ამ სტრუქტურას ირმის ნახმის ცენტრთან კავშირი არ ჰქონია…

განახლდა: 20/07/2026

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცანა ამოხსნა, რომელზეც მეცნიერები თითქმის 40 წლის განმავლობაში მუშაობდნენ (doi.org). გაირკვა, რომ ეგრეთ წოდებული „გალაქტიკის ცენტრალური შვერილი“ (Galactic Center Lobe, GCL) სულაც არ არის ირმის ნახტომის ცენტრთან დაკავშირებული გიგანტური სტრუქტურა.

 ათწლეულების განმავლობაში ასტრონომებს მიაჩნდათ, რომ ეს ობიექტი იყო გალაქტიკის ცენტრიდან ამოტყორცნილი ნივთიერების უზარმაზარი არეალი. შესაძლო ახსნის სახით განიხილებოდა ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგები ან ირმის ნახტომის ბირთვში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის უძველესი აქტივობა (ირმის ნახტომის ცენტრი 3,5 მილიონი წლის წინ აფეთქდა).

 თუმცა, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს კეთრინ კრეკელის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ახალმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ობიექტი დედამიწასთან გაცილებით ახლოს მდებარეობს – დაახლოებით 6 520 სინათლის წლის მანძილზე და არა გალაქტიკის ცენტრის რაიონში, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 26 ათასი სინათლის წლის მანძილზეა (რა არის სინათლის წელი?).

 ეს ნიშნავს, რომ სტრუქტურის ზომები გაცილებით მცირე აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე ვარაუდობდნენ. გიგანტური „შვერილის“ ნაცვლად მკვლევრებმა აღმოაჩინეს ჩაკეტილი გაზის მარყუჟი, რომელიც, სავარაუდოდ, მასიური ვარსკვლავებისა და მათი გამოსხივების გავლენით ჩამოყალიბდა. ავტორებმა მას „ძალიან ჩახლართული მარყუჟი“ (Greatly Confused Loop) უწოდეს, რითაც ხაზი გაუსვეს იმას, თუ რამდენად მცდარი აღმოჩნდა მისი ბუნების შესახებ მანამდე არსებული წარმოდგენა.

 საიდუმლოს ამოხსნა შესაძლებელი გახდა “სლოანის ციფრული დამზერის” (SDSS-V Local Volume Mapper) ჩარჩოებში მიღებული მონაცემების წყალობით, რომელიც ირმის ნახტომში მანათობელი გაზის დეტალური რუკების შექმნის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებული როლი ითამაშა იონიზებული გოგირდის გამოსხივებაზე დაკვირვებამ, რომლიც უკეთ გადის ვარსკვლავთშორის მტვერში.

MeerKAT (რადიოდიაპაზონი).

 სწორედ ამ მონაცემებმა მისცა მეცნიერებს საშუალება, დაენახათ სტრუქტურის ქვედა ნაწილი, რომელიც რადიოსურათებზე დაფარული იყო. მანამდე, გალაქტიკის სიბრტყის კაშკაშა გამოსხივების ზედდების გამო, ობიექტი ღია „შვერილს“ ჰგავდა, რომელიც მისი ცენტრიდან გამოდიოდა. ახალი დაკვირვებებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ეს ჩაკეტილი მარყუჟია.

 ვარსკვლავთშორისი მტვრის მიერ სინათლის შთანთქმის ხარისხის, ირმის ნახტომში მტვრის განაწილების სამგანზომილებიან რუკებთან შედარებით, მკვლევრებმა შეძლეს ობიექტამდე მანძილის დადგენა. აღმოჩნდა, რომ ის გაცილებით ახლოსაა, ვიდრე მანამდე მიაჩნდათ (გალაქტიკის ცენტრი: რადიოდან რენტგენამდე).

 მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარყუჟი წარმოადგენს წყალბადის უზარმაზარ ღრუბელს, რომლის დიამეტრი დაახლოებით 115 სინათლის წელია და რომელიც ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით ანათებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ვარსკვლავები, რომლებმაც ეს სტრუქტურა ჩამოაყალიბეს, ჯერ ნაპოვნი არ არის, სავარაუდოდ, ის მასიური მნათობების წინა თაობამ შექმნა.

 ასეთი ვარსკვლავები შედარებით მცირე ხანს ცოცხლობენ და თავიანთ ევოლუციას ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებით ასრულებენ. ასეთ აფეთქებებს შეუძლია ვარსკვლავთშორის გაზში უზარმაზარი ღრუების გამოფრქვევა, ხოლო წარმოქმნილი დარტყმითი ტალღები ვარსკვლავების ახალი თაობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მათი გამოსხივება შემდგომში იწვევს გარშემო არსებული გაზის ნათებას, რის გამოც ბუშტის საზღვრები კარგად ხდება შესამჩნევი (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

ბარნარდის ნარყუჟი ჩანს ცენტრიდან მარცხნივ, მეწამული რკალის სახით.

 მკვლევართა თქმით, ჩამოყალიბების მექანიზმით ეს სტრუქტურა ორიონის თანავარსკვლავედში (ორიონი 212 საათიანი დაყოვნებით) არსებულ ცნობილ ბარნარდის მარყუჟს ჰგავს, თუმცა ზომით მას ჩამორჩება. ახალი ნაშრომი ასევე გვიჩვენებს, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს დაკვირვებები ირმის ნახტომის კარგად შესწავლილ უბნებზეც კი, სადაც სხვადასხვა ობიექტის ზედდებას შეიძლება ათწლეულების განმავლობაში შეცდომაში შეჰყავდეს ასტრონომები (კიდევ ჩვენი გალაქტიკის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.