ზეახლის აფეთქების ადგილზე გაჩენილი პულსარი წარმოუდგენელი სიჩქარით “გაიქცა”

განახლდა: 29/11/2026

 მეცნიერებმა იშვიათ შემთხვევას მიაგნეს: პულსარმა უზარმაზარი სიჩქარით დატოვა გაზის გარსი, რომელიც ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ დარჩა. ასეთი მოვლენების მექანიკის გაგება გალაქტიკაში ზეახალთა ნაშთების დეფიციტისა და ნეიტრონული ვარსკვლავების საწყისი ბიძგების ბუნების ახსნაში გვეხმარება.

 პულსარი – ეს არის სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი ძლიერი მაგნიტური ველით (კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები). ასეთი ობიექტები ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებებისას მასიური ვარსკვლავების ბირთვების კოლაფსის შედეგად წარმოიქმნება. აფეთქება სივრცეში გაზისა და მტვრის უზარმაზარ ღრუბელს ტყორცნის, რომელსაც ზეახლის ნარჩენს უწოდებენ. დროთა განმავლობაში იგი თხელდება და ვარსკვლავთშორის გარემოში იფანტება.

 ჩვეულებრივ, პულსარი ამ გაზის გარსის შიგნით რჩება. მაგრამ ზოგჯერ აფეთქებისას ვარსკვლავი მძლავრ არასიმეტრიულ ბიძგს იღებს, რომელიც მას ცენტრიდან აგდებს. გარემომცველ გაზში გავლისას სწრაფად მოძრავი ობიექტი უკან კომეტის მსგავს კუდს ტოვებს.

 აქამდე ასტრონომებს მხოლოდ ერთეული პულსარი ჰქონდათ აღმოჩენილი, რომლებიც გამოტყორცნილ ნივთიერებაზე სწრაფად მოძრაობდნენ და გარსის საზღვრებს გარეთ გავიდნენ. მეცნიერები ასევე ცდილობენ, ახსნან ზეახალთა ნარჩენების მწვავე უკმარისობა. თეორიული გათვლები გვიჩვენებს, რომ ირმის ნახტომში დაახლოებით 2000 ასეთი ობიექტი უნდა არსებობდეს, მაგრამ პრაქტიკულად ჯერჯერობით მხოლოდ 400-მდე გაზის ღრუბელია აღმოჩენილი.

 ასტრონომთა გუნდმა გადაწყვიტა, ცის რადიომიმომხილველი დაკვირვებების მონაცემებით დაკარგულ ზეახალთა ნაშთები მოეძებნა და უჩვეულო პულსარები შეესწავლა. შედეგები ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

 ნეიტრონული ვარსკვლავების კიდევ ერთი ტიპი – პულსარი. ძლიერი მაგნიტური ველით ფოკუსირებული გამოსხივება, პულსარის ბრუნვასთან ერთად, პერიოდულად არის ხოლმე დამკვირვებლისკენ მიმართული, ამიტომაც ეწოდა “პულსარი”. პულსაცია ისეთი სტაბილურია, რომ პირველად ეს უცხო ცივილიზაციის სიგნალები ეგონათ (პულსარი PSR J1921+2153, იგივე პატარა მწვანე კაცუნები).

 მკვლევრებმა რამდენიმე რადიოტელესკოპის დაკვირვებები 200 მეგაჰერციდან ექვს გიგაჰერცამდე სიხშირეებზე გააერთიანეს. ისინი ეძებდნენ რადიოტალღებს, რომლებიც გაფართოებადი გარსების მაგნიტურ ველებში ელექტრონების მოძრაობისას წარმოიქმნება. MeerKAT-ის ტელესკოპის მონაცემთა მასივში შემთხვევით შენიშნეს ცნობილი ნეიტრონული ვარსკვლავი PSR J1909+0749. მის მახლობლად აქამდე უცნობი გაზის გარსი G42.1-0.2 მდებარეობდა. პულსარი ამ ღრუბლის საზღვრებიდან შორს იყო, მაგრამ მისი გამოსხივების კუდი მკაფიოდ მიუთითებდა გარსის ცენტრზე.

 მეცნიერებმა გაზომეს გარსის რადიოგამოსხივების სპექტრული ინდექსი და მან დაადასტურა, რომ ობიექტი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ წარმოიქმნა. შემდეგ ბრუნვის შენელების სიჩქარით პულსარის ასაკი გამოთვალეს და დაბალსიხშირული რადიოსიგნალების დაგვიანებით, დედამიწამდე მანძილი შეაფასეს.

 გაირკვა, რომ პულსარის ასაკი დაახლოებით 24 ათას წელს შეადგენს, დედამიწამდე მანძილი კი 9,7 კილოპარსეკს (დაახლოებით 31,6 ათას სინათლის წელს) აღწევს. გაზის გარსის დიამეტრი დაახლოებით 33 პარსეკით (დაახლოებით 108 სინათლის წლით) შეფასდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ასტრონომებმა ნეიტრონული ვარსკვლავის მოძრაობის სიჩქარე გამოთვალეს ჩვენი მზერის ხაზის მიმართ – 1460 კილომეტრი წამში, რამაც ობიექტი ირმის ნახტომის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ობიექტად აქცია (ჰიპერსწრაფი ვარსკვლავები).

 ასტრონომების თქმით, გაზის გარსები შეიძლება სხვა კოსმოსური ობიექტების ფონზე უხილავი დარჩეს მანამ, სანამ მათზე გამოტყორცნილი ნეიტრონული ვარსკვლავები არ „მიუთითებენ“. ასეთი სწრაფი პულსარის აღმოჩენა კი ფიზიკოსებს ზეახალთა არასიმეტრიული აფეთქებების უკეთ შესწავლაში ეხმარება (პულსარი J0002 – ზარბაზნის ბირთვი; კიდევ ერთი „ზარბაზნის ბირთვი“).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.