განახლდა: 03/10/2026
ასტრომოყვარულმა ჟოელ ლაპუანმა, კანადის თანამგზავრული რუკების შესწავლისას შემთხვევით აღმოაჩინა უზარმაზარი მრგვალი სტრუქტურა, რომელიც დაახლოებით 390 მილიონი წლის წინ ჩამოვარდნილი კოსმოსური სხეულის კვალი აღმოჩნდა (science.nasa.gov). საველე კვლევებმა მისი დარტყმითი წარმოშობა დაადასტურა: სტრუქტურის დიამეტრი დაახლოებით 25 კილომეტრს აღწევს, შიგნით კი ძლიერი შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ქანებია შემორჩენილი. უჩვეულო ობიექტი კანადის პროვინცია კვებეკის შორეულ ნაწილში, მარსალის ტბის მახლობლად მდებარეობს. ლაპუანმა ის 2024 წელს შენიშნა, როდესაც თანამგზავრულ გამოსახულებებს სამომავლო ტურისტული მოგზაურობისთვის ადგილის ძებნისას ათვალიერებდა. ტერიტორიის თითქმის წრიული ფორმა მან დიდ დარტყმით კრატერს მიამსგავსა, ამიტომ სპეციალისტებს მიმართა.
ვარაუდი საკმარისად საინტერესო აღმოჩნდა იმისათვის, რომ გეოლოგებს ყურადღება მიექციათ. 2024 წელს, ფრანგმა მკვლევარებმა მარსალის ტბის რაიონი უკვე განიხილეს, როგორც კვებეკის კიდევ ერთი შესაძლო დარტყმითი სტრუქტურის ადგილი. მოგვიანებით, ობიექტის შესწავლას დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის პლანეტოლოგი გორდონ ოსინსკი შეუერთდა, რომელიც დარტყმითი კრატერების კვლევებითაა დაკავებული. თავიდან მეცნიერი კოსმოსური სხეულის ჩამოვარდნის ვერსიას სკეპტიკურად უყურებდა. თანამგზავრულ რუკაზე არსებული მრგვალი ფორმა თავისთავად მეტეორიტული წარმოშობის მტკიცებულებად არ ითვლება: მსგავსი რელიეფის შექმნა ვულკანურ და სხვა გეოლოგიურ პროცესებსაც შეუძლია. უფრო მეტიც, წინა გეოლოგიური დათვალიერებისას ამ რაიონში ნაპოვნი ქანების ფრაგმენტები დიატრემას უკავშირდებოდა, სტრუქტურას, რომელიც შეიძლება ფეთქებადი ვულკანური პროცესების დროს წარმოიქმნას.
იმისათვის, რომ ობიექტის წარმოშობა ადგილზევე შეემოწმებინათ, მკვლევარებმა 2025 წლის ოქტომბერში ექსპედიცია მოაწყვეს. რაიონი იმდენად ძნელად მისადგომი აღმოჩნდა, რომ ჯგუფს იქ ჰიდროთვითმფრინავით მისვლა დასჭირდა. თვითმფრინავი პირდაპირ სანაპიროსთან ვერ მივიდა, ამიტომ მეცნიერებმა აღჭურვილობითურთ წყალში დაახლოებით 50 მეტრი გაიარეს, შემდეგ კი ჭაობებში, მკვრივ მცენარეულობასა და რთულ რელიეფს შორის იმუშავეს.
ექსპედიციის მეორე დღესვე, გეოლოგებმა ქანებში სტრუქტურები აღმოაჩინეს, რომლებიც განსაკუთრებით ძლიერი დარტყმითი ტალღის მოქმედებით ჩნდება. ისინი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე სანდო ნიშნად იმისა, რომ უბანმა კოსმოსურ სხეულთან მაღალსიჩქარიანი შეჯახება გადაიტანა. შემდგომმა კვლევებმა პირვანდელი ვარაუდი დაადასტურა.
ნიმუშების ანალიზით დადგინდა, რომ შეჯახება დაახლოებით 390 მილიონი წლის წინ, დევონურ პერიოდში მოხდა. ეს რელიეფი წარმოადგენს ძალზე უძველესი სტრუქტურის ნაშთებს, რომლებზეც ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში ეროზია და სხვა გეოლოგიური პროცესები ზემოქმედებდა. თვითონ ობიექტის ზუსტი ზომები და მახასიათებლები ჯერ დადგენილი არ არის. ამიტომ არსებული მონაცემებით იმის განსაზღვრა, იყო ეს ასტეროიდი თუ სხვა კოსმოსური სხეული და რა დიამეტრს აღწევდა ის, შეუძლებელია (3.26 მილიარდი წლის წინ, გიგანტურმა მეტეორიტმა გლობალური ოკეანის ფსკერი მოთხარა და გარშემო წყლის უზარმაზარი მასა აადუღა. შემდეგ, ამ ქვაბულის წიაღში, სიცოცხლემ იფეთქა).
ოსინსკის თქმით, თანამედროვე კვებეკში მსგავსი შეჯახება რეგიონული მასშტაბის ნგრევას გამოიწვევდა, რომელსაც მსხვილი ქალაქების განადგურება შეუძლია, მისი შედეგები კი გლობალურ კლიმატზეც მოახდენდა გავლენას. თანაც, აღმოჩენილი კრატერი არ უკავშირდება რაიმე ცნობილ მასობრივ გადაშენებას. დედამიწაზე დაახლოებით 200 დადასტურებული დარტყმითი სტრუქტურაა ცნობილი, თუმცა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ასობით სხვა შესაძლოა გამოუვლენელი დარჩეს. გეოლოგიური აქტივობა, ეროზია, მცენარეულობა, მყინვარები და ნალექების დაგროვება ნელ-ნელა შლის ძველი შეჯახებების კვალს, ამიტომ ძველი კრატერები კარგად შესამჩნევ მრგვალ ფორმას ვერ ინარჩუნებენ (ასტროჭრილობები).
უჰაკატიკი გახდა ყველაზე დიდი ახალი დარტყმითი სტრუქტურა, გრენლანდიაში მდებარე დაახლოებით 31 კმ. დიამეტრის მქონე გაიავატას კრატერის შემდეგ, რომლის შესახებაც 2018 წელს გახდა ცნობილი. კვლევითი ჯგუფი ახალი ობიექტის დარტყმით წარმოშობას დადასტურებულად მიიჩნევს, თუმცა მისი ფორმალური აღიარება Meteoritical Society-ს შესაბამისი კომიტეტის მხრიდან ჯერ კიდევ არ მომხდარა.
ეს ისტორია გვიჩვენებს, თუ რა როლის თამაში შეუძლია თანამგზავრულ გამოსახულებებს უცნობი გეოლოგიური ობიექტების ძიებაში. ამ შემთხვევაში ყველაფერი მრგვალი სტრუქტურით დაიწყო, რომელიც არასპეციალისტმა ტურისტული მოგზაურობისთვის მომზადებისას შეამჩნია, მაგრამ საბოლოო დადასტურება საველე ექსპედიციას და ძლიერი დარტყმითი ტალღის ზემოქმედების ნიშნების მქონე ქანების აღმოჩენას მოითხოვდა (სხვა სოდომი და გომორა…).