MAVEN-ი მარსისკენ ორშაბათს გაფრინდება

 წითელი პლანეტის ატმოსფეროს საკვლევი NASA-ს კიდევ ერთი ზონდი სტარტისთვის ემზადება, რომელიც 18 ნოემბერს უნდა განხორციელდეს.  MAVEN – მარსის ატმოსფეროსა და აქროლადი ნივთიერებების ევოლუცია. მან უნდა გაარკვიოს, როგორ გადაიქცა თბილი და ნოტიო პლანეტა ცივ უდაბნოდ, როგორიც ახლაა.

 ზონდს რაკეტა-მატარებელი ”ატლას 5” გაიყვანს, საჰაერო ძალების სადგურიდან ფლორიდაში. MAVEN-ი მარსს დაახლოებით 10 თვის მერე მიაღწევს. ზონდი, რომელიც 2454 კილოგრამს იწონის, წითელი პლანეტის გარშემო ელიფსურ ორბიტზე, 2014 წლის სექტემბერში ავტომატურად გავა.

 671 მილიონი დოლარის ღირებულების ზონდი მარსის ატმოსფროს ზედა ფენებს გამოიკვლევს. მეცნიერები ცდილობენ დადგინონ, რატომ და როგორ დაკარგა პლანეტამ ატმოსფერო, რომლის სიმკვრივე ახლა დედამიწის ატმოსფეროს მხოლოდ ერთ პროცენტს უტოლდება.

 ”ატმოსფეროს ორი მიმართულებით შეეძლო ”წასვლა”, ქანებში, ან ზედა ფენების გავლით კოსმოსში. მიზეზი მზის ქარიც შეიძლება იყო, ან რაიმე სხვა მექანიზმებიც” – ამბობს მისიის ხელმძღვანელი ბრიუს იაკოვსკი.

 ამ ყველაფრის გამოსარკვევად აპარატზე 8 მოწყობილობაა დამონტაჟბული, რომლებიც ინსტრუმენტთა სამ ნაკრებში შედიან. მზიური ქარის(მაგნიტური ველი – პლანეტის ეფექტური დამცველი) შემადგენელი ნაწილაკებისა და ელექტრონების საკვლევი მოწყობილობის ჩათვლით. დანარჩნი ინსტრუმენტები ატმოსფეროს გამოიკვლევენ.

 დათქმული თარიღის გარდა, გათვალისწინებულია ”ჩარჩო” – 18 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით. თუ ამ ინტერვალში სტარტი ვერ განხორციელდა, შემდეგ ხელსაყრელ მომენტს 2 წელი უნდა ველოდოთ, სანამ მარსი და დედამიწა ისევ ერთ ხაზზე დადგებიან, აცხადებს NASA(ინდოეთი: წარმატებული დასაწყისი; მარსის ორბიტალური მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.