ახალი გამა-ტელესკოპები

განახლდა: 04/11/2026

 ეს ობსერვატორია მიზნად ისახავს ასტროფიზიკის ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გაცემას: როგორ წარმოიქმნება კოსმოსური სხივები, რა ხდება შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების ახლო ექსტრემალურ გარემოში და რა როლს თამაშობს სამყაროს მოწყობაში ბნელი მატერია.

 ესპანეთის კუნძულ ლა-პალმაზე გაიხსნა ოთხი მსხვილფორმატიანი ტელესკოპის (LST) მასივი, რომლებიც „ჩერენკოვის ტელესკოპების მასივის“ (CTAO), საერთაშორისო ობსერვატორიის ნაწილი გახდება. ახალი კომპლექსი საშუალებას იძლევა, შეისწავლონ ყველაზე ენერგიული პროცესები სამყაროში, მათ შორის გამა-ანთებები, შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები.

 მატერიალურ გარემოში ნაწილაკის მოძრაობისას სიჩქარით, რომელიც ამავე გარემოში სინათლის გავრცელების სიჩქარეზე მეტია, ნათება წარმოიქმნება. ჩერენკოვის გამოსხივება შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია დავინახოთ, მაგალითად, წყალში მოთავსებული მცირე ზომის ატმოური რეაქტორის გარშემო.

 თითოეული ტელესკოპი აღჭურვილია 23-მეტრიანი სარკითა და მაღალსიჩქარიანი კამერით. ხელსაწყოები აფიქსირებენ ჩერენკოვის გამოსხივების სუსტ ანთებებს, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მაღალენერგიული გამა-კვანტები – 20 გიგაელექტრონვოლტიდან, რამდენიმე ტერაელექტრონვოლტამდე, დედამიწის ატმოსფეროს იჭრებიან (კოსმოსური სხივები).

 ტელესკოპების განსაკუთრებული მგრძნობელობა შედარებით დაბალი ენერგიის მქონე გამა-კვანტების მიმართ ხელს შეუწყობს შორეული წყაროების აღმოჩენას, რომელთა გამოსხივებაც სამყაროს უზარმაზარი სივრცის გავლისას სუსტდება. მეცნიერები მოელიან, რომ დააკვირდებიან გამა-აანთებებს იმ ეპოქიდანაც კი, როდესაც სამყაროს ასაკი ორ მილიარდ წელზე ნაკლები იყო.

 მასივის პირველი ტელესკოპია – LST-1, ექსპლუატაციაში გაშვების რეჟიმში 2020 წლიდან მუშაობს და უკვე მონაწილეობდა პულსარების, აქტიური გალაქტიკებისა (გამა-წვიმა კვაზარიდან) და ხანმოკლე კოსმოსური აფეთქებების, მათ შორის ახალი ვარსკვლავებისა და გამა-აფეთქებების კვლევებში.

ატმოსფეროში მაღალენერგიული კოსმოსურის სხივების შემოჭროთ წარმოქმნილი “წვიმების” ილუსტრაცია (რეკორდსმენი სხივები).

 ახლა მას სამი ახალი ხელსაწყო – LST-2, LST-3 და LST-4 შეუერთდა. სხვადასხვა მიმართულებიდან ერთი და იმავე ატმოსფერული (ნაწილაკების) წვიმის ერთობლივი დაკვირვება მკვლევრებს საშუალებას მისცემს, უფრო ზუსტად განსაზღვრონ გამა-გამოსხივების წყაროების მდებარეობა და ნაწილაკების ენერგია, აგრეთვე აღმოაჩინონ სუსტი სიგნალებიც.

 LST მასივი გახდება CTAO-ს ჩრდილოეთის მოედნის დაბალენერგიული ნაწილი. სამომავლოდ ის იმუშავებს ობსერვატორიის სხვა ტელესკოპებთან ერთად, რომელსაც აშენებენ ორ მოედანზე – ლა-პალმაზე და ჩილეს ატაკამის უდაბნოში. პროექტი ჯამში სხვადასხვა ტიპის 60-ზე მეტ ტელესკოპს ითვალისწინებს (ობსერვატორია H.E.S.S. ცას მაღალენერგიულ დიაპაზონში იკვლევს; ჩერენკოვის გამოსხივება; ტელესკოპი H.E.S.S. II).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.