განახლდა: 08/11/2026
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, ევროპული რადიოტელესკოპის – LOFAR, საშუალებით რუკა შეადგინა, რომელიც თითქმის 63 ათასი წყაროს, მათ შორის, შორეული გალაქტიკებისა და ზემასიური შავი ხვრელების მიდამოებიდან ამოფრქვეული ჭავლების (“ჯეტი”) რადიოგამოსახულებას შეიცავს.
ახალი გამოსახულება დაახლოებით 20-ჯერ მკაფიო აღმოჩნდა იმავე ცის უბნის წინა დაკვირვებებთან შედარებით, ხოლო მისი სრული გარჩევადობა რვა მილიარდ პიქსელს აღწევს. კვლევა ნიდერლანდებში, ლეიდენის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო გუნდმა ჩაატარა (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).
მეცნიერებმა ჩრდილოეთის ცაზე ELAIS-N1 შეისწავლეს, რომელიც უკვე კარგა ხანია გამოიყენება შორეული გალაქტიკებისა და სამყაროს ევოლუციის შესასწავლად. ახალი რუკა მოიცავს 2,5/2,5-ზე კუთხური გრადუსის ზომის უბნებს, რაც ფართობით სავსე მთვარის ხილულ დისკოს დაახლოებით 25-ჯერ აჭარბებს (კუთხური ზომა).
გამოსახულების შესაქმნელად საჭირო გახდა 200 საათიანი დაკვირვება 115-დან 168 მეგაჰერცამდე სიხშირის დიაპაზონში. ამ დროის განმავლობაში რადიოტელესკოპმა დაახლოებით 400 ტერაბაიტი მონაცემი შეაგროვა, რომელთა დამუშავებასაც სულ რამდენიმე წლის წინ ზედმეტად დიდი გამომთვლელი რესურსები დასჭირდებოდა.
მაღალი სიხშირის ტალღებს კილოჰერცებში ზომავენ (1000 ჰერცი = 1 კილოჰერცი = 1000 რხევა წამში), უფრო მაღლი სიხშირეებისას – მეგაჰერცებში (მილიონი რხევა წამში) და ა.შ.
კალიბრაციისა და დამუშავების დახვეწილი მეთოდების წყალობით, გამოთვლითი ღირებულება ათჯერ მეტად შემცირდა. მონაცემების მთელი მასივი სულ რამდენიმე თვეში დამუშავდა ნიდერლანდებში არსებულ მაღალწარმადობიან გამომთვლელ პლატფორმაზე – “სპაიდერ” (Spider).

მაღალმა დეტალიზაციამ შესაძლებელი გახადა იმ სტრუქტურების გამიჯვნა, რომლებიც წინა რადიოგამოსახულებებზე ერთიან მანათობელ ლაქებად ერთიანდებოდა. ახალ რუკაზე განსაკუთრებით კარგად ჩანს ზემასიური შავი ხვრელების მიდამოებიდან ამოფრქვეული დამუხტული ნაწილაკების ნაკადები.

მსგავსი ნაკადები, რომლებსაც “ჯეტებს” უწოდებენ, საკუთარი გალაქტიკების საზღვრებს სცდება და გარემოცულ მეტაგალაქტიკურ გაზზე ზემოქმედებს. ადრე, ზოგიერთი მათგანის რადიოგამოსახულება კომპაქტურ წყაროდ გამოიყურებოდა, თუმცა ახლა ასტრონომებს მათი ვრცელი სტრუქტურების, მრუდებისა და ელვარე ცენტრალური არის გარჩევა შეუძლიათ.
აღმოჩენილ ობიექტთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი, აქტიური ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესების მქონე გალაქტიკებია. რადიოტალღებს კოსმოსური მტვრის ღრუბლების განჭოლვა შეუძლია, თვალისთვის ხილული დიაპაზონისგან განსხვავებით, რის გამოც LOFAR-ი კოსმოსური მტვრით სავსე არეებში არსებული ვარსკვლავების დაბადების პროცესების შესწავლის საშუალებას იძლევა.
მაღალი გარჩევადობა ასევე გვეხმარება ვარსკვლავთწარმოქმნასთან დაკავშირებული რადიოგამოსახულება გამიჯნოს ზემასიური შავი ხვრელების სიახლოვეს არსებული ნივთიერების გამოსახულებისგან. LOFAR-ით ახალი დაკვირვებებისა და ადრე გამოქვეყნებული მონაცემების გაერთიანებით, მკვლევრებმა 62 916 უნიკალური რადიოწყაროს კატალოგი შეადგინეს.
ამ ობიექტების რაოდენობა გაერთიანებულ კატალოგს ეკუთვნის და არა მხოლოდ ახალ აღმოჩენებს. მიღებული მასალები უკვე ხელმისაწვდომია სამეცნიერო საზოგადოებისთვის შემდგომი ანალიზისა და ოპტიკურ, ინფრაწითელ და რენტგენის დიაპაზონებში დაკვირვებებთან შესადარებლად.

შემუშავებული მეთოდები ევროპული რადიოტელესკოპის – LOFAR2.0-ის შემდგომ განვითარებაში იქნება გამოყენებული, რომლის მოდერნიზაციასაც რადიოასტრონომიის ნიდერლანდური ინსტიტუტი ASTRON, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. განახლებული სისტემა ცის დიდი უბნების მაღალი კუთხური გარჩევადობით უფრო მგრძნობიარე გამოსახულების მიღების საშუალებას მოგვცემს. მიღებული გამოცდილება ასევე სასარგებლო იქნება სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში მშენებარე “კვადრატულკილომეტრიანი მასივი” (Square Kilometer Array) რადიოობსერვატორიის გამოყენებით კვლევისთვის.