ცერესიდან წყალი ორთქლდება

 ცერესი ჯერ პლანეტად ითვლებოდა, შემდეგ ასტეროიდად, ახლა კი ჯუჯა პლანეტაა – მთავარი ასტეროიდული სარტყელის ზომითა და მასით ყველაზე დიდი ობიექტი. მისი დიამეტრი დაახლოებით 950 კილომეტრს შეადგენს(ESA).

 ითვლება, რომ ცერესს არაერთგვაროვანი სტრუქტურა გააჩნია: მისი კლდოვანი ბირთვი ყინულოვანი გარე ფენით არის დაფარული. ასტეროიდულ სარტყელში წყლის არსებობა, მზის სისტემის წარმოქნის ერთ-ერთი თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს.

 დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინათ, მზის სისტემა ძალიან ცხელი ადგილი იყო და წყალს მის შინაგან რეგიონებში კონდენსირება არ შეეძლო, ანუ იქ, სადაც მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი მდებარეობენ. ალბათ, წყალი ამ პლანეტებზე გაცილებით გვიან მოხვდა, დაახლოებით 3,8 მლრდ. წლის წინათ, ყინულოვანი კომეტებითა და ასტეროიდებით ინტენსიური ბომბარდირების შედეგად. კომეტების ბირთვებში წყლის არსებობა დაკვირვებებით არის დამტკიცებული, ხოლო წყლის ორთქლის უშუალოდ ასტეროიდზე აღმოჩენა პირველად მოხერხდა.

 ასტრონომებმა, რომლებიც „ჰერშელიდან“ მიღებულ მონაცემებს სწავლობდნენ, წყლისათვის დამახასიათებელი სპექტრული ხაზები დააფიქსირეს, ინფრაწითელი დიაპაზონის შორეულ ნაწილში – 535 მიკრომეტრი. ცერესის 9 საათიანი დღე-ღამური პერიოდის განმავლობაში სიგნალის დონის რყევის მიხედვით, მეცნიერებმა ორთქლის ორი წყაროს ადგილები გამოავლინეს. ეს არის წერტილები, სადაც ყინულის სუბლიმაცია ხდება(ყინულის პირდაპირ ორთქლად გადაქცევა, თხევადი ფაზის გარეშე), ან კრიოვულკანებია(ახალმა ჰიპოთეზამ ტიტანი კრიოვულკანების გარეშე დატოვა).

gantiadi ორთქლის წყაროები განლაგებულია რეგიონებში, რომლებიც დანარჩნ ზედაპირზე 5%-ით ბნელია, შესაბამისად, მზიური ენერგიის მეტ რაოდენობას შთანთქავენ. ტემპერატურის მატებაც ამით უნდა იყოს გამოწვეული, რაც წყლის ორთქლის წარმოქმნას იწვევს, მეცნიერთა შეფასებით, დაახლოებით 6 კილოგრამი წამში.

 2015 წელს ცერესთან ავტომატური ზონდი „განთიადი“ მივა, რომელიც ამ ჯუჯა პლანეტის ზედაპირის დეტალურ რუკას შეადგენს და მის ზედაპირზე მიმდინარე პროცესების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.