განახლდა: 09/05/2026
ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და “თელის ელინია სფეის” (Thales Alenia Space), გრავიტაციული ტალღების გამოსაკვლევად გაერთიანდნენ. 26,1 მილიონევროიანი კონტრაქტის ფარგლებში, კომპანია უნიკალურ ტელესკოპებს შექმნის, მისიისთვის – LISA (ლაზერული ინტერფერომეტრის კოსმოსური ანტენა). ეს იქნება პირველი ობსერვატორია კოსმოსში, რომელიც სამი თანამგზავრისგან შემდგარ გიგანტურ „სამკუთხედს“ შექმნის. თანამგზავრებს შორის მანძილი 2,5 მილიონი კილომეტრი იქნება, მათ კომუნიკაციას კი მაღალი სიზუსტის ლაზერული სხივები უზრუნველჰყოფს. მათ, სივრცე-დროის უმცირესი ცვლილებების გასაზომად, ლაზერული სიგნალების უშეცდომო გადაცემა და მიღება ევალებათ.
“თელის ელინია სფეის”, რომელიც “თელისის” (67%) და “ლეონარდოს” (Leonardo (33%)) ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს, პროექტის საწყისი ფაზის მთავარი კონტრაქტორია. მას ექვსივე ტელესკოპის დაპროექტება, შემუშავება, ინტეგრაცია და გამოცდა ევალება. პროცესი, Thales SESO-სთან, ულტრამაღალი სიზუსტის ოპტიკაზე სპეციალიზებულ კომპანიასთან პარტნიორობით წარიმართება. LISA წარმოადგენს ამბიციურ კოსმოსურ ობსერვატორიას, რომლის მიზანია კოსმოსში მიმდინარე მაღალენერგიული პროცესების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების პირდაპირი დეტექტირება. ხმელეთზე განთავსებული LIGO-სა და Virgo-ს ინტერფერომეტრებისგან განსხვავებით, LISA-ს კოსმოსური დისლოკაცია სეისმურ ხარვეზებსა და ხმელეთისთვის დამახასიათებელ სხვა შეზღუდვებს გამორიცხავს.
ლაგრანჟის ერთ-ერთ წერტილზე გაყვანილი ლაზერული ინტერფერომეტრი, სადაც დედამიწისა და მზის მიზიდულობა გაწონასწორებულია, დედამიწასთან ერთად იმოძრავებს ჩვენი მნათობის გარშემო.
სისტემა შედგება სამი თანამგზავრისგან, რომლებიც დაახლოებით 2,5 მილიონი კილომეტრის სიგრძის გვერდების მქონე ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებში განლაგდება. ეს თანამგზავრები ერთმანეთთან ლაზერულ სხივებს გაცვლიან, რაც უპრეცედენტო მასშტაბის ინტერფერომეტრს შექმნის. ეს ტექნოლოგია სატესტო მასებს შორის მანძილის ცვლილების პიკომეტრული (10¯¹² მ.) სიზუსტით გაზომვის საშუალებას იძლევა, რაც ატომის ზომაზე ნაკლებია. LISA მგრძნობიარე იქნება დაბალი სიხშირის (0,1-დან 100 მილიჰერცამდე) გრავიტაციული ტალღების მიმართ — ეს ის დიაპაზონია, რომელიც მიწისპირა ობსერვატორიებისთვის მიუწვდომელია. პროექტი შესაძლებელს გახდის ისეთი კოსმოსური ფენომენების შესწავლას, როგორიცაა ზემასიური შავი ხვრელების შერწყმა, კომპაქტური ვარსკვლავური სისტემები და სამყაროს ადრეული ეტაპებიდან, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ფორმირებამდე წარმოქმნილი სიგნალები.
პროექტი ეფუძნება 2015 წელს გაშვებული “ლისა პატფაინდერის” (LISA Pathfinder) გამოცდილებას, რომელმაც დაადასტურა სატესტო მასების თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში განსაკუთრებული სიზუსტით შენარჩუნების შესაძლებლობა. LISA-ს სამი თანამგზავრის გაშვება 2035 წლისთვის, “არიან 6” (Ariane 6)-ის ტიპის რაკეტა-მატარებლით იგეგმება. მისიის ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ გამოწვევას, LISA-ს ტელესკოპების შემუშავება წარმოადგენს. ექვსივე ინსტრუმენტი დამზადდება Zerodur-ისგან — კერამიკული მასალისგან (ლითიუმ-ალუმოსილიკატური კერამიკა), რომელიც ტემპერატურის რყევების მიმართ უკიდურესად დაბალი მგრძნობელობით გამოირჩევა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ლაზერული გაზომვების სტაბილურობისთვის. Thales Alenia Space სამუშაოებს მთავარი კონტრაქტორის სტატუსით უხელმძღვანელებს, ხოლო Thales SESO პასუხისმგებელი იქნება ოპტიკასა და სტრუქტურაზე, მათ შორის, დამუშავებისა და გაპრიალების პროცესებზე. კომპანიები ასევე ითანამშრომლებენ სისტემურ ინტეგრაციაზე, ოპტიკის გასწორებასა და გარემოსთან თავსებადობის ტესტირებაზე.

მოთხოვნილი სიზუსტე უკიდურესად მაღალია: მაგალითად, ხმელეთზე განთავსებული Virgo-ს დეტექტორისთვის მიღწეულია ოპტიკური ზედაპირის დამუშავების დაახლოებით 0,2 ნანომეტრიანი სიზუსტე — ეს კომპონენტებიც Thales SESO-ს მიერაა დამზადებული. ESA-სთან გაფორმებული კონტრაქტი მოიცავს განვითარების პირველ ფაზას, რასაც მოჰყვება შემდგომი ეტაპები ტელესკოპების სრულ კონსტრუქციამდე. პროექტის დაყოფა ფაზებად ტექნიკური რისკების შემცირებასა და სპეციფიკაციებთან შესაბამისობის ეტაპობრივ შემოწმებას ისახავს მიზნად (გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე; LIGO; გრავიტაციული ტალღების რეგისტრირება პულსარული ქრონომეტრირებით (თაიმინგი)).