“Curiosity” სიცოცხლის ნიშნების აღმოსაჩენად გაემგზავრა

შაბათს, 26 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 10.02 -ზე, კანავერალის კონცხიდან სტარტი აიღო რაკეტა-მატარებელმა “Atlas V”, რომელმაც მსუბუქი მანქანის ზომის მარსმავალი “Curiosity” დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა. წარმატებული სეპარაციის შემდეგ MSL – მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის მოდული, მარსმავალთან ერთად, წითელი პლანეტისკენ გაფრინდა.
MSL – “Curiosity” 8 ½ თვის განმავლობაში 567 მლნ კილომეტრს გადალახავს და 2012 წლის 6 აგვისტოს პლანეტა მარსის ზედაპირზე, კრატერ გეილის ახლოს დაეშვება. 2-წლიანი კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს, იყო თუ არა შერჩეულ ადგილას ოდესმე მიკრობული სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირობები და, ამასთან, არის თუ არა შემორჩენილი რაიმე სახის სიცოცხლის ორგანული კვალი.
გეილის კრატერი მარსის ორბიტერიდან მიღებული გრუნტის ანალიზების საფუძველზე იყო შერჩეული – ამ ადგილას თიხა და სულფატები იქნა აღმოჩენილი, რაც შორეულ წარსულში ოკეანის არსებობაზე მიუთითებს. ადგილობრივი ლანდშაფტი მდიდარია კომპლექსური გეოგრაფიული წარმონაქმნებით, რაც მარსმავალის მისიას დამატებით სირთულეებს შეუქმნის.

სამეცნიერო ლაბორატორია ყველა თავისი წინამორბედი მარსმავალისა და ლენდერის მისიას შეასრულებს, თუმცა ანალიზებისათვის რადიკალურად განსხვავებულ მეთოდებს გამოიყენებს: მისი მექანიკური მკლავი ბურღით და კოლექტორითაა აღჭურვილი, რაც მას საშუალებას მისცემს ნიმუშები გრუნტისა და ლოდების ღრმა ფენებიდან შეაგროვოს. 10 სამეცნიერო ინსტრუმენტის მატარებელი მარსმავალი ”სპირიტ”-სა და ”ოპორტუნიტი”-ზე 5-ჯერ უფრო მძიმეა და ზომითაც თითოეულს თითქმის 2-ჯერ აღემატება. ამ მიზეზით, მისი დაშვება მარსის ზედაპირზე ბალიშების გამოყენებით შეუძლებელია. NASA-მ ამ მიზნით მცირე სარაკეტო ძრავების მეშვეობით პიკირების ინოვაციური სისტემა შეიმუშავა.
”ფრენის ტრაექტორიის პირველი კორექცია 2 კვირაში განხორციელდება” -განაცხადა პროექტის მენეჯერმა პიტერ თისინგერმა. – ”მძიმე ტექნიკის ინოვაციური დაშვება იმ მანევრების შემუშავების საშუალებას მოგვცემს, რაც მომავალში მარსზე პილოტირებული მისიის განხორციელებისათვის იქნება საჭირო”.
”ცნობისმოყვარეობა”-ზე დამონტაჟებული ხელსაწყოები წითელი პლანეტის ზედაპირზე შემოსული რადიაციის ინტენსიობას და ატმოსფერულ პარამეტრებს ხელახლა შეისწავლის. მიღებული მონაცემები კი მომავალი ასტრონავტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას უზრუნველყოფს.

მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ : http://www.nasa.gov/msl და http://marsprogram.jpl.nasa.gov/msl/ .

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.