წინა სამყაროების კვალი?

 მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც 2014 წელს ექსპერიმენტ BICEP-2-ით მიღებული მონაცემების დამუშავებით არის დაკავებული, ამტკიცებს, რომ მათ წინა სამყაროების კვალი იპოვეს, რომლებიც სივრცის ამ ნაწილში დიდ აფეთქებამდე არსებობდა. ეს კვლები იმ შავი ხვრელების გამოსხივების ეფექტია, რომლებიც ძველ სამყაროებში არსებობდა და ერთ-ერთი არსებული თეორიის ჩარჩოებშიც კარგად ჯდება, მას კონფორმული ციკლური კოსმოლოგია ეწოდება (conformal cyclic cosmology, CCC).

 CCC-ს მიხედვით, ჩვენი სამყარო არა ერთეული დიდი აფეთქების შედეგად დაიბადა (რა არის დიდი აფეთქება?), არამედ აფეთქება-გაფართოება-შეკუმშვის მუდმივ ციკლებს გადის. ბუნებრივია, ყველაფერი მანამდე არსებული, შემდეგი აფეთქების დროს ნადგურდება, თუმცა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზოგიერთ სახეობას “ახალი დაბადების” პროცესის გადატანა შეუძლია.

 “ის, რასაც ახლა ვხედავთ, წინა სამყაროებში არსებული შავი ხვრელების გამოძახილია, რომლებიც ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ აორთქლდა. ეს კვალი ე.წ. ჰოკინგის წერტილებია, დაკავშირებული ამ მეცნიერის მიერვე აღმოჩენილ ეფექტთან. ჰოკინგის გამოსხივების ზოგიერთი უნიკალური თვისება, ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლის საშუალებას აძლევს მას” – ამბობს როჯერ პენროუზი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი ოქსფორდიდან, CCC-ს ერთ-ერთი ავტორი.

 ჰოკინგის წერტილები, რელიქტურ კოსმოსურ გამოსხივებაში დაიმზირება, გამოსხივებაში, რომელიც დიდი აფეთქებისას გაჩნდა – მიკროტალღური ფონური გამოსხივება (cosmic microwave background, CMB). თეორიის მიხედვით, ეს წერტილები მიკროტალღური ფონის რუკაზე წრეების სახით უნდა წარმოგვიდგეს. გამოსხივების პოლარიზაციის ასეთ წრეებსა და ხვეულებს მეცნიერები B-მოუდს (B-modes) უწოდებენ.

რელიქტური გამოსხივების პოლარიზაციის B-მოუდსის გრადიენტები რელიქტური გამოსხივების რუკაზე.

 ადრე ითვლებოდა, რომ რელიქტური გამოსხივების რუკაზე გამოვლენილი ანომალური წრეები, ვარსკვლავთშორისი მტვრის გროვების გრავიტაციული ტალღებით იყო წარმოქმნილი. როჯერ პენროუზი და მისი კოლეგები კი ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული თეორია საუკეთესოდ ხსნის ამას და ჰოკინგის ერთი წერტილი, რომლის პარამეტრები ამ თეორიაში თავიდან ბოლომდე კარგად ეწერება, BICEP-2-ით შედგენილ რუკაზე უკვე აღმოაჩინეს (გრავიტაციული ტალღები თუ მტვერი?!). 

 “კოსმოლოგიური ინფლაციის თვალსაწიერიდან, ამ წერტილების არსებობა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, არა კონფორმული ციკლური კოსმოლოგიისთვის. წინა სამყაროს შეკუმშვის დროს, შავი ხვრელების სინგულარობამ კვალი ახალ სამყაროშიც დატოვა” – ამბობენ მეცნიერები (უცნაური სინგულარობა).

 სხვა თეორიების მსგავსად, კონფორმულ ციკლურ კოსმოლოგიასაც აქვს თავისი ნაკლოვანებები და წინააღმდეგობები. დამზერით მიღებული მონაცემების მეტი ნაწილი იმაზე მეტყველებს, რომ სამყარო აჩქარებით ფართოვდება, პროცესის შეჩერებისა და შეკუმშვის დაწყბისთვის საჭირო სიმკვრივე კი მას არ გააჩნია (სამყაროს გაფართოების შესახებ; სამყაროს შემადგენელი ჩვეულებრივი მატერიის დანაკლისის პრობლემა).

ჰოკინგის გამოსხივების ილუსტრაცია.

 გარდა ამისა, ჰოკინგის გამოსხივებაც აღმოსაჩენია, მით უმეტეს – ჰოკინგის წერტილები. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი, სანამ კონფორმული ციკლური კოსმოლოგია პრაქტიკულ მტკიცებულებებს მიიღებს, რაც იმის თქმის საფუძველს მოგვცემს, რომ წინა სამყაროების არსებობის დამამტკიცებელი ფაქტები ნამდვილად არსებობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.