SS 433 – უნიკალური სისტემა, პირველი მიკროკვაზარი

 SS 433, რენტგენის დიაპაზონში მასხივებელი დაბნელებადი ორმაგი სისტემაა. მისი ერთ-ერთი კომპონენტი ჩვეულებრივი ვარსკვლავია, მეორე კი – შავი ხვრელი, ან, რაც ნაკლებად შესაძლებელია – ნეიტრონული ვარსკვლავი.

 სახელწოდება SS 433, მკვლევარების – ნიკოლას სანდიულიკისა და ბრიუს სთივენსონის გვარებიდან მომდინარეობს, რომლებმაც 1977 წელს ელვარე ემისიური ხაზების(საკვლევი ობიექტის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ინტენსივობა სიხშირეთა სკალაზე) მქონე ობიექტების კატალოგი შეადგინეს.

 SS 433 დაახლოებით 10 000 წლის წინათ აფეთქებული ზეახლის(W50) ნარჩენის შიგნით მდებარეობს(ნისლეული ლამანტინი). სისტემის კომპაქტური კომპონენტი, შავი ხვრელი ან ნეიტრონული ვარსკვლავი, ბირთვია კოლაფსირებული ვარსკვლავისა, რომელიც ზეახლად აფეთქდა და ნისლეული W50 წარმოქმნა. არწივის თანავარსკვლავედში მდებარე SS 433-მდე მანძილი 18 000 სინათლის წელია, ხილული ვარსკვლავური სიდიდით +14m, ის რადიოდიაპაზონშიც ასხივებს.

 ჩვეულებრივი ვარსკვლავი-კომპანიონის გაზი, კომპაქტურ ობიექტზე გადაედინება და მის გარშემო აკრეციულ დისკოს ქმნის. მაღალი სიჩქარით მბრუნავი დისკო ცხელდება და რენტგენში ასხივებს. მატერიის ნაწილი, კომპაქტური ობიექტის ბრუნვის ღერძის პარალელურად, ორი საპირისპიროდ მიმართული ჭავლების(ჯეტი) სახით ტოვებს სისტემას, სიჩქარით, რომელიც სინათლის სიჩქარის 26%-ს უტოლდება – 79 000 კმ/წმ.

 ჩვეულებრივ ვარსკვლავს, როგორც ჩანს, აფეთქებულ კომპანიონზე მცირე მასა ჰქონდა. სისტემის კომპანიონები მასის საერთო ცენტრის გარშემო 13,1 დღიანი პერიოდით ბრუნავს.

 ლამის სინათლის სიჩქარით(რელატივისტური) მოძრავი ელექტრონები, რენტგენის კვანტებთან ერთად, რკინის ატომების იონიზაციას ახდენს. ამის შედეგად, რკინის ბირთვში 26 ელექტრონის ნაცვლად რჩება 2 (ან 1). ასე, რკინის ატომები, ჰელიუმისა და წყალბადის მსგავს ატომებამდე იონიზირდება.

რენტგენისა და რადიო ტელესკოპების საშუალებით მიღებული გამოსახულება ისე კარგად არ გამოიყურება, როგორც მერე შელამაზებულ ანიმაციები.

 SS 433-ის სპექტრში წყალბადისა და ჰელიუმის ემისიური ხაზები იქნა აღმოჩენილი. ასევე, შედარებით მცირე წანაცვლებები 163 დღიანი პერიოდით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მატერია საპირისპირო მიმართულებებით მოძრაობს, სინათლის სხივის მეოთხედი სიჩქარით. სწორედ ასეთია სხვა სისტემბიდან გამოსხივებული ჭავლების სიჩქარეებიც(მიკროკვაზარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.