ელექტრონვოლტი (ქართულად: ევ, საერთაშორისო: eV) – ენერგიის არასისტემური ერთეულია, გამოყენებული ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში და მონათესავე დარგებში (ბიოფიზიკა, ფიზიკური ქიმია, ასტროფიზიკა და ა.შ.).
ერთი ელექტრონვოლტი უტოლდება ენერგიას, რომელიც 1 ვოლტის პოტენციალთა სხვაობის მქონე ორ წერტილს შორის, ელემენტარული მუხტის გადასატანად არის საჭირო. q – მუხტის გადატანისას შესრულებული მუშაობას qU (U – პოტენციალთა სხვაობაა)-ს უტოლდება, ხოლო თუ ნაწილაკის ელემენტარული მუხტი, მაგალითად, ელექტრონის – 1.602 176 565(35)·10-19 კულონის ტოლია, მაშინ: 1 ევ = 1.602 176 565(35)·10-19 ჯოული იქნება (1.602 176 565(35)·10-12 ერგი).
ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ელექტრონვოლტებში ჩვეულებრივ არა მარტო ენერგია, არამედ მასაც გამოისახება, ენერგიისა და მასის ექვივალენტურობიდან გამომდინარე E=mc2 (ან m=E/c2), სადაც c სინათლის სიჩქარეა. ამის გამო, უფრო კორექტული იქნება თუ ნაწილაკის მასას ასე გამოვსახავთ — eV/c2, თუმცა გამყოფი c2, იქ, სადაც ორაზროვნება არ შეიძლება გაჩნდეს (იგულისხმება), ხშირად არ წერენ ხოლმე. მასის ერთეულებში 1 ევ = 1,782 661 845(39)·10−36კგ, და პირიქით, 1 კგ = 5,609 588 85 (12)·1035ევ. 1 მაე (მასის ატომური ერთეული)= 931,494 061 (21) მევ (მეგაელექტრონვოლტი). ელექტრონვოლტებში ნაწილაკის ელემენტარული იმპულსიც შეიძლება გამოისახოს (ევ/c). ბირთვული პროცესებისთვის დამახასიათებელ ენერგიებთან შედარებით, ელექტრონვოლტი ძალიან პატარა სიდიდეა, ამიტომ ფიზიკოსები ჯერად ერთეულებს იყენებენ:
კილოელექტრონვოლტი (კევ) – 1000 ევ,
მეგაელქტრონვოლტი (მევ) – 1 მილიონი ელექტრონვოლტი,
გიგაელექტრონვოლტი (გევ) – 1 მილიარდი ელექტრონვოლტი.
ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებელთა ბოლო თაობა რამდენიმე ტრილიონი ევ-ს მიღწევის საშუალებას იძლევა (ტერაელექტრონვოლტი, ტევ). ერთი ტერაელექტრონვოლტი, დაახლოებით, გაფრენილი კოღოს კინეტიკურ ენერგიას უტოლდება.