განახლდა: 24/07/2026
წარმოიდგინეთ, რომ უეცრად, ჩვენი პლანეტის ატმოსფერო გაიყინა და მიწაზე ჩამოცვივდა. ეს, პლანეტაზე არსებული სიცოცხლის მყისიერ სიკვდილს ნიშნავს, იუპიტერის თანამგზავრ იოსთვის კი ჩვეულებრივი ამბავია.

Geophysical Research: Planets-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მეცნიერები ამბობენ, რომ მზის სისტემის ვულკანურად ყველაზე აქტიურ იოს ზედაპირზე უჩვეულო წარმონაქმნები აღმოაჩინეს. გოგირდის ორჟანგისგან შემდგარი თხელი ატმოსფერო, რომელსაც ვულკანური ამოფრქვევები წარმოქმნის, ნადგურდება ყოველ ჯერზე, როცა იუპიტერი, იოსა და მზეს შორის გადის, რაც ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს. დაშლა დაახლოებით 2 საათი გრძელდება და ყოველ 1,7 დედამიწის დღე-ღამეში მეორდება, რის მერეც თანამგზავრის ზედაპირს მზის სხივები ისევ ანათებს და გაყინული გოგირდის ორჟანგი აირად მდგომარეობას უბრუნდება.

იოზე ტემპერატურა ისეც გაცილებით დაბალია, ვიდრე დედამიწაზე. მზის სხივები მას ცელსიუსით -148,33 გრადუსამდე “ათბობს”, ხოლო იუპიტერის ჩრდილში -167,78 გრადუსამდე ცივდება. იოს ატმოსფეროზე დაკვირვება 2013 წელს, ტელესკოპ “ჯემინი ნორთის” (Gemini North) 8 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპით მიმდინარეობდა. მისი და სპეციალური სპექტროგრაფის დახმარებით, მეცნიერებმა იოს ატმოსფეროს ტემპერატურის ცვალებადობა გამოავლინეს, და მისი კოლაფსი გაყინვის დროს.
„ჯუნო”
მეცნიერებმა, კოსმოსური აპარატის დაშვების გარეშე, პირველად შეძლეს მზის სისტემის ყველაზე ვულკანურად აქტიური ციური სხეულის, იოს ზედაპირის ქვეშ ჩახედვა. ზონდ „ჯუნოს“ მონაცემები გვიჩვენებს, რომ მცირე სიღრმეზეც კი ტემპერატურა ზედაპირულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, ხოლო თანამზავრის შიდა სითბო გარეთ გამოიყოფა.
იუპიტერის მთვარე იო, ვულკანიზმის შესასწავლ ბუნებრივ ლაბორატორიად ითვლება. განსხვავებით დედამიწისგან, სადაც შიდა სითბოს მთავარი წყარო რადიოაქტიური დაშლაა, ამ თანამზავრის წიაღი მოქცევითი ძალების ხარჯზე ხურდება. ორბიტაზე მოძრაობისას იუპიტერის ძლიერი მიზიდულობა მუდმივად ადეფორმირებს იოს, რაც მის წიაღში ხახუნს იწვევს.

ზედაპირი სავსეა მოქმედი ვულკანებით, ხოლო ლავისა და გოგირდოვანი აირების ამოფრქვევები პრაქტიკულად უწყვეტად ხდება. აქამდე, მეცნიერებს მხოლოდ ზედა ფენის ტემპერატურაზე შეეძლოთ მსჯელობა, რომელსაც ინფრაწითელი ხელსაწყოების დახმარებით აფიქსირებდნენ.
ჟურნალ Journal of Geophysical Research: Planets-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ავტორებმა გამოიყენეს მიკროტალღური რადიომეტრის, MWR-ის დაკვირვებით მიღებული მონაცემები, რომელიც „ჯუნოს“ ბორტზეა დამონტაჟებული. 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში, იოსთან ორი ჩაფრენისას ხელსაწყომ თანამზავრის ბუნებრივი მიკროტალღური გამოსხივება დააფიქსირა. მიკროტალღების სხვადასხვა სიგრძე საშუალებას იძლევა გამოვიკვლიოთ ზედაპირის სხვადასხვა ფენა – სანტიმეტრებიდან, რამდენიმე ათეულ მეტრამდე.

ანალიზით დგინდება, რომ ტემპერატურა ზედაპირის ქვეშ ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იქნებოდა მზის შუქით გათბობის გათვალისწინებით. ყველა შესწავლილ უბანზე, უკვე რამდენიმე მეტრის სიღრმეზე, ის ზედაპირულს ცელსიუსით 20 გრადუსზე მეტით აჭარბებდა. ანუ, მნიშვნელოვანი ნაწილი ქვემოდან მოდის.
მიღებული მონაცემების ასახსნელად მკვლევრებმა ორი სცენარი განიხილეს. პირველის თანახმად, ენერგია შედარებით თანაბრად გადის ქერქის ზედა ფენებზე და აყალიბებს სითბურ ნაკადს ერთიდან სამ ვატამდე კვადრატულ მეტრზე. მეორე სცენარის მიხედვით, სითბოს ძირითადი ნაწილი მრავალრიცხოვან ცხელ უბნებზე – ახალგაზრდა ლავის ნაკადებზე ან ვულკანურ კერებზე მოდის, რომლებიც დაახლოებით 10 მეტრის სისქის გამაგრებული ქერქის ქვეშაა დამალული. შესაძლოა, ასეთ უბნებს იოს ზედაპირის დაახლოებით მეათედი უკავია.

არანაკლებ საინტერესო იყო თავად ზედაპირის სტრუქტურაც. მიკროტალღების არეკვლის ხასიათით გაირკვა, რომ ასეული კილომეტრი მანძილზე ის ბევრად სწორია, ვიდრე ორბიტიდან გადაღებული ფოტოებით შეიძლება ვივარაუდოთ. გარდა ამისა, ზედა ფენას უჩვეულოდ დაბალი სიმკვრივე აქვს – პემზის ან ფხვიერი ვულკანური ფერფლის მსგავსი, ვიდრე მკვრივი ვულკანური ქანისა.
შედეგები არა მხოლოდ იოს ბუნების გასაგებად არის მნიშვნელოვანი. მიკროტალღური დაკვირვებები სხვა პლანეტებისა და მთვარეების წიაღში სითბოს ფარული განაწილების შესწავლის შესაძლებლობას ხსნის. მსგავსი მეთოდები შესაძლოა დედამიწის ვულკანური უბნების კვლევისთვისაც იქნეს გამოყენებული (ვულკანი ამირანი იოზე. კიდევ “ჯუნოს” შესახებ; იუპიტერის მზვერავები).