ირმის ნახტომმა ”კლინიკური სიკვდილი” გადაიტანა

 ჩვენმა გალაქტიკამ წარსულში ”კლინიკური სიკვდილი” გადაიტანა, მასში ვარსკვლავების ფორმირების პროცესი შეჩერდა. ეს 2 მილიარდი წელი გაგრძელდა და დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინათ დასრულდა, აცხადებს იაპონელი ასტრონომების ჯგუფი მასაფუმი ნოგუჩის ხელმძღვანელობით. ამ ვარაუდს ახლანდელი ვარსკვლავების ქიმიური შემადგენელი ადასტურებს(phys.org/news).

 ირმის ნახტომის ვარსკვლავები ორი სხვადასხვა ეპოქის ჩარჩოებში, ფორმირების სხვადასხვა მექანიზმით ჩამოყალიბდა.  ამ ეპოქებს შორის დიდი პაუზა იყო, როცა ვარსკვლავთ ფორმირება მთლიანად შეჩერდა. მეცნიერთა თქმით, ჩვენი გალაქტიკის ისტორია, როგორც ჩანს, იმაზე საინტერესოა, ვიდრე გვეგონა.

 ფორმირების დასაწყისში ირმის ნახტომი ცივ გაზს იზიდავდა, რომელშიც შემდეგ პირველი თაობის ვარსკვლავები იბადებოდა. მასიური ვარსკვლავების აფეთქებით(კოლაფსით) II ტიპის ზეახლებად, ვარსკვლავთშორის სივრცეში ისეთი ქიმიური ელემენტები გამონთავისუფლდა, როგორიც არის ჟანგბადი, კალციუმი, სილიციუმი და მაგნიუმი(ზეახალი; როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?).

 დაახლოებით 7 მილიარდი წლის წინათ, ზეახლების მიერ ინიცირებული დარტყმითი ტალღები, გალაქტიკაში უკვე არსებულ გაზს აცხელებდა, ცივი ნივთიერებები აღარ გროვდებოდა(გაზი ვეღარ იკუმშებოდა), რამაც ვარსკვლავების ფორმირების პროცესი შეაჩერა.

 ვარსკვლავების ფორმირების დიაგრამა ირმის ნახტომში ნოგუჩის მიხედვით. იისფერი ხაზი – გაზის შემადგენლის ცვლა დროში. კონტურები – ვარსკვლავების განაწილება მზის გარშემო.

 ეს პერიოდი დაახლოებით 2 მლრდ. წელი გაგრძელდა, დაიწყო Ia-ს ტიპის ზეახალთა აფეთქებები, რომლებიც თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების ბირთვის გარკვეულ კრიტიკულ მასამდე დამძიმების შედეგად ხდება, როცა ეს უკანასკნელი კომპანიონ ჩვეულებრივ ვარსკვლავს გაზს ”პარავს”. ამ კატასტროფულმა მოვლენებმა, გაზით შევსებული სივრცე რკინით გაამდიდრა. დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინ, ზეახლებით გაცხელებული გაზი ასხივებდა და ენერგიას კარგავდა, ცივი ნაკადები ისევ გაჩნდა, მათში კი რკინით მდიდარმა მეორე თაობის ვარსკვლავებმა დაიწყო ჩამოყალიბება. ამ დროს გაჩნდა ჩვენი მზეც.

 ვაშინგტონის უნივერსიტეტის(ა.შ.შ.) ასტრონომის, ბენჯამინ უილიამსისა და მისი კოლეგების თქმით, ანდრომედას ვარსკვლავებიც ორი ეპოქის ჩარჩოებში ჩამოყალიბდა, რაშიც იაპონელი კოლეგებიც ეთანხმებიან. გალაქტიკათა ფორმირების მოდელის მიხედვით, რომელიც ნოგუჩის ჯგუფმა შეიმუშავა, ირმის ნახტომისა და ანდრომედას მსგავს მასიურ გალაქტიკებს, წარსულში ვარსკვლავთ წარმომქმნელ პროცესებში შესვენება ჰქონდათ(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

 ”მეზობელ გალქტიკებზე შემდგომმა დაკვირვებებმა, გალაქტიკების ფორმირების შესახებ ჩვენი წარმოდგენების რევოლუციონირება შეიძლება მოახდინოს” – ამბობს ნოგუჩი(რა გავიგეთ გალაქტიკების ევოლუციის შესახებ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *