განახლდა: 29/09/2026
დრაკონიდები – ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მეტეორთა ნაკადია, რომლის წყარო პერიოდული კომეტა 21P/ჯაკობინი-ცინერია. სახელი უკავშირდება თანავარსკვლავედს, რომლშიც მათი შემოჭრის წერტილი, იგივე რადიანტი მდებარეობს. წარსულში მათ არაოფიციალურად ჯაკობინიდებსაც უწოდებდნენ. ნაკადი აქტიურია ოქტომბრის დასაწყისში და პიკს 8 – 9 ოქტომბერს აღწევს. მისი მეტეორები შედარებით ნელია (სიჩქარე დაახლოებით 20 კმ/წმ), ხოლო დაკვირვებისთვის საუკეთესო დრო მზის ჩასვლის მერე, სუფთა და ბნელი ციდან.
1933 და 1946 წლების დრაკონიდები მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მეტეორული “წვიმა” იყო, ათასობით მეტეორი საათში. აქტივობის იშვიათი აფეთქებები ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა კომეტის ნარჩენების უფრო მჭიდრო ნაკადს კვეთს: მაგალითად, აქტივობა მკვეთრად გაიზარდა 1998 წელს, ზომიერად იმატა 2005 წელს, ხოლო 2011 წლის 8 ოქტომბერს პიკი ზუსტად პროგნოზისამებრ მოხდა, თუმცა მთვარის შუქმა ვიზუალური დაკვირვება შეზღუდა. 2012 წლის ნაკადის დროს, რადარებმა საათში 1000-მდე მეტეორი დააფიქსირა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, 1959 წელს კომეტის მიერ დატოვებული მტვრის კვალი იყო. ხანმოკლე აფეთქება იყო მოსალოდნელი 2025 წლის 8 ოქტომბერსაც, ხოლო 2098 წლის ოქტომბერში, შესაძლოა გრანდიოზული მეტეორული შტორმი განმეორდეს, სადაც საათობრივი მაჩვენებელი სავარაუდოდ 20 000-ს მიაღწევს.
იმისათვის, რომ მეტეორულ წვიმას დავაკვირდეთ, არ არის საჭირო არანაირი მოწყობილობა, ისინი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, მთავარია ცა იყოს მოწმენდილი და სანახაობას სავსე მთვარე და ღრუბლები არ გადაეფაროს წინ (8-9 ოქტომბერს ახალი მთვარეა). გადაღებისთვის გამოსადეგია ირმის ნახტომის გადაღების მეთოდი.