განახლდა: 05/05/2026
მზის სისტემის ცივ და შორეულ ნაწილებში, ნეპტუნის ორბიტის მიღმა, ათასობით მცირე ობიექტია თავმოყრილი, რომლებიც ტრანსნეპტუნური ობიექტები (TNO) სახელით არის ცნობილი. ჯერჯერობით, გაიშვიათებული, თუმცა მაინც ატმოსფერო, მხოლოდ პლუტონზეა აღმოჩენილი, ხოლო სხვა TNO-ების კვლევებმა დადებითი შედეგები არ გამოიღო. ამ ობიექტების უმეტესობა იმდენად ცივია, გრავიტაცია კი იმდენად სუსტი, რომ ატმოსფერო უბრალოდ ვერ ექნებათ.

თუმცა, პროფესიონალი და მოყვარული ასტრონომების ჯგუფმა იაპონიიდან, იშიგაკიძიმას ობსერვატორიის წარმომადგენლის, კო არიმაცუს ხელმძღვანელობით, (612533) 2002 XV93-ის სახელით ცნობილი პატარა სხეულის გარშემო თხელი ატმოსფეროს არსებობის დამაჯერებელი მტკიცებულების მოპოვება შეძლო. ამ ობიექტის დიამეტრი დაახლოებით 500 კილომეტრია. შედარებისთვის, პლუტონის დიამეტრია – 2377 კილომეტრი. ეს ნიშნავს, რომ 2002 XV93-ის სუსტი გრავიტაცია ატმოსფეროს დიდი ხნით შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

მეცნიერებს გაუმართლათ და ერთგვარი „ბუნებრივი ექსპერიმენტის“ ჩატარების საშუალება მიეცათ. 2002 XV93-ის ორბიტა ისეა განლაგებული, რომ 2024 წლის 10 იანვარს, იაპონიიდან დაკვირვებისას, ობიექტმა შორეული ვარსკვლავის წინ გაიარა (ტრანზიტი). ასტრონომებ ამ დაფარვას ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან დააკვირდნენ. თუ ტრანსნეპტუნურ ობიექტს ატმოსფერო არ ექნებოდა, ვარსკვლავი სწრაფად გაქრებოდა, მისი მყარი ზედაპირის მიღმა დაიმალებოდა. თუმცა, ამის ნაცვლად, ვარსკვლავის სინათლე თანდათან გაქრა, რაც მის შესუსტებაზე მიუთითებს, ანუ, სინათლემ გაზის გარსში გაიარა. მიღებული მონაცემები კარგად ემთხვევა ატმოსფერულ მოდელს.

კვლევამ აჩვენა, რომ 2002 XV93-ის გარშემო აღმოჩენილი ატმოსფერო, შემავსებელი წყაროს გარეშე, ათას წელზე ნაკლებ ხანს იარსებებს. შესაბამისად, ის შედარებით ცოტა ხნის წინ უნდა წარმოქმნილიყო ან პერიოდულად ივსებოდა. თუმცა, ჯეიმს ვების სახელობის (ჯეიმს ედვინ ვები და NASA) კოსმოსური ტელესკოპით ჩატარებულმა დაკვირვებებმა, 2002 XV93-ის ზედაპირზე გაყინული აირების არსებობის კვალი ვერ გამოავლინა, რომლებიც შესაძლოა აორთქლებულიყო (სუბლიმირებულიყო) და ატმოსფეროს წარმოქმნა გამოეწვია. მკვლევარებმა ორი ძირითადი ჰიპოთეზა წამოაყენეს – შესაძლოა, გარკვეულმა პროცესებმა TNO-ს ღრმა წიაღიდან გაყინული ან თხევადი აირების ამოტანა გამოიწვია. მეორე ჰიპოთეზის მიხედვით, 2002 XV93-ს კომეტა შეეჯახა, რის შედეგადაც გამოიყო გაზი, რომელმაც დროებითი ატმოსფერო შექმნა. ამ სცენარებს შორის არჩევანის გასაკეთებლად დამატებითი დაკვირვებები იქნება საჭირო (ჯუჯა პლანეტები; მოკლედ მზის სისტემის შესახებ).