PMAS 2017: მარსი პოლონეთში

 ექვსი მოხალისე, სიმულირებულ მარსულ საცხოვრებელში ორ კვირას გაატარებს – მისია PMAS, 2017 წლის 19 მარტიდან, 1 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. მოდელური ანალოგის კვლევითი სადგური, სამხრეთ პოლონეთში, პროვინცია Rzepiennik Biskupi–ში მდებარეობს (spaceflightinsider.com).

 მისიის უმთავრესი მიზანია კვლევების ჩატარება, რომელთა შედეგად მიღებული მონაცემები მომავალში, მარსის ზედაპირზე მომუშავე ასტრონავტებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. საცხოვრებელში ყოფნის განმავლობაში, საცდელი ჯგუფის წევრები გეოლოგიაში, ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, აგროკულტურასა და ასტრონომიაში ბევრ სხვადასხვა ექსპერიმენტს ჩაატარებენ.

 ექსპერიმენტები და გამოთვლები სრული იზოლაციის პირობებში, ჰაბისა და მისი ახლო შემოგარენის პერიმეტრზე ჩატარდება. ჯგუფი ანგარიშვალდებული იქნება მისიის მხარდამჭერი ცენტრის წინაშე, რომელიც ჩრდილოეთ პოლონეთის ქალაქ ტორუნში, MARS–დან დაახლოებით 530 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

 “მისიის მხარდამჭერი ცენტრი ასტრონავტებს აუცილებელი ინფორმაციით უზრუნველყოფს და მათ ოპტიმიზებულ სამუშაო გრაფიკს ყოველდღიურად მიაწვდის, სადაც აღნიშნული იქნება, თუ რა ექსპერიმენტი ან აქტივობა უნდა ჩატარდეს, როდის და რამდენი ხნის განმავლობაში, რათა არ მოხდეს ჰაბის ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების გადაჭარბება. მაგალითად, ზედმეტი რაოდენობით არ დახარჯონ დღის განმავლობაში დაგროვებული ელექტროენერგია”. – ამბობს სებასტიან ჰეტრიჩი, PMAS 2017 პროექტის ხელმძღვანელი და მისიის დირექტორი, ჟურნალ SpaceFlight Insiderთან ინტერვიუში.

 PMAS 2017 კოსმოსური თაობის მრჩეველთა საბჭოს (Space Generation Advisory Council – SGAC) მიერ იმართება და მას მხარს უჭერს გაეროს კოსმოსური გამოყენებითი მეცნიერებების პროგრამა. მასში შემავალი კოსმოსური თაობის მრჩეველთა საბჭო – SGAC, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციების გლობალური ქსელია, სადაც გაეროს კოსმოსის ათვისების პროგრამაში მონაწილე  უნივერსიტეტის სტუდენტები, კოსმოსური სააგენტოები, საწარმოები და აკადემიური სტრუქტურები არიან ჩართული.

marsonavt-polon-1MARS–ის ლაბორატორიის პირველი მისიის სამი ასტრონავტი.

 კოსმოსური თაობის მრჩეველთა საბჭოს (SGAC) მიაჩნია, რომ PMAS 2017 უნიკალურია და ყველა სხვა მარსის ანალოგების სიმულაციისაგან იმით გამოირჩევა, რომ აქ ჩატარებული კვლევები, რთულ პირობებში ადამიანისა და რობოტების თანამშრომლობაზე იქნება ფოკუსირებული. ადამიანების მიერ წითელი პლანეტის გამოკვლევა გულისხმობს, რომ მომავლის ექსპერიმენტებსა და სხვა აქტივობებში რობოტებს, ადამიანებზე არანაკლები როლი ენიჭება. ამრიგად, ორკვირიანი ღონისძიების განმავლობაში, მონაწილეები მრავალ ურთულეს ტექნოლოგიურ სისტემას გამოიყენებენ და გამოცდიან, როგორიცაა, მაგალითად, ყველგანმავლებსა და სხვა მობილურ სისტემებზე დაყენებული კამერები, ან – საკოორდინაციო სისტემები, რომლებსაც მარსის ზედაპირზე გადაადგილებისა და ორიენტაციისათვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

