როგორ მუშაობს ტელესკოპი

 ტელესკოპი არ ადიდებს ობიექტების გამოსახულებას, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ მათგან წამოსულ სინათლეს აგროვებს. რაც უფრო დიდია ტელესკოპის სინათლის შემკრები მთავარი ელემენტის (ლინზა ან სარკე) დიამეტრი, მით მეტ სინათლეს აგროვებს იგი.  მნიშვნელოვანია, რომ სწორედ შეგროვილი სხივების საერთო რაოდენობაზეა დამოკიდებული დანახულის დეტალიზაცის დონე, იქნება ეს შორეული ლანდშაფტი თუ სატურნის რგოლები. გადიდება, ანუ ტელესკოპის ძალაც მნიშვნელოვანი მონაცემია, თუმცა ობიექტების დეტალიზაციაზე ის დიდ გავლენას ვერ ახდენს.

 აც უფრო დიდია შუქშემკრები ელემენტი, მით მეტია გამოსახულების სიმკვეთრე და დეტალიზაცია. ადამიანის თვალიც ზუსტად ასეა მოწყობილი, თუმცა თვალის ბუნებრივი ლინზის ზომა გაცილებით მცირეა ნებისმიერი დაბალი სიმძლავრის ტელესკოპის ლინზაზე. რაიმე ობიექტიდან გამოსხივებული ან არეკლილი სინათლე ყველა მიმართულებით ვრცელდება, ტელესკოპი კი ამ ანარეკლს აგროვებს და ერთ წერტილში მიმართავს.

რეფრაქტორი


 არსებობს სამი ძირითადი ტიპის ტელესკოპი – ლინზიანი, სარკიანი და სარკე-ლინზიანი ტელესკოპი.

 სინათლის სხივების გარდამტეხი ტელესკოპი, ანუ რეფრაქტორი. სინათლის მთავარი შემკრები ელემენტი ამ შემთხვევაში არის ლინზა (გამადიდებელი). ლინზების დიამეტრი შეზღუდულია (ყველაზე დიდი 101 სმ.), რადგან სქელი ლინზა თვითონვე შთანთქავს ძალიან ბევრ სინათლეს.

 რეფლექტორი

 ყველაზე გავრცელებულია ჩაზნექილ სარკიანი ტელესკოპი, ანუ რეფლექტორი. ის პოპულარულია მოყვარულთა შორისაც, რადგან არ არის ძვირი. ეს არის ამრეკლი ტელესკოპი, მასში სინათლის შეგროვება და გამოსახულების ფორმირება ხდება ჩაზნექილი მთავარი სარკით, ხოლო მეორედი პატარა კი შეგროვილ სინათლეს თვალისკენ მიმართავს. სარკიანი ტელესკოპებით შესაძლებელია კვლევების ჩატარება ინფრაწითელ დიაპაზონშიც. ამ დიაპაზონში მუშაობს ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპიც. ეს გამოსხივება ადვილად გადის კოსმოსური ნესლეულების სქელ ფენებში და მათ უკან დამალული ობიექტების დანახვის საშუალებას გვაძლევს.

კოსმოსური ტელესკოპი ”ჯეიმს ვები”(NASA).

 “ჯეიმს ვების” მთავარი სარკე არ არის მთლიანი, ის მცირე სარკეებისაგან (18 ცალი) შედგება და მათი საერთო დიამეტრი 6,5 მეტრია.

 ტელესკოპი არსებობს თხევადი სარკითაც. “დიდი საზენიტო ტელესკოპის” მშენებლობა 2003 წელს დასრულდა. ის მდებარეობს კანადაში და ზომით მესამე ოპტიკური მოწყობილობაა ჩრდილოეთ ამერიკაში. სარკის ზომა 6 მეტრია, მასა კი 3 ტონა. იმისათის, რომ სითხემ პარაბოლური ფორმა მიიღოს, ჭურჭელს გარკვეული სიჩქარით ატრიალებენ, ხოლო ფოკუსურ მანძილს სარკის მორაობით ასწორებენ, ის ჰაერის ბალიშებს უჭირავს.

რადიოტელესკოპი

 რადიოტელესკოპის მუშაობის პრინციპიც იგივეა. აქ, ამრეკლი ლითონის ზედაპირი გაცილებით დიდია, ვიდრე ოპტიკური ტელესკოპის სარკის ან ლინზის. მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიო ტელესკოპის დიამეტრი 500 მეტრია (ჩინეთი), მეორე ადგილოსანი კი არესიბოს რადიოტელესკოპი იყო (პუარტერიკო) – 300 მეტრი.

 არესიბოს ტელესკოპი თავისი ზომის გამო, ჩამქრალი ვულკანის კრატერში იყო უძრავად ჩამონტაჟებული, მისი რომელიმე ობიექტისკენ მიმართვა შეუძლებელია, დედამიწასთან ერთად ტრიალებდა და იქედან იღებდა სიგნალს, საითკენაც იყო მიბრუნებული იმ მომენტისთვის დედამიწა (ამ ტელესკოპზე მუშაობდა პროგრამა SETI-ც, არამიწიერი ცივილიზაციებისაგან გამოგზავნილი სიგნალების ძებნა) (არესიბოს ტელესკოპი ჩამოიშალა).

ინტერფერომეტრი

 ბრუნვის პრობლემის გადაწყვეტა ე.წ. ინტერფერომეტრი ტელესკოპის საშუალებით მოხერხდა. ასეთი ტელესკოპი მრავალი ერთნაირი (არ არის აუცილებელი) პატარა რეფლექტორისგან შედგება, რომლებიც ერთ საერთო მიმღებთან არის მიერთებული. რეფლექტორების ზუსტ შებრუნებას კომპიუტერი აკონტროლებს.

 არსებობს აგრეთვე რენტგენის (ყველაზე ცნობილი კოსმოსური ობსერვატორია “ჩანდრა“), გამა, რელიქტური (cobe, wmap, “პლანკი“) გამოსხივებისა და ნეიტრინული (მიწისქვეშა) ობსერვატორიებიც. ასევე, გრავიტაციული ტალღების ლაზერული ინტერფერომეტრიის ობსერვატორიები – LIGO (აშშ), VIRGO (საფრანგეთი, იტალია), KAGRA (იაპონია).

2 comments

  1. უკაცრავად დაახლოებით რამდენი ე.წ Zoomi არის საჭირო ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად . აი ყველა ტელესკოპს ხო აქ მაგ: 40x zoomi და ა.ს.შ . რამდენჯერ საჭიროებს გადიდებას რო დავინახო ვარსკვლავები და და ვაკვირდე მათ . ვაპირებ ყიდვას და მაინტერესებს

  2. იხილეთ საიტზე “ვიყიდო თუ არა ტელესკოპი”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.