიც კი იყიდება.
20x გადიდება
80 მმ ობიექტივის დიამეტრი
წონა 2.15 კგ
ხედვის არე 3.2-გრადუსი
4 მმ გამოსასვლელი გუგა

 აღნიშნვის ღირსია: Barska Cosmos 25×100(ფასი: $230)
ეს ბინოკლი სილამაზით არ გამოირჩევა, მაგრამ თქვენ მაინც სიბნელეში ხართ, ხომ ასეა? სამფეხას სამაგრი მილის ირგვლივ აგებული ეს ბინოკლი სწრაფად ახდენს ტემპერატურის გათანაბრებას და მისაღებ გამოსახულებას იძლევა რაციონალურ ფასად. ეს Celestron SkyMaster-ის იაფი ვერსიაა. მოცემული მოდელი ნაკლებად იშოვება.
25x გადიდება
100 მმ ობიექტივის დიამეტრი
წონა 3.7 კგ
ხედვის არე ???
15.4 მმ გამოსასვლელი გუგა

 ასევე აღნიშნვის ღირსია მოდელი Steiner Observer 20×80(Cost: $1,500)
ეს მოდელი დამწყებისთვის მაინცდამაინც იაფი არაა, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ეს ფაქტიურად სამხედრო მოდელის ვარიაციაა მორგებული მშვიდობიანი დაკვირვებისთვის ციურ სხეულებზე.
20x გადიდება
80 მმ ობიექტივის დიამეტრი
წონა 1.9/2.7 კგ
ხედვის არე 3.1 გრადუსი
4 მმ გამოსასვლელი გუგა

დამატებით უნდა გავითვალისწინოთ:
ზოგი ბინოკლი ჩაყენებული გამოსახულების სტაბილიზატორებით იყიდება. უმეტესობა ბატარეაზე მომუშავე გიროსკოპებით (ამაჩქარებლის მზომებით) მომუშავე დინამიური ოპტიკური ელემენტებითაა აღჭურვილი. ასეთი მოდელები არ განგვიხილავს აქ, რადგან ისინი ძალიან სპეციალიზებული და ძვირია ($1,250 და მაღლა).

 ზოგ ბინოკლს ჩაყენებული კამერა მოყვება. ეს თითქოს კარგი აზრია, მაგრამ სინამდვილეში ცაზე დაკვირვება თუ გინდათ ასეთი ბინოკლი არ გამოგადგებათ. დედამიწის მთვარის გარდა, სხვა ციური სხეულები ფოტონებს ნაკლებად იძლევიან, საჭიროა დიდ ხანს ერთ ადგილზე კარგად დაფიქსირებული დაკვირვება, რომ საკმარისი სინათლე მიიღოთ ნორმალური სურათისთვის.

 ასევე იყიდება მეგა-გიგანტური ბინოკლები, თუ გსურთ უფრო ადრეული სინათლის მიღება შორეული ვარსკვლავებიდან, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ისინი ბევრად უფრო ძვირი ღირს და წინა ბინოკლების ჯგუფიდან ერთი ფინანსური კვანტური ნახტომის გაკეთება მოგიწევთ. თუმცა, თუ შემოსავალი ამის თავისუფლებას გაძლევთ და სუფთა ღამის ცაზეც ადვილად მიგიწვდებათ ხელი, შეიძლება ბინოკლურ ტელესკოპებზე გადასვლა, რომელთაც 30x-ზე მაღალი გადიდების უნარი და დამოუკიდებლად ფოკუსირებადი ოკულარები აქვთ. მოყვარულ ასტრონომებს, რომლებიც ასეთ ელიტურ სტერეოსკოპებს იყენებენ, რამდენიმე ცნობილი კომეტაც აქვთ აღმოჩენილი.

ციური სანახაობები ზამთარში

 პლეადები – ასევე ცნობილია „7 დის“ სახელით 7 ძირითადი მანათობელი ობიექტის გამო. ბევრი მიიჩნევს ამ ვარსკვლავთა ღია გროვას ღამის ყველაზე ლამაზ სანახაობად. დამკვირვებელს შეუძლია ნახოს პლეადები, რომელიც კუროს მკლავში მდებარეობს, როგორც სუსტად მოციმციმე სინათლის ლაქა. თუმცა კარგად თუ დააკვირდებით, პლეადების 6 ვარსკვლავის გარჩევა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. ზოგს, განსაკუთრებით კარგი მხედველობით, შეუძლია შეუიარაღებელი თვალით გაარჩიოს 18 ვარსკვლავი. თუმცა პლეადები 500-ზე მეტი ვარსკვლავისგან შედგება და ჩვენგან 410 სინათლის წლითაა დაშორებული. დედამიწიდან თუ ვუყურებთ, ღამის ცაზე პლეადები სავსე მთვარეზე 4-ჯერ დიდ ადგილს იკავებს. ბინოკლიდან ეს გროვა შავი ველვეტის ფონზე გაბნეულ სხვადასხვა ნათების პატარა ლურჯ ალმასებს მოგვაგონებს. კარგ ტელესკოპს შეუძლია გროვის შედარებით ნათელი წევრების ირგვლივ ნისლეულობა გამოაჩინოს, განსაკუთრებით ვარსკვლავ მეროპესთან. ეს არის აირების მბჟუტავად მანათობელი ღრუბლები მათ მიერ არეკლილი სინათლის შედეგად.

