3D-პრინტერით აშენებული მარსის სიმულაციური სადგური

 NASA-სთან გაფორმებულ კონტრაქტზე დაყრდნობით, სამშენებლო კომპანია ICON და დიზაინერული ფირმა BIG-Bjarke Ingels Group მარსის სიმულაციურ სადგურს აგებენ. მარსზე ასტრონავტების საცხოვრებელი კორპუსი, სახელად Mars Dune Alpha, 3D-პრინტერით იბეჭდება ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში (ჰიუსტონი, ტექსასი). სადგურის საერთო ფართობი 520 კვადრატული მეტრი იქნება და ის, მარსზე ხანგრძლივი საკაცობრიო მისიების შესწავლისთვისაა განკუთვნილი.

3D-პრინტერით აშენებული მარსის სიმულაციური სადგური. რენდერინგი (BIG / ICON / NASA).
3D-პრინტერით აშენებული მარსის სიმულაციური სადგური მარსზე, ნახატი (BIG / ICON / NASA).

 სადგური მცირე საცხოვრებელი კორპუსის პროტოტიპია, სადაც  პირადი სივრცეებიცაა გათვალისწინებული: შენობის ერთ ბოლოს ოთხი ბინაა, მეორე მხარე კი ოფისებს, ფერმებს და სამედიცინო-გამაჯანსაღებელ განყოფილებებს მოიცავს. მონოტონურობის თავიდან ასაცილებლად, თითოეული სექტორის შიგნით, ჭერისა და კედლების მოხაზულობები განსხვავდება. აუცილებელი სექტორების გარდა, ოთახებში არსებული ყველა ავეჯი და ნივთი მოძრავია, რაც ბინის მფლობელს საშუალებას აძლევს ყველაფერი თავისი გემოვნებით განალაგოს. სრულად რეგულირებადია. აგრეთვე, განათება, ტემპერატურა, ხმაურის დონე, ძილ-ღვიძილის (ცირკადული) რიტმი.

3D-პრინტერით აშენებული მარსის სიმულაციური სადგურის შიდა დაგეგმარება (BIG / ICON / NASA).

 ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, საცხოვრებელი მოდულის სამგანზომილებიანი ბეჭდვა კომპანია ICON-ის ვულკანური კონსტრუქციული სისტემის პრინტერით ხორციელდება. 2022 წლის შემოდგომისთვის ის სრულ მზადყოფნაში იქნება პირველი საცდელი ეკიპაჟის მისაღებად. სტრუქტურაში მომავალი ასტრონავტების ქცევას, ჯანმრთელობას, კვებისა და გართობის აუცილებელ და სასურველ ელემენტებს შეისწავლიან. პროექტის ხელმძღვანელია NASA-ს ეკიპაჟის ჯანმრთელობისა და მოქმედებების ანალოგების კვლევითი პროგრამა – CHAPEA (Crew Health and Performance Exploration Analog).

მარსის სიმულაციური სადგურის პირველი პროტოტიპი, რომელიც NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, კომპანია ICON-ის 3D-პრინტერით იბეჭდება. ფოტო (BIG / ICON / NASA).

 პროგრამა CHAPEA-ს ფარგლებში, მარსის ზედაპირზე ცხოვრების სამი ერთწლიანი სიმულაცია განხორციელდება. მიღებული ინფორმაციისა და ტექნიკური მონაცემების საფუძველზე NASA მარსის ხანრგძლივი საკაცობრიო მისიების დროს წარმოქმნილ სავარაუდო რისკებს შეაფასებს. Mars Dune Alpha-ში 3D-პრინტერით აშენებული კონსტრუქციების საიმედოობასაც შეაფასებენ – აქ იგულისხმება რყევებისა და ქარებისადმი გამძლეობა, აირგამტარობა, ტემპერატურისა და წნევის შენარჩუნების უნარი, რადიაციისაგან დაცვა და გამოყენების ხანგრძლივობა. თუ ამ კონსტრუქციებმა გაამართლა, საკაცობრიო კოსმოსური მისიებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების რაოდენობა და დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.

3D-პრინტერით აშენებული მარსის სიმულაციური სადგურის პირველი პროტოტიპის კედლების სტრუქტურა. ფოტო: BIG / ICON / NASA.

 “NASA-სთან და ICON-თან ერთად, უცხო პლანეტაზე კაცობრიობის მომავალს გამოვიკვლევთ” – ამბობს ბიარკე ინგელსი, კომპანია BIG -ის დირექტორი. – ”მარსზე პირველი სადგურების აშენებით ჩვენ მარსულ დასახლებებს ჩავუყრით საფუძველს და მრავალპლანეტური სახეობები გავხდებით.”

ფოტო: BIG / ICON / NASA.

 კომპანია ICON-ს შენობების სამგანზომილებიანი ბეჭდვის დიდი გამოცდილება აქვს, კერძოდ, ტექსასის შტატში მას 20-მდე სტრუქტურა აქვს აშენებული, რომელიც მექსიკელი ლტოლვილების მცირე დასახლების დაარსებისთვის გამოიყენეს. ახლახანს კომპანიამ ტექსასში 3D-პრინტერით შექმნილი სახლების მშენებლობა წამოიწყო, დასავლეთ ოსტინში ოთხი შენობის ბეჭდვა უკვე დასრულდა. ახლა, კომპანია SEArch+ -თან ერთად მთვარის დასახლებადი სისტემების მშენებლობაზე აპირებს განაცხადის გაკეთებას.

3D-პრინტერით აშენებული სიმულაციური სადგურების საექსპერიმენტო მშენებლობებისთვის NASA-ში სპეციალური ანგარი გამოიყოფა. რენდერინგი: BIG / ICON / NASA.

 რაც შეეხება დედამიწას, მსოფლიო მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროში უკვე გამოიკვეთა 3D-პრინტერით შექმნილი შედევრები, როგორიცაა მსოფლიოში პირველი დაბეჭდილი ბეტონის ხიდი და ფოლადის ხიდი, აგრეთვე ფიბონაჩის სახლი, რომელიც 3-განზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ნაწილებითაა აგებული. კომპანია Denizen-მა ახლახანს გამოაჩინა დაბეჭდილი საოფისე სივრცე, ხოლო კომპანიამ ”Habitat for Humanity” პირველი 3D-დაბეჭდილი კორპუსის აგება დაიწყო, რაც მსოფლიოში იაფფასიანი სახლების მშენებლობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.