 ჰეტრიჩის თქმით, მისიაში ყოფნა ასტრონავტებითვის ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკია, იმ განსხვავებით, რომ მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთად მოუწევთ ცხოვრება: “ასტრონავტები გაღვიძებისთანავე საუზმეს მიირთმევენ და მთელი დღის გრაფიკს დაწვრილებით გაწერენ, შემდეგ, სამეცნიერო ექსპერიმენტებს შეუდგებიან.” – ამბობს ჰეტრიჩი. – “ექვსი მონაწილიდან სამი, სატრანსპორტო და სხვა აქტივობებს გარეთ განახორციელებს, ხოლო დანარჩენი სამი კი ჰაბში დარჩება და კომუნიკაციას უზრუნველყოფს, მათ შორის – საცხოვრებელი გარემოს მართვას, შეგროვებული მასალის ლაბორატორიულ ანალიზს და სხვა.”

 ასტრონავტები გარე სამყაროს 15 წუთიანი დაგვიანებით დაუკავშირდებიან – სწორედ ასეთი სახის იქნება კომუნიკაცია, მარსსა და დედამიწას შორის არსებული უდიდესი მანძილის გამო.

 PMAS 2017–ის ფარგლებში, მთვარეზე ყოფნის სამდღიანი სიმულაციაც განხორციელდება. ამ ღონისძიების ორგანიზატორია ევროპის კოსმოსური სააგენტო – ESA(European Space Agency).

 PMAS 2017–ის ფარგლებში, დაწვრილებით შეისწავლება ექსტრემალური ფსიქოლოგიური დატვირთვისა და სტრესის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ღრმა კოსმოსში მყოფ ასტრონავტებზე ისეთი გავლენა იქონიოს, რომ მთელ მისიას შეუქმნას საფრთხე: სრულ იზოლაციაში მყოფი ექსპერიმენტული ჯგუფის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობათა მონიტორინგი, მეცნიერებს მოსალოდნელი ფსიქოლოგიური დაბრკოლებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.

“იქნებ ვინმე კიდევაც შეაშფოთოს იდეამ, რომ პატარა ჰაბში, ხუთ უცხო ადამიანთან ერთად და სოციალური მედიის გარეშე, ხანგრძლივ იზოლაციაში უნდა იცხოვროს, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს გართობის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ ერთი სული მაქვს, სანამ სხვებს შევხვდები.” – ამბობს იელ კაისელი, PMAS 2017-ის ერთ–ერთი ასტრონავტი.

 ჰეტრიჩის აზრით, პატარა ჰაბში იზოლირება რთულია და ჩვეულებრივ პირობებში განვითარებული ურთიერთობებისაგან მკვეთრად განსხვავდება. გარე სამყაროსთან კომუნიკაციის არარსებობა კი პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს: “ორ ასტრონავტს შორის დაძაბულობა ისეთი ელემენტარული საკითხის გამო შეიძლება წარმოიქმნას, როგორიცაა, მაგალითად, სხვადასხვა მიდგომა ნიმუშის ანალიზისადმი; ან, როგორც სიმულაციური და ნამდვილი მისიების დროს არაერთხელ მომხდარა, მთელი კვლევითი ჯგუფი მისიის მხარდამჭერ ცენტრს შეიძლება “აუჯანყდეს.” – ამბობს ჰეტრიჩი.

 PMAS 2017–ის პროექტი, ამჟამად, თანხების მოძიების ეტაპზე იმყოფება; კამპანია Indiegogo –ზე მიმდინარეობს და საბოლოო მიზანი, გაზაფხულამდე 30 000 დოლარის მოპოვებაა (მარსზე ცხოვრებამ შეიძლება ჭკუიდან გადაგვიყვანოს?; მეცნიერებმა მარსის სათბურის პროტოტიპი უკვე ააგეს; ბოსტნეული მარსის კოლონიზატორებისთვის; მარსისკენ მოგზაურობა მოსაწყენი საქმეა… ).

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.