 ჰიადები – ჰიადები ქმნიან V-ფორმის ღია გროვას და ქმნიან კუროს სახეს. მაგრამ, რადგან ეს გროვა 2.5-ჯერ უფრო ახლოსაა ვიდრე პლეადები (150 სწ), შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მისი ვარსკვლავები გაფანტულია. შეუპოვარი ცის დამკვირვებელი ვოლტერ სკოტ ჰიუსტონი აღწერს ჰაიდებს, როგორც „ნათელს გამჭოლი ბრწყინვით“. ჰენრი ნილი, რომელიც 1940-50-იან წლებში ასწავლიდა ნიუ-იორკის ჰეიდენის პლანეტარიუმში, თვლიდა, რომ ჰაიდები პლეადებზე უფრო ლამაზიც კია. “ნამდვილად ღირს მის სანახავად ბინოკლის თხოვნა, ხვეწნა ან მოპარვა – ჩემი ფავორიტია ყველა ბინოკლის რეგიონთა შორის მთელს სამოთხეში“, თქვა მან. ნამდვილად, ბინოკლით მზერისას, ჰაიდები ავსებენ ხედვის არეს იდეალურ V-ფორმაში. თუმცა განსაკუთრებით გასაოცარი ისაა, რომ ყველაზე ნათელი ვარსკვლავი – მოსტაფილოსფრო-მოწითალო ალდებარანი, რომელიც კუროს ცეცხლოვან თვალს ქმნის – მხოლოდ და მხოლოდ უდანაშაულო მოშორებით მდგომი ვარსკვლავია. ის 67 სინათლის წლით არის ჩვენგან დაშორებული, რაც ჰაიდების გროვის დაშორების ნახევარზე ნაკლებია. მაგრამ პერსპექტივის ილუზიის გამო ჩანს, თითქოს ის ავსებს V-ფორმის ქვედა მხარს, რაც ღამის ცაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კანონზომიერებაა.

 ვარსკვლავური გროვების ტრიო – კუროს ჩრდილოეთით არის მეეტლის თანავარსკვლავედი, რომელიც ორ განსხვავებულ ფორმას იღებს იმის მიხედვით, როგორ შევხედავთ. თუ კუროს რქების წვეროების აღმნიშვნელ ორ ვარსკვლავს შორის უფრო ნათელს – ბეტა კუროს (ასევე ცნობილი სახელით Elnath) ჩავთვლით, დავინახავთ ხუთკუთხედს. თუ ამ ვარსკვლავს არ ჩავთვლით, მაშინ მივიღებთ ფრანს. ის ასევე რიგით მეექვსე ყველაზე ნათელი ვარსკვლავის სამშობლოა, ბრწყინვალე მოყვითალო-მოთეთრო კაპელა. მეეტლეში 3 ლამაზი ვარსკვლავური გროვა მდებარეობს: M36, M37 და M38. ისინი ბინოკლისთვის ადვილი სამიზნეა. M37 გამორჩეული ღია გროვაა, ცაზე თითქმის სავსე მთვარისხელა ადგილს იკავებს.

 M41 Canis Major-ში – Canis Major, იგივე დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი განსაკუთრებულია მასში არსებული ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავით – სირიუსი, რომელსაც „ძაღლის ვარსკვლავსაც“ ეძახიან. სირიუსიდან რამდენიმე გრადუსით ქვემოთ არის ლამაზი ვარსკვლავური გროვა M41. ეს არის გაფანტული გროვა, შეუიარაღებელი თვალით ოდნავ შესამჩნევი. თუმცა ბინოკლით თუ შეხედავთ, შეგიძლიათ იხილოთ, როგორ იყოფა ეს ვარსკვლავები ჯგუფებად და წირებად, გამორეულად მოწითალო ფერის ვარსკვლავით ცენტრთან ახლოს.

 ზამთრის ირმის ნახტომი – ზამთარში ცაზე დაკვირვების მსურველებმა შეგიძლიათ აიღოთ თქვენი ბინოკლი და გაუყვეთ მაღლა და დაბლა ირმის ნახტომის კუდს. დიდი ქოფაკიდან და სირიუსიდან ოდნავ აღმოსავლეთით შეგიძლიათ დაიწყოთ, საიდანაც ზევით ჟღალ ვარსკვლავ ბეტელგეიზეს ნახავთ ორიონიდან და ტყუპების ფეხებს, გაცდით კუროს რქებს და გადაიარეთ მეეტლე და მაღლა პერსევსის პატარა K-ს ასოს მიადგებით. თქვენ გაივლით აურაცხელ ვარსკვლავურ ველს თუ გროვას; ფაქტიურად შეუძლებელია განსაზღვრა, სად გაჩერდე!

ავტორი: ქუჯი ბიჭია(ასტრომოყვარულთა ჯგუფი).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *